გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-746-02 4 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, მ. წიქვაძე
კასატორის მოთხოვნა: განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიცო პალატის 2001წ. 26 ოქტომბრის განჩინებით შეწყდა სამოქალაქო საქმის წარმოება იმ საფუძვლით, რომ მხარეები _ დ.შ-ა და ს.ზ-ი მორიგდნენ. მორიგების პირობების თანახმად ს.ზ-ს (მოპასუხეს) დ.შ-ასათვის უნდა გადაეხადა 1000 ლარი და უნდა დაეფარა ინდივიდუალური მეწარმე “დ. შ-ას” საბაჟო და საგადასახადო დავალიანება 1996წ. 4 აგვისტოდან 2000წ. 1 ნოემბრის ჩათვლით იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დავალიანება აღმოაჩნდებოდა ინდივიდუალურ მეწარმეს. ს.ზ-მა 1000 ლარი გადაუხადა დ.შ-ას, ხოლო დანარჩენი თანხა არ გადაიხადა.
დ.შ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო იმ საფუძვლით, რომ მორიგების დადებისას მან შეცდომა დაუშვა, არ გაითვალისწინა გარანტია, რომლითაც დაცული იქნებოდა მისი უფლებები. კერძოდ, ს.ზ-ი აღმოჩნდა გადახდისუუნარო და ეს გარემოება საეჭვოს ხდის მორიგების პირობების შესრულებას, რაც სსკ-ს 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინების გაუქმების საფუძვლად მიაჩნია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 მარტის განჩინებით დ.შ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება, რადგან სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი განჩინებით მოხდა არა საქმის არსებითი განხილვა და გადაწყვეტა, არამედ გასაჩივრებული განჩინებით დამტკიცდა მხარეებს შორის მიღწეული მორიგება, რომლის პირობებიც მათ მიერ იქნა დადგენილი. სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობს საქმის წარმოების განახლების კანონით _ სსკ-ს 423-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები.
საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ს 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი მაშინ, როცა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ს.ზ-ი მოცემულ დავაში არ არის სათანადო მოპასუხე.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ ს.ზ-თან სამართლებრივი ურთიერთობა წარმოეშვა 1997წ. 1 მარტიდან 2001წ. 26 ოქტომბრამდე და არა 1996წ. 4 აგვისტოდან 2000წ. 1 ნოემბრამდე, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული. ამიტომ ს.ზ-მა თავისი ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ინდ.საწარმო “დ. შ-ას” დავალიანებაზე უნდა შეასრულოს 1997წ. 1 მარტიდან 2001წ. 1 ნოემბრამდე. აქედან გამომდინარე სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 203-ე მუხლი. საგადასახადო კოდექსის მე-3, 26-ე, 28-ე და 30-ე მუხლები. “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-3 მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილით “ვ” ქვეპუნქტით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებანი და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად მიიჩნია, რომ განცხადებაში მითითებული საფუძვლები არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება.
პალატა თვლის, რომ დ.შ-ას მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებანი შეეხება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს და არა სამოქალაქო საქმის არსებითად განხილვისა და გადაწყვეტის დროს დადგენილ გარემოებებს. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მხარეებს შორის საქმის წარმოება მორიგებით დამთავრდა, ე.ი. სასამართლომ დ.შ-ასათვის (ასევე მოწინააღმდეგე მხარისათვის) ხელსაყრელი გადაწყვეტილება გამოიტანა – მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა სადავო თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი არ გულისხმობს საქმის წარმოების განხილვის საფუძვლად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ გარემოებებს (მაგ. მოვალის გადახდისუნარიანობას, საწარმოს ლიკვიდაციას და სხვ.).
მითითებულიდან გამომდინარე პალატა ვერ გაიზირებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, ის გარემოება, რომ ს.ზ-ი არ იყო სათანადო მხარე, არ შეიძლება გახდეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგან ჯერ ერთი, როცა მხარეები საქმეს მორიგებით ამთავრებენ, იგულისხმება რომ ისინი თანახმანი არიან მორიგების (გარიგების) პირობებით. ამ დროს როგორც გარიგების დადებისას ხდება ნების თავისუფალი გამოვლენა. სასამართლო ამ შემთხვევაში სსკ-ს 272-ე მუხლის საფუძველზე წყვეტს საქმის წარმოებას. მეორე, მხარეებს ეს უფლება მინიჭებული აქვთ ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე2 ნაწილით. ამდენად, აღნიშნული გარემოება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გასაჩივრებული განჩინების (2002წ. 7 მარტის) გაუქმების საფუძვლად.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ სკ-ს 203-ე მუხლის გამოუყენებლობას, პალატა ამ ნაწილშიც ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რადგან ვალის გადაკისრების კანონიერება უნდა გარკვეულიყო ძირითადი საქმის (სარჩელის) განმხილველ სასამართლოში და იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.