საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №751აპ-24 10 ოქტომბერი, 2024 წელი
კ-ი პ., №751აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განაჩენით, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილის – დავით ხვედელიძის – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი. პ. კ-ი (პირადი №---) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 225 საათის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით.
1.2. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თამთა გახარიამ – საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა პ. კ-ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება. კერძოდ, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ნაცვლად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:
2.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დაასკვნა, რომ პ. კ-მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 13 აპრილს, პ. კ-ის მიმართ, 30 დღის ვადით გამოიცა N-- შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა: მამასთან – ლ. კ-თან ან მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა, ასევე – მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, 2023 წლის 22 აპრილს, პ. კ-მა მობილური ტელეფონით სიტყვიერი კომუნიკაცია დაამყარა ლ. კ-თან, ხოლო 2023 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 07:00 საათზე, მივიდა მის ადგილსამყოფელთან (ქ. თ-ში, ---, N---ე კორპუსში მდებარე ბინა N---თან) და ცდილობდა ბინაში შესვლას.
2.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ პ. კ-ისთვის დანიშნული სასჯელი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა – იყო სამართლიანი, ადეკვატური, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნაგულისხმევი ზოგადსავალდებულო გარემოებების შესაბამისი.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორის განმარტებით, პ. კ-ს არ გააჩნია შემამსუბუქებელი გარემოებები. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა პ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო ნება და შედეგი, ასევე – მოვალეობათა დარღვევის ზომა და სასჯელად თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვრა.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე – დანაშაულის როგორც სპეციალური, ისე ზოგადი პრევენცია, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
4.3. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ პ. კ-ისთვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ზოგადსავალდებულო გარემოებები: ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (პ. კ-ის სურვილი ჩაედინა დანაშაული), მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი (შემაკავებელი ორდერის დარღვევისას ადგილი არ ჰქონია დაზარალებულის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან/და მუქარის ფაქტებს), დანაშაულის მოტივი და მიზანი (ოჯახის წევრის სიმშვიდის დარღვევა), დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ (მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საქმეში არსებული მტკიცებულებები მიიჩნია პრეიუდიციად, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას).
4.4. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პ. კ-ისთვის დანიშნული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების შესაბამისია. ამასთან, დანიშნული სასჯელი ქმნის პ. კ-ის რესოციალიზაციის რეალურ და ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აგრეთვე – აღნიშნული ქმედებით გამოწვეული შედეგი.
4.5. აქვე, საკასაციო პალატა აღნიშნავს: მართალია, პ. კ-მა დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე – 2024 წლის 1 ივლისამდე – ჩაიდინა და მის მიერ ჩადენილი ოჯახური დანაშაული ექცევა ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში, თუმცა მასზე არ ვრცელდება ხსენებული მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, თანახმად ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა.
4.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.7. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე