¹ 3კ-745-02 8 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ბ.-მ მისი დისგან ა. ბ.-ისაგან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო ქ.თბილისში, ... მდებარე სახლის ½1/2 ნაწილი. აღნიშნულ სახლში ცხოვრობს ა. ბ.-ის ყოფილი რძალი ო. ო.-ი თავის შვილთან ლ. ო.-თან ერთად.
რ. ბ.-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ო. ო.-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ო. ო.-ი, ლ. ო.-ი და მათთან მყოფ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ ბ.-ის სახელზე რიცხული ბინიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო. და ლ. ო.-ებმა.
დავა არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში. უკანასკნელად, თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 28 მარტის განჩინებით ო. და ლ. ო.-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ო. და ლ. ო.-ები საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 მარტის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არ იხელმძღვანელა სკ-ს 162-ე მუხლით, რომლითაც არის განმარტებული მართლზომიერი მფლობელის უფლება სადავო ნივთზე. სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სკ-ს 170-ე მუხლით, დასაჩუქრებული ფლობდა ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ქონება, რომელსაც იღებდა საჩუქრად უფლებრივად დატვირთული იყო.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. თბილისში ... მდებარე სახლის ½ ნაწილის მესაკუთრეა რ. ბ.-ი მოსარჩელემ სახლზე საკუთრების უფლება მიიღო დისგან – ა. ა.-ისაგან 2000წ. 5 ოქტომბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველძზე. რ. ბ.-ს სხვა საცხოვრებელი ბინა არ გააჩნია ქ.თბილისში ...-ის ¹7-ში მდებარე ბინა რ. ბ.-მ გაასხვისა ვ. პ.-ზე 2000წ. 2 ოქტომბერს.
ო. და ლ. ო.-ებმა სახლის ყოფილი მესაკუთრე ა. ბ.-ი აიძულეს დაეტოვებინა ბინა. ასევე, არაჯანსაღი ურთიერთობაა ბინის ამჟამანდელ მესაკუთრესა და მოპასუხეებს შორის, რის გამო რ. ბ.-ი ვერ ცხოვრობს მის კუთვნილ ფართში და იმყოფება ნათესავებთან.
სკ-ს 168-ე მუხლის შესაბამისად ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რ. ბ.-ს სადავო ბინის გარდა სხვა საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია, ხოლო კონფლიქტური ურთიერთობის გამო მხარეების ერთად ცხოვრება არ არის შესაძლებელი. Aასეთ პირობებში მოსარჩელის მოთხოვნა ბინის გამოთავისუფლების თაობაზე დასაბუთებულ პრეტენზიად უნდა ჩაუთვალოს.
პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სკ-ს 157-ე მუხლის შესაბამისად ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც მათ უნდა შენარჩუნებოდათ სადავო ბინის მფლობელობის უფლება. მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს ნივთზე მფლობელობის შეწყვეტა მიუხედავად იმისა, თუ რა წესით წარმოეშვა მას ამ ნივთზე საკუთრების უფლება.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა კანონი, “საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ”. კასატორები არ წარმოადგენენ მოსარგებლეებს და მათზე არ ვრცელდება მითითებული კანონის ნორმები.
სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა შეკრებილ მტკიცებულებებს და მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ო. და ლ. ო.-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.