გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-744-02 14 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 11 თებერვალს რ. და ზ. ა-ებმა, ზ. და ნ. ქ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. შ-ს მიმართ. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 1990 წელს დაფუძნებულ იქნა სამშენებლო ამხანაგობა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. მოსარჩელეებთან ერთად ამხანაგობის წევრებად ირიცხებოდნენ თ.ფ-ე და რ.ე-ი. მშენებლობის პროცესში რ.ე-ს დაუგროვდა ამხანაგობის მნიშვნელოვანი დავალიანება, რის გამოც გაასხვისა თავისი წილი მ. შ-ზე. ამხანაგობის კრების 1995წ. 1 აპრილის ოქმით მ. შ-მ ვალდებულება იკისრა, ნ. ქ-ის ოჯახისათვის გადაეხადა მშენებლობის დასამთავრებლად 6500 აშშ დოლარი და გადაეცა მისი კუთვნილი სარდაფის ნაწილი. 1998წ. 2 აპრილის ოქმით ამხანაგობამ დაადგინა, რომ ზ. ა-ს უნდა ანაზღაურებოდა სადარბაზოს, კანალიზაციის და ელექტროგაყვანილობის რემონტისათვის მის მიერ გადახდილი თანხა, კერძოდ, შ-სა და ფ-ისაგან 1217-1217 აშშ დოლარი. ამასთან, მ.შ-ს დაევალა ქ-ისათვის შ-ს მიერ დაკავებული სარდაფის ნაწილის, სანტექნიკური მოწყობილობისა და სველი წერტილების მოსაპირკეთებელი კაფელის გადაცემა.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს ზ. ა-ის სასარგებლოდ მ. შ-სათვის 1217 აშშ დოლარის, კიბის უჯრედისა და რემონტის, ელექტროგაყვანილობისა და გაზის ცენტრალური სისტემის დამონტაჟების ღირებულების წილობრივი გადასახადისა და მ. შ-ს მიერ გახარჯული გაჯის ღირებულების, 160 აშშ დოლარის დაკისრება, ხოლო ქ-ეებისათვის სანტექნიკური მოწყობილობისა და 35 კვ.მ კაფელის ან მისი ღირებულების, ასევე, შ-ს სარდაფის ნაწილის გადაცემა.
მ. შ-მ შეგებებული სარჩელი აღძრა ა-ების წინააღმდეგ სამშენებლო ნარჩენებისაგან გასუფთავებისათვის მის მიერ გადახდილი 650 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ.შ-ს დაეკისრა 1068 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ქ-ეების და შ-ს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ დააკმაყოფილა ა-ის სასარჩელო მოთხოვნა გაჯის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში. ამავე საფუძვლით არ დაკმაყოფილდა შ-ს შეგებებული სარჩელი ა-ების მიმართ. ქ-ეების სარჩელის განხილვისას სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით შ-ს ვალდებულება სანტექნიკური მოწყობილობებისა და სარდაფის ნაწილის გადაცემაზე ვერ ჩათვალა დადასტურებულად, რადგან 1998წ. კრების ოქმს ხელს აწერდა შ-ა და შეუთანხმებლობის შემთხვევაში იგი მხარეებს არაფერს არ გადასცემდა.
მ. შ-მ და ქ-ეებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
მ. შ-მ გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ მისთვის თანხის დაკისრების ნაწილში და განმარტა, რომ სასარჩელო განცხადებაში მოცემული საერთო ხარჯებიდან მის მიერ გადასახდელია ამხანაგობაში მისი 21%-იანი წილი _ 701 აშშ დოლარი, საიდანაც 180 აშშ დოლარი უკვე გადახდილია, ხოლო გადასახდელია 521 აშშ დოლარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაუქმდა ნაწილობრივ და მ. შ-ს ა-ების სასარგებლოდ დაეკისრა 1068 აშშ დოლარის გადახდა. სააპელაციო პალატა უთითებს, რომ მან არ გაიზიარა მ.შ-ს მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება ერთობლივი საქმიანობისას წარმოშობილი ხარჯების განაწილების შესახებ, რადგან მან ვერ წარმოადგინა ერთობლივ საქმიანობაში მისი წილის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, ამდენად, ვერ გამოიყენებს სკ-ს 220-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებს, რადგან ბინის მესაკუთრეთა წილი საერთო საკუთრებაში და საერთოდ, ამხანაგობის მიერ აშენებული ბინა საკუთრების უფლებით არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა ზ. და ნ. ქ-ეების სასარჩელო მოთხოვნას სანტექნიკური მოწყობილობების გადაცემაზე, რადგან მიიჩნია, რომ არ არსებობს ვალდებულების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.შ-მ. მისი აზრით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სკ-ს 220-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ გადასახდელი თანხის გაანგარიშების საფუძველი. კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 393-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. Aამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევით. სააპელაციო პალატა უთითებს, რომ ის ეთანხმება აპელანტის მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო თანხის დაკისრების ნაწილში ეყრდნობა არასწორ ნორმებს, ამასთან, სააპელაციო პალატა მოპასუხეს აკისრებს 1068 აშშ დოლარის გადახდას ისე, რომ არ მიუთითებს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, მტკიცებულებებზე, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებებზე, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონებზე, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს მოთხოვნის საფუძვლები, გამოიკვლიოს ის მტკიცებულებები, რომელიც მოთხოვნის საფუძველთან დაკავშირებით არის წარმოდგენილი და მიღებულ გადაწყვეტილებაში მიუთითოს კანონსა და მისი დასკვნების საფუძვლებზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოცემულ საქმეზე გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.