¹3კ-734-02 26 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 3 ივლისს ჟ. ძ-ძემ გ. ც-შვილის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1998წ. აგვისტოში ყოველთვიურად 20% სარგებლის გადახდით. 400 ლარი ასესხა მოპასუხეს. მოპასუხემ დაუბრუნა მხოლოდ 180 ლარი. მას გასესხებული 400 ლარი სესხად ჰქონდა აღებული ბანკიდან, სადაც ერიცხებოდა პროცენტები და განიცდიდა ზარალს. 2000წ. სექტემბერში მოსარჩელემ მისგან კვლავ ისესხა 100 აშშ დოლარი და 100 ლარი. მოპასუხემ სესხი არ დაუბრუნა, ამიტომ მან მოითხოვა 1998 წელს გასესხებული 400 ლარის სანაცვლოდ ინფლაციის გათვალისწინებით 611 ლარის, ბანკიდან აღებული ვალის პროცენტების _ 700 ლარის, 2000 წელს გასესხებული 100 აშშ დოლარისა და 100 ლარის დაბრუნება.
საქმის არსებითად განხილვის დროს მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და საერთო ჯამში მოითხოვა 1998წ. აგვისტოს გაცემული სესხის _ 400 ლარის, მისი პროცენტის _ 560 ლარის, 2000წ. გაცემული სესხის _ 100 აშშ დოლარისა და 100 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელისაგან სესხი არ აუღია და მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს სესხად აღებული 400 ლარის ნაცვლად, კურსის დაცემის გამო, გადასახდელად დაეკისრა 691 ლარის და 400 ლარის, 35 თვის გადაუხდელი პროცენტი, ყოველთვიურად 4%-ის ფარგლებში _ 320 ლარის ოდენობით, სულ _ 1011 ლარი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პქლატის 2002წ. 14 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი: გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა 220 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე (რაც შემდეგ წერილობითი მტკიცებულებითაც დადასტურდა) 1998წ. აგვისტოში ყოველთვიურად 20%-ის დაქვითვით ასესხა 400 ლარი. მოპასუხემ მოსარჩეს დაუბრუნა მხოლოდ 180 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის საფუძველზე მიუთითა, რომ ვინაიადან მოცემულ სესხზე დაწესებული პროცენტი სცილდებოდა ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დადგენილ საპროცენტო განაკვეთის ზღვრულ ოდენობას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 55-ე მუხლის პირველი ნაწილის, 62-ე, 384-ე და 625-ე მუხლების საფუძველზე ბათილი იყო.
აქედან გამომდინარე, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადახდილი 180 ლარი სესხად აღიარებული 400 ლარის ძირითადი თანხის ანგარიშში ჩათვალა და მიიჩნა, რომ მოპასუხეს გადასახდელად ჰქონდა დარჩენილი 220 ლარი, რაც გადასახდელად დააკისრა მას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, სესხზე დაერიცხა 4%, ვინაიდან ამის მოთხოვნა მოსარჩელეს არ დაუფიქსირებია და საქმეში არ არსებობდა რა მონაცემები ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული პროცენტის ზღვრული ოდენობისა, სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, გასცდენოდა მხარის მოთხოვნას და მოსარჩელისათვის მიეკუთვნებინა ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა იმ პირობებში, როცა მხარე გარიგების დადების დროს სარგებლობს მეორე მხარის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, არღვევს ზნეობის ნორმებს, ასეთი მხარის მიმართ სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, ჯერ ბათილად ეცნო პროცენტის ნაწილში გარიგება და ამის შემდეგ თავისი ინიციატივით დაენიშნა სახელშეკრულებო პერიოდისათვის არსებულ ეროვნულ ბანკის ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ პროცენტის ზღვრული ოდენობა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება ლარის კურსის დაცემის შესახებ და მიუთითა, რომ სამოქალქო კოდექსის 389-ე მუხლის შესაბამისად მოვალე ვალდებული იყო, დაებრუნებინა ფულის ნიშნის იგივე რაოდენობა, რამდენიც სესხად მიიღო.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, მის მიერ ბანკიდან სესხის მიღების გამო, პროცენტის გადარიცხვით მიღებული ზიანის ანაზღაურების და 2000წ. გასესხებული 100 აშშ დოლარის და 100 ლარის დაბრუნების შესახებ.
2002წ. 10 მაისს ჟ. ძ-ძემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი.
სასამართლომ როცა დაადგინა, რომ სესხად გაცემული იყო 400 ლარი ყოველთვიურად 20%-ის დაქვითვით და ამასთან, მან სასამართლოშივე შეამცირა პროცენტის ოდენობა და სესხზე დასარიცხი პროცენტი შეამცირა 4%-მდე ანუ ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაწესებული პროცენტის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით გონივრულ შესაბამისობაში მოიყვანა მოთხოვნა, ბათილად არ უნდა ეცნო ხელშეკრულება პროცენტის ნაწილში, რადგან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში პროცენტის დაწესება არ წარმოადგენს არც მართლსაწინააღმდეგო და არც ზნეობის ნორმისათვის შეუსაბამო გარიგებას.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მოვალის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ან მისი გამოუცდელობის (გულუბრყვილობის) დამადასტურებელი მონაცემები. მისივე მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა სამოქალქო კოდექსის 389-ე მუხლი, როცა ინფლაციის გათვალისწინებით არ დააკისრა მოვალეს ვალის გადახდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი დამატებით სესხად გაცემული თანხის, 100 აშშ დოლარის და 100 ლარის დაბრუნების, ასევე ბანკიდან აღებული სესხის პროცენტის _ 700 ლარის ანაზღაურების ნაწილში. მოსარჩელეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და გადაწყვეტილება ამ ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.
ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და იგი კანონიერ ძალაში იყო შესული, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, ემსჯელა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ირგვლივ და თავის გადაწყვეტილებაში ესაბუთებინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ბანკიდან აღებული სესხის პროცენტის და 2000 წელს სესხის სახით დამატებით გაცემული 100 აშშ დოლარის და 100 ლარის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე უსაფუძვლო იყო, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირევლი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო საჩივარი წარდგენილი ჰქონდა მოწინააღმდეგე მხარეს და სააპელაცო საჩივარი მოითხოვდა გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და ინფლაციის გათვალისწინებით მას გადასახდელად დაეკისრა ძირითადი ვალი _ 1011 ლარი. ასეთი მოქმედებით სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს.
სწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით სესხად გაცემული ლარის უკან დაბრუნება გადაწყვიტა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის შესაბამისად მოვალე ვალდებული იყო, დაებრუნებინა იგივე რაოდენობის თანხა რაც სესხად იქნა გაცემული, ვინაიდან ლარს ინფლაცია არ განუცდია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია.
მითითებული მუხლი, მართალია, პროცენტის შესახებ ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებულ შეთანხმებას ბათილად მიიჩნევს, მაგრამ ამის მითითება როდი ნიშნავს იმას, რომ საერთოდ სესხის ხელშეკრულება ბათილია, ანდა ბათილია სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება.
სამოქალქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევევბისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად კი ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილის ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
მოცემულ შემთხვევაში, როცა მხარეები შეთანხმდნენ სასყიდლიან სესხზე, ანუ სესხზე რომელზეც გადახდილი იქნებოდა პროცენტი და განსაზღვრეს პროცენტის რაოდენობა, თავისთავად შეთანხმდნენ, რომ გაცემული ყოფილიყო სასყიდლიანი სესხი. სესხის სასყიდლად პროცენტის სახით 20%-ის მითითება, მიუხედავად იმისა, რომ იგი გონივრულ შესაბამისობაში არ იყო ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის მიერ სესხისათვის დადგენილ პროცენტის ზღვრულ ოდენობასთან, არ ნიშნავს იმას, რომ სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება არის ბათილი. მოცემულ შემთხვევაში ბათილია მხოლოდ სესხზე დაწესებული პროცენტის ის ოდენობა, რომელიც გონივრულ შესაბამისობაში არ არის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაწესებულ ოდენობასთან, თორემ დანარჩენ ნაწილში ხელშეკრულება ნამდვილია და არ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, ვინაიდან დადგენილია, რომ მხარეთა შორის სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება, ანუ პროცენტიანი სესხის ხელშეკრულება მაინც დაიდებოდა, მითუმეტეს, რომ ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე პროცენტის სახით იმ პერიოდისათვის საშუალოდ დაფიქსირებული იყო 3%, რაც გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე გამსესხებელმა მოითხოვა სესხის ხელშეკრულების დადების დროს. მოცემულ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს მოსარჩელემ შეამცირა პროცენტი და ნაცვლად 20%-ისა მოითხოვა მხოლოდ 4%-ის ანაზღაურება, რაც გონივრულ შესაბამისობაში იყო ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან (ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე იმ პერიოდისთვის განსაზღვრული იყო 3% ). არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება მოპასუხის მიერ გადახდილი 180 ლარის სესხის ძირითადი ვალისათვის გამოკლების და ამ გზით დავალიანების ოდენობის შემცირების შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის პირევლი ნაწილის შესაბამისად, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებული უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.
ამავე მუხლის მეორე წინადადების შესაბამისად პროცენტიანი სესხის ვადამდე დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით ან გამსესხებლის თანხმობით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სასყიდლიანი სესხი უვადოდ იყო გაცემული და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეებს საკითხი კრედიტორის მიერ სარჩელის შეტანამდე არ დაუყენებია, გადახდილი თანხები, მითუმეტეს, როცა იგი პროცენტის სახითაა გადახდილი, უნდა ჩაითვალოს გადახდილ პროცენტად და არ შეიძლება დააკლდეს ძირითად თანხას. ამრიგად, მოვალის მიერ კრედიტორისათვის გადახდილი 180 ლარი სესხად გაცემული ძირითადი ვალის პროცენტია და კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პროცენტის _ (4%) გათვალისწინებით გადასხადელი ძირითადი ვალის 12 თვის პროცენტს შეადგენს. ვინაიდან მოსარჩელე სარჩელის აღძვრამდე გასული დროის 35 თვის, პროცენტს მოითხოვდა, რაც 560 ლარს შეადგენს, მას უნდა მოაკლდეს დაგახდილი პროცენტის სახით 180 ლარი. და ასანაზღაურებელი რჩება ძირითადი ვალი 400 ლართან ერთად მისი პროცენტი 380 ლარი. სულ დავალიანება შეადგენს 780 ლარს, რაც მოვალემ უნდა აანაზღაუროს.
მცდარია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, თითქოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის და 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარეებს შორის დადებული გარიგება პროცენტის ნაწილში მართლსაწინააღმდეგო, ამორალური ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით იყო დადებული. სააპელაციო სასამართლოს თავისი მოსაზრების დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულებებზე არ მიუთითებია. სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს მხარემ ისარგებლა მოვალის მძიმე ეკონომიური პირობებით, ამიტომ ეს გარიგება არღვევს ზნეობის ნორმებს, არ დასტურდება. საამისოდ არანაირი მტკიცება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებები იურიდიულად დაუსაბუთებელია.
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლო გასცდება მხარის მოთხოვნას, თუკი პროცენტის ოდენობას, რომელიც ზღვრულ შესაბამისობაში არ არის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული პროცენტის ზღვრულ ოდენობასთან ბათილად ცნობს და ამის შემდეგ თვითონ განსაზღვრავს პროცენტს აუქციონზე დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან გონივრულ შესაბამისობაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, თუ კი სესხზე დაწესებული პროცენტი არ Aარის გონივრულ შესაბამისობაში ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაწესებულ ზღვრულ ოდენობასთან, ანუ გაცილებით მეტია, ვიდრე აუქციონზეა დაწესებული, მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის საფუძველზე ყოველთვის შეიძლება შეამციროს სასამართლომ და გონივრულ შესაბამისობაში მოიყვანოს ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაწესებულ ზღვრულ ოდენობასთან მიმართებაში. სასამართლოს სესხზე დადგენილი პროცენტის ოდენობის შემცირება მითუმეტეს შეუძლია მაშინ, თუ კი კრედიტორი თვითონ მოითხოვს პროცენტის შემცირებას ან აუქციონზე დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან გონივრულ შესაბამისობაში განსაზღვრას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში შეამცირა პროცენტი. ნაცვლად სესხის ხელშეკრულებით დადგენილი 20%-ისა მოითხოვა 4%. სასამართლო უფლებამოსილი იყო, სესხზე დაერიცხა 4%. აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევას, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლს მე-4 ნაწილის შესაბამისად მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, ასევე, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის შემცირება სარჩელის შეცვლად არ მიიჩნევა და მოსარჩელეს საქმის განხილვის ყველა სტადიაზე შეუძლია. კრედიტორმა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელშეკრულებით გათვალისწინებული 20%-ის ნაცვლად მხოლოდ 4% მოითხოვა და პროცენტის გადახდის ნაწილში სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, სასამართლოს ამით მხარისთვის არ მიუკუთვნებია ის რაც მას არ მოუთხოვია. მხარისთვის იმაზე მეტის მიკუთვნებად ვიდრე ის მოითხოვდა არც ის ჩაითვლება, თუ კი სასამართლო ხელშეკრულებით გათვალისინებული მაღალი პროცენტის ნაცვლად გადასახდელად დაადგენდა უფრო დაბალ, აუქციონზე დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან გონივრულ შესაბამისობაში განსაზღვრულ პროცენტს.
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ თუ საქმეში წარმოდგენილი არ არის ბანკთაშორის საკრედიტო რესურსების აუქციონზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შესახებ მონაცემები, სასამართლო თითქოს უფლებამოსილი არ არის, აუქციონზე დაფიქსირებულ წლიურ საპროცენტო განაკვეთთან მიმართებაში გონივრულ ფარგლებში გადაწყვიტოს სესხზე გადასახდელი პროცენტის მოცულობა.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი მუთითებს, რომ სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ უდენობასთან. ეს ნორმა თავისი შინაარსით ბლანკეტურია. იგი შეიცავს განკარგულებას ამ ნორმის შესაბამისად პროცენტის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის საკითხზე კომპეტენტური ორგანოს, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონის, მიერ დაფიქსირებული პროცენტის ზღვრული ოდენობის გამოყენების აუცილებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ სასყიდლიან სესხზე დადგენილი პროცენტის ზღვრული ოდენობა პროცენტის ზღვრული ოდენობის განსაზღვრისათვის მატერიალური ნორმაა. იგი არ წარმოადგენს მტკიცებულებას და მისი წარმოდგენის ტვირთი მხარეს არ ეკისრება. ეს მონაცემები სასამართლომ თვითონ უნდა მოიპოვოს და გამოიყენოს კიდეც.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვების გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რომლის გამოსწორებაც საკასაციო სასამართლოს შეუძლია საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნების გარეშეც.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ჟ. ძ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 14 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გ. ც-შვილს ჟ. ძ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 220 ლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სარჩელი ამ ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: გ. ც-შვილს ჟ. ძ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 780 ლარი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 14 მარტის გადაწყვეტილება ლარის ინფლაციის გათვალისწინებით თანხების გადასახდელად დაკისრების ნაწილში უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.