გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-748-02 25 ოქტომბერი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: მიწის ნაკვეთისა და შენობის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 8 ოქტომბერს ქ. სოხუმის რაიონულ და საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს მოსარჩელეებმა: ხ. გ-მ, ნ. კ-მ, დ. ა-ემ და ნ. გ-მა. მოსარჩელეთა განმარტებით 1992 წელს დევნილთა რამოდენიმე ოჯახი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თაოსნობით კომპაქტურად ჩასახლებულ იქნა ქ. თბილისში, ...-ის ¹34-ში მდებარე სადავო კორპუსში.
2001წ. მარტში ამავე კორპუსში მცხოვრებმა, ასევე აფხაზეთიდან დევნილმა ნ. მ-მა სააქციო საზოგადოება “დ-სგან” შეიძინა მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული იმ შენობით, რომელშიც ლტოლვილები ცხოვრობენ. ნ. მ-ი მათ შუქსა და გაზს სისტემატურად უთიშავს, შენობასთან მისასვლელ გზებს ხერგავს; მოსარჩელეებმა მოითხოვეს სააქციო საზოგადოება “დ-სა” და ნ. მ-ს შორის 2001წ. 8 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, ასევე ამ ხელშეკრულების საფუძველზე მ. მ-ის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ხელშეკრულება პირდაპირ ლახავს დევნილების და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს. ქ. სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეების განცხადება, გაუქმდა 2001წ. 8 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობა და ყადაღა დაედო აღნიშნულ შენობას.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ნ. მ-მა აფხაზეთის უმაღლეს სასამართლოში და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ მას მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა სს “დ-საგან” შეძენილი აქვს კანონის მოთხოვნის სრული დაცვით. იგი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა არა კანონის მოთხოვნით, არამედ _ კანონქვემდებარე აქტებით; არ შეიძლება კანონიერად იქნეს მიჩნეული ის გარემოება, რომ ორ კერძო პირს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მუხლი, რომლითაც დაცული იქნება ლტოლვილთა უფლებები.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი: მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ. შეიცვალა გადაწყვეტილება სააქციო საზოგადოება “დ-ზე” ელექტროგაყვანილობის დაკისრების ნაწილში; ნ. მ-ს დაეკისრა შენობაში ელექტროენერგიის აღდგენა “.. ..-თან ერთად.
დ. ა-ემ, დ. ს-მა, ხ. გ-მ, ნ. გ-მა, ა. თ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად არ გამოიკვლია საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და თავი აარიდა მხარეთა მიერ დასმული მოთხოვნების კანონიერებაზე მსჯელობას.
კასატორთა მოტივაციით 2001წ. 8 მარტს სააქციო საზოგადოება “დ-სა” და ნ. მ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან იგი დადებულია არაუფლებამოსილი პირის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, უძრავი ქონების გასხვისებისას არ არსებობდა სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა. ხოლო სააქციო საზოგადოების წევრთა სხდომის ოქმი დარღვევებითაა შედგენილი. ხელშეკრულების ფასი არ ასახავს ნასყიდობის რეალურ ფასს და არაა გარკვეული, როგორ მოხდა მიღებული თანხის განკარგვა.
იძულებით გადაადგილებული პირები სარგებლობენ დამქირავებლის სტატუსით და მათ სკ-ს 516-ე, 517-ე, 518-ე მუხლებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ჰქონდათ შესყიდვის უპირატესი უფლება. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც ლტოლვილთა უფლებებს იცავენ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგ, კერძოდ, 1992წ. ოქტომბერში განთავსდნენ თბილისში, ...ის გამზ. ¹34-ში, იმჟამად ... კომბინატის შენობაში; 1995 წელს პრივატიზაციის შედეგად კომბინატის მესაკუთრე გახდა სს “დ-ი”. ამ უკანასკნელსა და ნ. მ-ს შორის 2001წ. 8 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. მ-მა საზოგადოებისგან იყიდა 1232 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობით. ხელშეკრულების ფასი შეადგენდა 14000 დოლარს.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია იმის გამო, რომ ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი სააქციო საზოგადოება “დ-ს” დირექტორი ვარილიევი არ იყო სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, კერძოდ, იგი არ იყო სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული გარიგების დადების მომენტში, როგორც დირექტორი, არ გააჩნდა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და სააქციო საზოგადოების საერთო კრების თანხმობები ქონების გასხვისებაზე. პალატა თვლის, რომ აღნიშნული საფუძვლით, საკითხის დასმის უფლება აქვს კანონით საამისოდ განსაზღვრულ პირებს, მხოლოდ საზოგადოებას და არა მესამე პირებს.
პალატას მიაჩნია, რომ ასევე ვერ იქნება გაზიარებული კასატორთა პრეტენზია იმ ნაწილში, რომ მათ, როგორც დამქირავებლებს სკ-ს 516-ე, 517-ე, 518-ე, 209-ე მუხლების შესაბამისად ჰქონდათ უძრავი ნივთის შესყიდვის უპირატესი უფლება, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები დამქირავებლები არ იყვნენ, მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულება არ ყოფილა გაფორმებული; მოსარჩელეები არ იხდიდნენ ბინის ქირას, რის გამოც მათზე დამქირავებლის სამართლებრივი სტატუსი ვერ გავრცელდება. პალატა თვლის, რომ მოსარჩელეები კეთილსინდისიერი, მართლზომიერი მფლობელები არიან.
პალატის აზრით, მოსარჩელეებს კიდეც რომ ჰქონოდათ უძრავი ნივთის შესყიდვის უპირატესი უფლება, აღნიშნული ვერ გახდებოდა მათი მოთხოვნის, კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი, ვინაიდან გარიგების ბათილად ცნობის ასეთ საფუძველს კანონი არ ითვალისწინებს. მსგავს შემთხვევაში მათ მხოლოდ მიყენებული ზიანის მოთხოვნის უფლება ექნებოდათ სკ-ს 992-ე მუხლის შესაბამისად. პალატას მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია კასატორთა მითითება, რომ გარიგება ბათილია იმ საფუძვლით, რომ უძრავი ქონება მისი ღირებულების შეუსაბამო ფასად გაყიდა. სკ-ს 477-ე მუხლის II ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება, ე.ი. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრება მხოლოდ მხარეთა შეთანმხებით და გამომდინარე ამ ნორმიდან, აღნიშნული საკითხი სადავოდ შეიძლება მხოლოდ გარიგების მხარეებმა _ მყიდველმა და გამყიდველმა გახადონ.
პალატა თვლის, რომ არ არის არგუმენტირებული კასატორის პრეტენზია, თითქოს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია სკ-ს 54-ე მუხლის საფუძველზე, როგორც გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობრივ ნორმებს, ვინაიდან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, კასატორმა ვერ მიუთითა კანონის ნორმაზე, რომელიც გარიგების ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს, ხოლო ზნეობის საწინააღმდეგოს ხელშეკრულება არაფერს შეიცავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ა-ის, დ. ს-ის, ხ. გ-ს, ნ. გ-ის, ი. თ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.