საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №561აპ-24 7 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ-ი ხ., №561აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ხ. ქ-ის ადვოკატის – გ. ბ-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განაჩენით, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ანნა ცაგურიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი და ხ. ქ-ი (პირადი N----) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით.
1.2. მსჯავრდებულ ხ. ქ-ის ადვოკატმა – გ. ბ-ემ – საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 მარტის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:
2.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დაასკვნა, რომ ხ. ქ-მა ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
2.2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2021 წლის 4 ივნისს, საღამოს საათებში, გ-ის რაიონის სოფელ ქ-ში მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის – დ. ქ-ის – თანდასწრებით, ხ. ქ-მა იძალადა მეუღლე მ. ქ-ზე, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე დაარტყა ტანისა და თავის არეში, რის შედეგადაც, მ. ქ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორის განმარტებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება – დ. ქ-ის უდავო გამოკითხვის ოქმის სახით (საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ირიბია), რაც არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელ წინაპირობას, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის სახით.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ხ. ქ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობის შესახებ, რადგან სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ხ. ქ-ის მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება არამხოლოდ პრეიუდიციად მიჩნეულ არასრულწლოვან დ. ქ-ის გამოკითხვის ოქმს, არამედ – კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.
4.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ფიზიკური ტკივილის შეფასების ნაწილშიც და კვლავაც განმარტავს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 თებერვლის №746აპ-19 განჩინება). „ფიზიკური ტკივილის შეგრძნება“ დამოკიდებულია არა მხოლოდ სუბიექტურ, არამედ ობიექტურ კრიტერიუმზეც – ჩადენილი ქმედების ინტენსივობასა და დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე, რომელთა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დგინდება, განიცადა თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებების მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის №1003აპ-20 განაჩენი).
4.4. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები ხ. ქ-ისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ამ სავალდებულო ნიშნის დასადასტურებლად, რაზეც ვრცლად ისაუბრა სააპელაციო სასამართლომ თავის განაჩენში. შესაბამისად, საკასაციო პალატას უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ხ. ქ-ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების ადამიანში უდავოდ გამოიწვევდა ტკივილს.
4.5. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ურთიერთშეჯერებულობისა და თანხვდენილობის გათვალისწინებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელ სახელმძღვანელო სტანდარტს და, ამასთან, ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე, გამორიცხავს ხ. ქ-ისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხ. ქ-ის მსჯავრდება კანონიერია, ხოლო სანქცია – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებთან შესაბამისი.
4.6. აქვე, საკასაციო პალატა აღნიშნავს: მართალია, ხ. ქ-მა დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბერის კანონით განსაზღვრულ ვადამდე – 2024 წლის 1 ივლისამდე – ჩაიდინა და მის მიერ ჩადენილი ოჯახური დანაშაული ექცევა ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში, თუმცა მასზე არ ვრცელდება ხსენებული მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, თანახმად ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა.
4.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.8. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ არასრულწლოვანი დაზარალებულის – დ. ქ-ის და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის არ არის განმარტებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ, საკასაციო სასამართლო, მითითებული ნორმის საფუძველზე, დასახელებულ პირებს აცნობებს განსახილველი საქმის სასამართლო განხილვის საბოლოო შედეგს და განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების თაობაზე.
4.9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ხ. ქ-ის ადვოკატ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე