გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-738-02 17 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, თ. კობახიძე
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. ხ-ამ 2001წ. 16 იანვარს სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე რ. ხ-ას და ნოტარიუს ზ. რ-ის მიმართ საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ;
მოსარჩელის განმარტებით იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა აწ გარდაცვლილ ა. ხ-ასთან 1973წ. სექტემბრიდან; მეუღლესთან ერთად ცხოვრების პერიოდში 1990 წელს შეიძინა თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 4/14 ნაწილი და იგი აღრიცხულ იქნა მეუღლის სახელზე.
2000წ. 5 მარტს ა. ხ-ა გარდაიცვალა, როდესაც მიმართა ნოტარიუსს მემკვიდრეობის მისაღებად გაირკვა, რომ აწ გარდაცვლილ მეუღლეს მასთან შეუთანხმებლად 1994წ. 30 აგვისტოს გაუსხვისებია ბინა;
მოპასუხე რ. ხ-ამ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოსარჩელისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა სკ-ს 1342-ე მუხლის საფუძველზე.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ასევე არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი;
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ; საქმის განხილვამდე რ. ხ-ამ უარი თქვა შეგებებულ სარჩელზე და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა;
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 მარტის გადაწყვეტილებით დ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ხ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/14 წილზე 1994წ. 30 აგვისტოს ა. ხ-ასა და რ. ხ-ას შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება; დანარჩენ ნაწილში ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 ივნისის გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს;
სასამართლომ გაიზიარა დ. ხ-ას მოსაზრება, რომ მან ბინის გასხვისების შესახებ შეიტყო მეუღლის გარდაცვალების, ე.ი. 2000წ. 5 მარტის შემდეგ, როდესაც მიმართა ნოტარიუსს მემკვიდრეობის მოწმობის მისაღებად და ნოტარიუსის მოთხოვნით აიღო ცნობა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურიდან, რაც დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ 1993 წლიდან დ. ხ-ა სადავო ბინაში არ ცხოვრობდა, პალატამ მიიჩნია, რომ დ. ხ-ას მიერ არ არის გაშვებული სკ-ს 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა;
სკ-ს 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას; სადავო ბინა წარმოადგენდა დ. ხ-ასა და ა. ხ-ას თანასაკუთრებას, რადგან მისი შეძენა მოხდა 1990წ. 3 იანვარს რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში;
აწ გარდაცვლილმა ა. ხ-ამ სადავო ბინა განკარგა დ. ხ-ას თანხმობის გარეშე, რითაც შეილახა ამ უკანასკნელის უფლება; სკ-ს 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე; მოპასუხე რ. ხ-ამ იცოდა, რომ ა. ხ-ას ჰყავდა მეუღლე რეგისტრირებულ ქორწინებაში და რომ ქონება მათი ერთად ცხოვრების პერიოდში იყო შეძენილი 1990წ. 3 იანვარს – შესაბამისად იცოდა, რომ ბინა მხოლოდ ა. ხ-ას საკუთრებას არ წარმოადგენდა;
სკ-ს 1168-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფისას მეუღლეთა წილი თანაბარია;
სააპელაციო სასამართლომ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად ცნო 1/2½ ნაწილში, ე.ი. 2/14 წილის ნაწილში სკ-ს 54-ე და 1160-ე მუხლების საფუძველზე;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ;
რ. ხ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია;
სააპელაციო სასამართლომ 223-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ ყოველმხრივ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ გაარკვია რეალურად ვინ იყო სადავო ბინის ნამდვილი შემძენი; სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სკ-ს 1159-ე მუხლის ნორმებით, ამასთან უხეშად დაამახინჯა ფაქტობრივი გარემოებები; დ. ხ-ას გათვითცნობიერებული ჰქონდა რომ სადავო ბინა მას არ ეკუთვნოდა და არც იჩენდა ამ ბინის მიმართ არანაირ ინტერესს; სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია; სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში თან აფიქსირებს დ. ხ-ას უფლების 1994წ. 30 აგვისტოს დარღვევას, თან მიიჩნევს, რომ დ. ხ-ას უფლება დაირღვა 2000წ. 5 მარტის შემდეგ; დ. ხ-ას თავისი დარღვეული უფლების შესახებ 1994 წლიდან უნდა შეეტყო, მას შემდეგ რაც ბინა გამოვიდა მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის ფაქტიური მფლობელობიდან და გადავიდა რ. ხ-ას მფლობელობაში, საკუთრების უფლების წარმოშობის დღიდანვე; სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 130-ე მუხლი, რომლის მიხედვით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან; მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, თუ დ. ხ-ა თავს სადავო ბინის თანამესაკუთრედ ცნობდა, მას თავისი დარღვეული უფლების შესახებ უნდა შეეტყო იმ დღიდან, როდესაც ამ ბინის ფლობას შეუდგა რ. ხ-ა;
სასამართლომ არ მიუთითა იმ გარემოებაზე, თუ რატომ მიიჩნია, რომ დ.ხაინდრავამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ;
კასატორი დ. ხ-ა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლებით, რომ სასამართლომ არ მიუთითა, თუ რატომ არ ცნო ბათილად ნასყიდობის ხელშეკრულება სრული მოცულობით; კასატორის განმარტებით სადავო სახლის 1/2½ ნაწილის განკარგვის უფლება ა. ხ-ას არ ჰქონდა, ვინაიდან სკ-ს 516-519-ე მუხლების თანახმად ჰქონდა წილის უპირატესი შესყიდვის უფლება;
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ხ-ა და ა. ხ-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1973 წელს; ა. ხ-ამ 1990წ. 3 იანვარს იყიდა თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 4/14 ნაწილი, ხოლო 1994წ. 10 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა იგი კასატორ რ. ხ-აზე, ეს უკანასკნელი აღრიცხულია საჯარო რეესტრში 1994 წლიდან სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ, ამ პერიოდიდან ფლობს და განაგებს მას, ხოლო ა. ხ-ა და დ. ხ-ა არ ცხოვრობენ და არ სარგებლობდნენ აღნიშნული საცხოვრებელი სახლით 1993 წლიდან;
პალატა იზიარებს კასატორის დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და სრულყოფილად არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ მიიჩნია, რა ხანდაზმულად დ. ხ-ას სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ დ. ხ-ას მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილის გასხვისების შესახებ, ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება;
სკ-ს 129-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა 6 წელს შეადგენს; ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან; მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ; აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად მიჩნეულია არა მარტო ის ფაქტობრივი გარემოება, როცა პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ, არამედ საკმარისია იმ გარემოებების ერთობლიობაც, რომლებიც ადასტურებენ, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ;
პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში დ. ხ-ას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან უნდა შეეტყო ხელშეკრულების დადების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული პერიოდიდან ბინას არ ფლობდა არც თვითონ და არც მისი მეუღლე და სადავო საცხოვრებელ სახლს ფლობდა მესაკუთრე ა. ხ-ას ნათესავი რ. ხ-ა.
მას 7წ. განმავლობაში სადავო არ გაუხდია აღნიშნული საკითხი, რაც ადასტურებს, რომ არ ჰქონდა ამის იურიდიული ინტერესი და მხოლოდ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო დავა.
პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის მოტივაცია, რომ ის არ იმყოფებოდა საქართველოში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას და შემდეგ პერიოდში, ვინაიდან საქმის მასალებით ასეთი დადასტურებული არ არის;
პალატას საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიაჩნია, რომ დ. ხაინდრავას ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და რ. ხ-ას მიერ სადავო საცხოვრებელ სახლში ცხოვრების დაწყების მომენტიდან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ ვინაიდან ცოლ-ქმარი აღარ ცხოვრობდა ერთ ოჯახად და ისინი ფაქტიური ცოლქმრული ურთიერთობით ცხოვრობდნენ სხვა პირებთან, მხოლოდ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დააყენა აღნიშნული მოთხოვნა;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ დ. ხ-ას მიერ გაშვებულია სასარჩელო ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა, რის გამოც არ არსებობს მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი;
ვინადან საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია გადაწყვეტილების მიღება;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
დ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
რ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
დ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო;
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.