¹ ბს-235-224(კ-06) 28 ივლისი, 2006წ.,
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. სხირტლაძე
დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005წ. 28 თებერვალს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. თ-ემ მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ფინანსთა სამინისტროს 2005წ. 7 თებერვლის ¹ვ-263 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მ. თ-ე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში .... თანამდებობაზე. ფინანსთა სამინისტროს 2005წ. 7 თებერვლის ¹ვ-263 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნული განცხადება მან დაწერა იძულებით, სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლის შედეგად. განცხადება დაიწერა 2005წ. 26 იანვარს, თანამდებობიდან გათავისუფლდა 31 იანვრიდან, ხოლო ბრძანება გამოიცა 7 თებერვალს. 2005წ. 31 იანვარს საქართველოს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს დაურიგდათ გაფრთხილებები თანამდებობების მოსალოდნელი შეცვლის თაობაზე, რომელთაც ჰქონდა დანართი, სადაც მითითებული იყო კონკრეტული პირებისათვის კონკრეტული თანამდებობები. მ. თ-ემ ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზებულ თანამდებობაზე თანხმობა განაცხადა 2005წ. 31 იანვარს, რაც დაადასტურა შესაბამისი ხელმოწერით. აღნიშნული შეთავაზების შემდგომ, 12 თებერვლამდე კანცელარიის მეშვეობით ეძლეოდა დავალებები, რაც დასტურდებოდა კანცელარიის ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერებით. მოსარჩელის მოსაზრებით, მის მიმართ დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის, მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის, მე-13 მუხლის, შრომის კანონთა კოდექსის მე-6 მუხლისა და მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს. შრომის კანონთა კოდექსის 310-ე მუხლის მიხედვით, თუ შრომითი ურთიერთობა ფაქტობრივად გრძელდებოდა, ხელშეკრულების მოქმედება ითვლებოდა გაგრძელებულად განუსაზღვრელი ვადით. გარდა ამისა, მოპასუხე მხარის მიერ სადავო ბრძანების გამოცემისას არ იქნა გათვალისწინებული, რომ მ. თ-ეს ჰქონდა ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება, იგი იყო მარტოხელა, რომლის ოჯახში არ იყო დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე სხვა პირი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს 2005წ. 7 თებერვლის ¹ვ-263 ბრძანება და დაევალა ფინანსთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადავო ბრძანების მიღების დროს შესწავლილ იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი. გარდა ამისა, დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის მოთხოვნები, რის გამოც სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-ემ სარჩელში მითითებული საფუძვლებით. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სადავო ბრძანების ბათილად ცნობის და მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში. აპელანტმა მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად განმარტა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტი, ვინაიდან მოხელის განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, გულისხმობდა მის პირად ნებას, რაც დამატებით გამოკვლევას არ საჭიროებდა. მით უფრო, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 95-ე მუხლის მიხედვით, პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდებოდა სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებდა მის წერილობით განცხადებას. აღნიშნული ნორმის მიხედვით, სამსახურიდან გათავისუფლებისათვის საჭირო იყო მოხელის ნება, ასეთ შემთხვევაში არანაირ დამატებით გამოკვლევას და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლას კანონი არ ითვალისწინებდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 3 თებერვლის განჩინებით ფინანსთა სამინისტროსა და მ. თ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების მოტივები მდგომარეობს შემდეგში:
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს დასკვნას მ. თ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ფინანსთა სამინისტროს 2005წ. 7 თებერვლის ¹ვ-263 ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის გარეშე გამოცემის თაობაზე. სასამართლოს მითითებით, მართალია‚ საქმეში არსებულ 2005წ. 26 იანვრის განცხადებაში მოსარჩელეს დაფიქსირებული ჰქონდა სამსახურიდან გათავისუფლების სურვილი, მაგრამ მისი შემდგომი მოქმედებანი საპირისპიროზე მეტყველებდნენ. კერძოდ, განცხადების დაწერის შემდეგ, 31 იანვარს მ. თ-ე გაფრთხილებულ იქნა დაკავებული თანამდებობის შესაძლო შეცვლის შესახებ და თანხმობა დაფიქსირდა მისი ხელმოწერით. ადმინისტრაციის მიერ 2005წ. 1 თებერვალს მას დაევალა სამსახურებრივ ფუნქციებში შემავალ რიგ დავალებათა შესრულება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული გარემოებები საჭიროებდა ერთობლიობაში გამოკვლევასა და შეფასებას, რათა სრულყოფილად გამორკვეულიყო, არსებობდა თუ არა თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანების გამოცემის მომენტში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ მიმართული მ. თავაძის ნება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, ვინაიდან სსკ-ის 37-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი სასამართლო ხარჯებს მიეკუთვნებოდა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო ანაზღაურებდა სასამართლო ხარჯებს მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის დროსაც. მოცემულ შემთხვევაში კი მიღებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტი, ვინაიდან მოხელის განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ გულისხმობდა მის პირად ნებას, რაც დამატებით გამოკვლევას აღარ საჭიროებდა. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 95-ე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებდა, რომ პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდებოდა სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებდა მის წერილობით განცხადებას. აღნიშნული ნორმის მიხედვით, სამსახურიდან გათავისუფლებისათვის საჭირო იყო მოხელის ნება, ასეთ შემთხვევაში არანაირ დამატებით გამოკვლევას და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლას კანონი არ ითვალისწინებდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა მ. თ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
მ. თ-ის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ შედეგებს. ამ მუხლის თანახმად, სასამართლოს უნდა განესაზღვრა ფინანსთა სამინისტროს 2005წ. 7 თებერვლის ¹ვ-263 ბრძანების მოქმედების შეწყვეტა მისი ძალაში შესვლის დღიდან. სასამართლომ ასევე არ გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებაზე გაცემულ ბრძანებას არაკანონიერად აღიარებს, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას. აქედან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანების ბათილად ცნობისას სასამართლოს დაუყოვნებლივ უნდა აღედგინა მისი უფლებები, კერძოდ, აღედგინა სამუშაოზე და აენაზღაურებინა იძულებითი განაცდური ხელფასი სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, რასაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 28 აპრილისა და 31 მაისის განჩინებებით მ. თ-ის და ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს განესაზღვრათ 10 დღის ვადა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში მოსაზრება წარმოადგინა როგორც ფინანსთა სამინისტრომ, ისე მ. თ-ემ. კასატორთა მოსაზრებით, მათი საკასაციო საჩივრები დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და დღეისათვის არ არსებობს სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა ამგვარი დავების გადაწყვეტის თვალსაზრისით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროსა და მ. თ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 3 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაუშვებელია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამორკვევის გზით ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, თუკი, საქმის მასალების თანახმად, შესაძლებელია აღნიშნული გარემოებების დადგენა სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით არ არის დასაბუთებული ისეთი არსებითი გარემოებების არსებობა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობა იქნებოდა.
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებით სრულად იზიარებს რაიონული სასამართლოს დასკვნას მ. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ფინანსთა სამინისტროს 2005წ. 7 თებერვლის ¹ვ-263 ბრძანების საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემის თაობაზე. ასეთი არსებითი მნიშვნელობის გარემოებებად, რაც საჭიროებს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოკვლევის გზით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია შემდეგი: 1. ადმინისტრაციის მიერ 2005წ. 1 თებერვალს მ. თ-ეს დაევალა სამსახურებრივ ფუნქციებში შემავალ რიგ დავალებათა შესრულება; 2. მ. თ-ის მიერ 2005წ. 26 იანვარს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერის შემდეგ, 31 იანვარს, მ. თ-ე გაფრთხილებულ იქნა დაკავებული თანამდებობის შესაძლო შეცვლის შესახებ, რაზედაც თანხმობა დაფიქსირდა მისი ხელმოწერით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სადავოდ გახადა მ. თ-ის მიერ სამსახურებრივ დავალებათა შესრულება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერიდან _ 26 იანვრიდან _ გათავისუფლების ბრძანების გამოცემამდე _ 7 თებერვლამდე პერიოდში და მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებდა დამატებით გამოკვლევას, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით. ამავე კანონის 95-ე მუხლის თანახმად, პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას. აღნიშნულ ნორმათა მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, თავისთავად, სამუშაოდან გათავისუფლების განცხადების დაწერა მოხელეს არ ათავისუფლებს სამსახურებრივ ფუნქციათა შესრულების ვალდებულებისაგან, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაკმაყოფილდება აღნიშნული განცხადება. მანამდე, ჩვეულებრივ, მოხელე აგრძელებს შრომით ურთიერთობას ადმინისტრაციულ ორგანოსთან, ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს და კანონის მიდგომა ამ საკითხისადმი სრულიად ცხადია. 7 თებერვლამდე პერიოდში უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მ. თავაძის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, ამიტომ მას, ჩვეულებრივ, უნდა განეხორციელებინა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებანი და აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს გაურკვეველ გარემოებად. ასეთ გარემოებად ასევე არ შეიძლება ჩაითვალოს მ. თ-ის მიერ 31 იანვარს გაფრთხილების გაცნობა. ამ დროისათვის გადაწყვეტილი არ ყოფილა მ. თ-ის სამუშაოდან გათავისუფლების საკითხი და ადმინისტაციას არ ეკრძალებოდა მისი ინფორმირება სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქმეში არსებული ბრძანების ასლის თანახმად, აღნიშნულ ბრძანებაზე რეზოლუცია ადმინისტრაციის მიერ დადებულია 31 იანვარს, ხოლო ის გარემოება, რომ 26 იანვარს იყო აღნიშნული ბრძანება რეგისტრირებული ადმინისტრაციულ ორგანოში, სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მ. თ-ემ ზემოაღნიშნული გაფრთხილების დოკუმენტის გაცნობა დაადასტურა ხელმოწერით, სააპელაციო სასამართლოს თავად შეეძლო შეეფასებინა, წარმოადგენდა თუ არა აღნიშნული გაცნობა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განცხადების გამოწვევას მ. თ-ის მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები არ განეკუთვნება ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობა სააპელაციო სასამართლოს ართმევდა საქმის არსებითად განხილვის შესაძლებლობას და რომელთა ხელახალი გამოკვლევის გზით აუცილებელი იყო ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება. სადავო საკითხის არსებითად გადაუწყვეტელობის პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე არ არის დადგენილი შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად გამოიტანოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ხელახლა არსებითად უნდა განიხილოს აღნიშნული საქმე და გამოარკვიოს, საქმის მასალებით დასტურდება თუ არა მ. თ-ის მიერ მოტყუების ან იძულების საფუძველზე, საკუთარი ნების გარეშე სამუშაოდან გათავისუფლების განცხადების დაწერა, რაზეც მოსარჩელე ამყარებს თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის, 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროსა და მ. თ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 3 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.