საქმე # 330141224010165672
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №107I-24 21 ნოემბერი, 2024 წელი
მ-ი ბ. , 107I-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. მ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით:
1.1. ბ. მ-ი, - დაბადებული ... წლის ... მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ბ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 2 წელი, სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:
2.1. დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
2.2. ბ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა - 7000 ლარი.
2.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბ. მ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2104 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი, ნაცვლად 2 წლისა, რაც სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე კვლავ ჩაეთვალა პირობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ბ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 7000 ლარი. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2018 წლის 20 ოქტომბრიდან იმავე წლის 2 ნოემბრის ჩათვლით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენით:
3.1. მსჯავრდებულ ბ. მ-ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.
4. ,,ამნისტიის შესახებ“ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ბ. მ-ს სასჯელი შეუმცირდა 75 დღით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განაჩენით:
5.1. ბ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
5.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, ამავე სასამართლოს 2020 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ’’ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონით 75 დღით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 7 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 7000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით, 7 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1 წლით, 7 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი. ბ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2024 წლის 25 იანვრიდან.
6. 2024 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №17 დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ბ. მ-ს პირადი საქმე.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
7.1. მსჯავრდებულ ბ. მ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
7.2. მსჯავრდებულ ბ. მ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე 1/6-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე დამატებული (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, რომელსაც თავის მხრივ ნაწილობრივ აქვს დამატებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი) დანიშნული სასჯელი - 1 წლით, 7 თვითა და 12 დღით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლით, 4 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. მ-ს შეეფარდა 3 წლით, 4 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წლით, 4 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა - 7000 ლარი. ბ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2024 წლის 25 იანვრიდან.
7.3. ცნობად იქნა მიღებული, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის საფუძველზე, ბ. მ-ს სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.
7.4. ბ. მ-ს მიმართ ვერ გავრცელდა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებების აღდგენის შეღავათი. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. მ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე−379-ე მუხლებით.
3. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლი მოექცა იმ საგამონაკლისო მუხლების ჩამონათვალში, რომელზედაც კანონის მე-7 მუხლის თანახმად, არ ვრცელდება ამნისტია.
4. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა).
5. საქმის მასალების თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს მსჯავრდებული ბ. მ-ი იყო ნასამართლევი იყო სსკ-ის 177-ე მუხლით.
6. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, 1/6-ით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
7. შესაბამისად, ბ. მ-ს 1/6-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე დამატებული (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, რომელსაც თავის მხრივ ნაწილობრივ აქვს დამატებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი).
8. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები დარჩა უცვლელად, ვინაიდან კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ამ უფლების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ სასჯელისაგან გათავისუფლების შემთხვევაში.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ბ. მ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი