Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით

საქმე №808აპ-24 22 ოქტომბერი, 2024 წელი
ც-ი ა, №808აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ც-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ე. მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი:
1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად, კერძოდ:
1.2. ა. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ი) 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
– საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
– საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 17 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
– საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვით.

1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ც-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვით. სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2023 წლის 17 მაისიდან.

1.4. ა. ც-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

1.5. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დადასტურებულად მიიჩნია, რომ:
– ა. ც-მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება – ალფა-პვპ-ს (α-PVP) შემცველი მოყვითალო-მოთეთრო, ფხვნილისებრი ნივთიერება, წონით – 0,1135 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP) – 0,0288 გრამს, რაც 2023 წლის 8 აპრილს, ქ-ში, ვ-ში, რ–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 150 ლარის სანაცვლოდ ორ ეტაპად გადასცა ლ. ნ-ეს, რომლისგანაც გადაუდებელი აუცილებლობით, ამოიღეს ხსენებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება.
– ა. ც-მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α–PVP) შემცველი მოთეთრო-მოყვითალო, ფხვნილისებრი ნივთიერება, წონით – 0,2701 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP) – 0,0744 გრამს, რაც 2023 წლის 17 მაისს, ქ-ში, ა-ის ქუჩის N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.

2. საკასაციო საჩივარი
2.1. მსჯავრდებულ ა. ც-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ე. მ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ა. ც-ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ასევე – სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინება.

3. კასატორის არგუმენტები:
3.1. დაცვის მხარის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ა. ც-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღება.
3.2. ადვოკატის შეფასებით, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას, რასაც ასაბუთებს იმ არგუმენტებით, რომ ა. ც-ი და ლ. ნ-ე თითქოსდა, დიდი ხნის ნაცნობები, ახლო მეგობრები იყვნენ, ერთად მოიხმარდნენ ნარკოტიკს და ცდილობდნენ, ერთად შეეძინათ იგი, მსჯავრდებულმა შეძენილი ნარკოტიკული საშუალება გაუნაწილა ლ. ნ-ეს; მსჯავრდებულს არ გააჩნდა გასაღების მიზანი და განზრახვა, რადგან ნარკოტიკის გადაცემის სანაცვლოდ, არ მიუღია ფინანსური სარგებელი, მან მხოლოდ სხვისგან შეძენილი ნარკოტიკის თვითღირებულება აიღო; ა. ც-ის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს მხოლოდ ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობის ნარკოტიკი და ეს უკანასკნელი მისი სახლის ჩხრეკისასაც ვერ აღმოაჩინეს, რაც მიანიშნებს, რომ იგი ნარკოტიკებს არ ასაღებდა.
3.3. გარდა ამისა, დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებული არ არის ლ. ნ-ის მიერ ა. ც-ისაგან მიღებული ნარკოტიკის გამომძიებლისათვის გადაცემის ფაქტი, რაც არ გამოირიცხავს გამომძიებლისათვის სხვა ნივთიერების გადაცემის ეჭვს. დაცვის მხარე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ასევე იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (საქმე N447აპ-23).
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.2. საკასაციო სასამართლო, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ-ი) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ განაჩენს ა. ც-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, არამედ ითხოვს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და ამ ეპიზოდში მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 25, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ა. ც-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის სისწორე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
4.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ც-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დასტურდება ა. ც-ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენა, კერძოდ:
4.4. მოწმეების – ლ. ნ-ისა და გ. ბ–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ 2023 წლის აპრილში ა. ც-მა ლ-- ნ-ეს შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების 150 ლარად შეძენა. ლ. ნ-ემ ითანამშრომლა რა საგამოძიებო ორგანოსთან, სამართალდამცავებს მიაწოდა ინფორმაცია ა. ც-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, დაიგეგმა საკონტროლო შესყიდვა 2023 წლის 8 აპრილს. ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით, ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების, ასევე, ლ. ნ-ისაგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების (ფარული ვიდეოჩაწერა და აუდიოჩაწერა) შედეგად მოპოვებული მასალით დგინდება, რომ 2023 წლის 8 აპრილს, ლ. ნ-ემ საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში გადაცემული ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ, ა. ც-ისაგან ორ ეტაპად შეიძინა თეთრი ფერის ნივთიერება ორ პაკეტად, რაც შემდგომ, ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე, გამომძიებელმა ამოიღო ლ. ნ-ისაგან და დაილუქა სათანადო წესით.

4.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის N--- და N--- დასკვნების (უდავო მტკიცებულებები) თანახმად, ამოღებული ნივთიერებები წონით – 0,1067 და 0,0068 გრამი, საერთო წონით – 0,1135 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP), რაოდენობით 0,0268 გრამსა და 0,0020 გრამს, საერთო რაოდენობით – 0,0288 გრამს.
4.6. დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ კვალიფიკაციაზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვისა და ამავე ნარკოტიკის მეორე პირისათვის გადაცემის ფაქტის სამართლებრივი შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ყოველი საქმის კონტექსტს, მისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალურ ფაქტობრივ გარემოებებს. სწორედ ამ გარემოებების დეტალური შესწავლა და ანალიზი განაპირობებს ქმედების სწორ კვალიფიკაციას – იქნება ეს, განსახილევლ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი, მე-4 ნაწილები (ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გასაღება), თუ – საქართველოს სსკ-ის 25, 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარება). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის მოწოდებული, დაადგინოს ერთიანი, უნივერსალური სტანდარტი ნარკოტიკული საშუალების გადაცემის განურჩევლად ყველა შესაძლო შემთხვევისათვის და ამის მცდელობა უზენაესი სასამართლოს არც აქამდე არსებულ პრაქტიკას ჰქონია. შესაბამისად, ერთ კონკრეტულ საქმეში პირის ქმედების ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებით კვალიფიკაცია გარდაუვლად არ განაპირობებს იმავე კვალიფიკაციას სხვა საქმეში, თუ არ არსებობს ფაქტობრივ გარემოებათა აბსოლუტური სიზუსტით თანხვდენა. საგულისხმოა, რომ დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მოხმობილი უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (საქმე N447აპ-23) მიემართება განსახილველი საქმისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ შემთხვევას, რომლის ინდივიდუალურმა ფაქტობრივმა გარემოებებმა მიიყვანა საკასაციო სასამართლო პირის ქმედების საქართველოს სსკ-ის 25, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებამდე. ხსენებული საქმის განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებზე თავად საკასაციო საჩივარშიც კი არის გამახვილებული ყურადღება.

4.7. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი კვალიფიკაციის სისწორის შეფასებისას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალას, რომელიც ასახავს ა. ც-ისა და ლ. ნ-ის შეხვედრას, ასევე – მათი საუბრის შინაარსს. კერძოდ, ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით დგინდება, რომ 2023 წლის 8 აპრილს, ლ. ნ-ე ქუჩაში ხვდება ა. ც-ს. იგი ჯიბიდან იღებს მისთვის გადაცემულ კუპიურებს, ერთ 20-ლარიან კუპიურას თავად იტოვებს, ხოლო დანარჩენს აძლევს ა. ც-ს. სანაცვლოდ, ა. ც-ი ჯიბიდან იღებს პატარა, თეთრ ქაღალდში შეფუთულ ნივთს და აწვდის ლ. ნ-ეს. იმავდროულად, თანხმდებიან იმავე დღეს კვლავ შეხვედრაზე. ფარულ ვიდეოჩანაწერზე ასევე ასახულია მათი განმეორებით შეხვედრა, სადაც ჩანს, თუ როგორ იღებს წინდიდან ა. ც-ი პატარა, ერთჯერად ცელოფანში შეფუთულ თეთრი ფერის ნივთს და აწვდის ლ. ნ-ეს, რომელიც ამოწმებს ნივთს და ბრუნდება ავტომანქანაში. საგულისხმოა, რომ ლ. ნ-ის ჩვენებით, ნარკოტიკული საშუალების მისთვის გადაცემის ინიციატორი სწორედ ა. ც--ი იყო და თავდაპირველად, სწორედ მსჯავრდებულმა შესთავაზა ნარკოტიკის შეძენა თანხის სანაცვლოდ. მოწმის ჩვენება დადასტურებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალითაც, რომელიც ასახავს ნარკოტიკის გადაცემის პროცესში ა. ც-ისა და ლ. ნ-ის ვერბალურ კომუნიკაციას, საიდანაც აშკარად იკვეთება, თანხის სანაცვლოდ ნარკოტიკის გადაცემის თაობაზე მსჯავრდებულის წინასწარი შეთანხმება ლ. ნ-ესთან.

4.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ფონოსკოპიური ექსპერტიზის N-- დასკვნის, ასევე, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N-- დასკვნის (უდავო მტკიცებულებები) თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ჩანაწერებსა და ვიდეოგრამებს რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. სადავო ფონოგრამებში მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე ა. ც-ის ხმა ერთმანეთის იდენტურია. ამასთან, ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოგამოსახულებებზე და ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ ა. ც-ის ფოტოგამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იმავე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

4.9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმე ლ. ნ-ემ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს მსჯავრდებულის მიერ მისთვის ნარკოტიკული საშუალების მიყიდვის, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის, საკონტროლო შესყიდვის ორგანიზებისა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენის შესახებ. მოწმის ჩვენება გამყარებულია საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, მათ შორის – გამომძიებლის ჩვენებით, ამოღების ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებითა და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით, რომელიც ნათლად ასახავს ლ. ნ-ისა და ა. ც-ის შეხვედრას, საუბარსა და ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტს. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. ც-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღება, ხოლო საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს ამავე საქმის მასალებდან.

4.10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მოხმობილ არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ სასამართლო განიხილავს და სამართლებრივად აფასებს კონკრეტულ დროსა და ვითარებაში ჩადენილ კონკრეტულ ქმედებას, ამ შემთხვევაში – ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვასა და სხვა პირისათვის გადაცემას, რომლის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე გავლენას ვერ იქონიებს კასატორის მიერ მითითებული ახლომეგობრული ურთიერთობა ან თუნდაც, წარსულში ნარკოტიკის ერთად მოხმარების ფაქტი (ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი), რადგან ახლო სოციალური ურთიერთობები ან წარსულში უკვე დასრულებული ქმედებები არ გამორიცხავს კონკრეტულ დროსა და ვითარებაში პირის მიერ ჩადენილი სრულიად ახალი, დამოუკიდებელი ქმედების ნარკოტიკული საშუალების გასაღებად კვალიფიკაციას, თუ იმავდროულად, არ დასტურდება პირთა მიერ ნარკოტიკული საშუალების ერთად, ჯგუფურად შეძენა, შენახვა ან ერთი პირის მიერ მეორეს დახმარება ნარკოტიკული საშუალების შეძენაში, რაც, განსახილველ შემთხვევაში, არ არის დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით და უფრო მეტიც, ამის შესახებ გონივრული ეჭვიც კი არ არსებობს. განსახილველი ქმედების კვალიფიკაციაზე ასევე ვერ იქონიებს გავლენას კასატორის მიერ მითითებული მსჯავრდებულის პირადი და მისი სახლის ჩხრეკის შედეგები, რომელიც ბრალდების სრულიად დამოუკიდებელ ეპიზოდად წარდგენის საფუძველია. ნარკოტიკული საშუალების გასაღება არსებობს იმისდა მიუხედავად, პირი სისტემატურად არის დაკავებული ამ დანაშაულებრივი საქმიანობით და ფლობს დიდი ოდენობით ნარკოტიკს თუ მხოლოდ ერთჯერადად ჩადის ამ ქმედებას.

4.11. რაც შეეხება კასატორის მსჯელობას ლ. ნ-ის მიერ მსჯავრდებულისათვის გადაცემული თანხის მიზნობრიობის შესახებ, თითქოსდა, ა. ც-ს ნარკოტიკის გადაცემის სანაცვლოდ ფინანსური სარგებელი არ მიუღია და მან მხოლოდ სხვისგან შეძენილი ნარკოტიკის თვითღირებულება აიღო, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც უტყუარად დადასტურებულია ა. ც-ის მიერ ლ. ნ-ისათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემა, თუნდაც საერთოდ ვერ დადგინდეს მსჯავრდებულის მიერ თანხის აღების ფაქტი, ეს გარემოება ვერ დააბრკოლებს მისი ქმედების ნარკოტიკული საშუალების გასაღებით კვალიფიკაციას, რადგან აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დანაშაულს, იმის მიუხედავად, სასყიდლით განხორციელდა, თუ – უსასყიდლოდ.

4.12. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს იმის შესახებ, რომ თითქოს, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებული არ არის ლ. ნ-ის მიერ ა. ც-ისაგან მიღებული ნარკოტიკის გამომძიებლისათვის გადაცემის ფაქტი, რაც არ გამოირიცხავს გამომძიებლისათვის სხვა ნივთიერების გადაცემის ეჭვს, საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია კასატორის აღნიშნული არგუმენტი, რადგან თავად დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის ა. ც-ის მიერ ლ. ნ-ისათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტს. კერძოდ, მის მოთხოვნას წარმოადგენს ა. ც-ის არა სრულად გამართლება, არამედ – მხოლოდ და მხოლოდ, სამართლებრივი კვალიფიკაციის შეცვლა და ა. ც-ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 25, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნაცვლად – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილისა.

4.13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. გასაჩივრებული განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედებების ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია (მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი), არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. საგულისხმოა, რომ დაცვის მხარეც ვერ უთითებს სასჯელის უსამართლობის დამადასტურებელ კონკრეტულ გარემოებებზე.

4.14. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონს, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული, მათ შორის, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა). ასევე, ითვალისწინებს ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, კანონის, მათ შორის, პირველი მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ა. ც-მა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა – 2023 წლის 8 აპრილისა და 17 მაისის ეპიზოდები) მითითებულ პერიოდამდე ჩაიდინა, მის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და უნდა გათავისუფლდეს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისგან. რაც შეეხება, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულ სასჯელს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ა. ც-ისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

4.15. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა). მიუხედავად იმისა, რომ ა. ც-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში (ორი ეპიზოდი) უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, ეს გარემოება გავლენას ვერ იქონიებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენაზე, რადგან ა. ც-ი იმავდროულად მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რომელზეც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. ც-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ე. მ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ა. ც-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ა. ც-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელისაგან;

5. ა. ც-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვით;

6. ა. ც-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 17 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ა. ც-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 17 მაისის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელისაგან;

8. ა. ც-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 17 მაისის 12:52 საათიდან. ა. ც-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;

9. ა. ც-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. ზემოთაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადა აეთვალოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;

10. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად:

ლ. ნ-ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება – ალფა-პვპ; ა. ც-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება – ალფა-პვპ და მისი შესაფუთი მასალა, ორი შპრიცი და ორი ამპულა; ა. ც-ის ნერწყვის ნიმუში – განადგურდეს;

ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ორიგინალი ვიდეოჩანაწერები 1 ლაზერულ დისკზე; ა. ც-ის ხმის ნიმუში 1 ლაზერულ დისკზე; ა. ც-ის პირადი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი 1 ლაზერულ დისკზე; ა. ც-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი 1 ლაზერულ დისკზე – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

ა. ც-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მისი პირადი ნივთები (მობილური ტელეფონი და სამუხტი კაბელი) – დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე შ. თადუმაძე



მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი



მ. ვასაძე