3კ-747-02 13 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 13 აპრილს ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა მოსარჩელის დედა, ხოლო მოსარჩელეს გაუკეთეს მარჯვენა ქვედა კიდურის ამპუტაცია. 1998წ. 2 ივნისს თელავის რაიონის პროკურატურამ ზ.ა.-ის მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც იმავე წლის 1 აგვისტოს წარმოებით შეწყდა იმ საფუძვლით, რომ ზ.ა.-ს ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო ავტოავარიის თავიდან აცილება.
2000წ. 1 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ზ. და ა. ა.-ების მიმართ და მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 6000 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა თავისი მოთხოვნა, კერძოდ, მკურნალობისათვის გაწეული ხარჯები 2000 აშშ დოლარი, დედის დაკრძალვისათვის – 1000 დოლარი, მორალური ზიანისათვის – 3000 აშშ დოლარი, სულ მოითხოვა 6000 აშშ დოლარი.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 408-ე, 409-ე, 413-ე მუხლის მეორე ნაწილი და 999 (1)-ე მუხლებზე.
მოპასუხე ა. ა.-მა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ იგი ავტოავარიის დროს საჭესთან არ იჯდა.
მოპასუხე ზ. ა.-მაც არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ შეწყდა დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო, რის გამოც იგი სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგანაც უნდა განთავისუფლდეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო მოპასუხე ზ. ა.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 დოლარის ეკვივალენტის გადახდა. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა 999-ე მუხლი. დედის დაკრძალვის ხარჯების ნაწილში სარჩელი დარჩა ღიად. ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებაზე სასამართლომ უარი უთხრა მოსარჩელეს იმ საფუძვლით, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელი იყო ბრალის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ზიანის მიყენებაში ბრალი არ მიუძღოდა. სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 413-ე მუხლზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ს.ა.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 413-ე მუხლი და მორალური ზიანი მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 2000 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ასევე უნდა აუნაზღაურდეს მკურნალობის ხარჯები 2000 დოლარის ოდენობით. ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მოითხოვს მის გაუქმებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
მოცემულ საქმეზე სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მკურნალობის ხარჯები 2000 აშშ დოლარის ოდენობით და მორალური ზიანი 2000 აშშ დოლარის ოდენობით. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული მტკიცებულებებზე რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო მკურნალობის ხარჯების დაკისრებისას არ არის აღნიშნული დადგენილი გარემოებანი. კერძოდ, არ არის დადგენილი თუ რაში გამოიხატა არაქონებრივი ზიანი.
სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული მატერიალურ სამართლებრივ ნორმაზე, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
ამდენად, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ასეთი გადაწყვეტილება კი, სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად. აღნიშნულის გამო იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს უნდა მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და მიღებული გადაწყვეტილება ჩამოაყალიბოს სსკ-ს 249-ე მუხლის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 29 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.