საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1040აპ-24 28 ნოემბერი, 2024 წელი
ბ-ე გ., №1040აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განაჩენზე, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივლისის განაჩენით, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებულ გ. ბ-ის (პირადი №-) მიმართ, დარჩა უცვლელად.
1.2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ. ბ-ემ ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 16:25 საათზე, გ. ბ-ე, ქ. რ-ში, ს-ის ქუჩის №--ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, გარდაცვლილი ძმის – მ. ბ-ის – მემკვიდრეობის საკითხზე ურთიერთშელაპარაკების დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ბ-ის შვილს – არასრულწლოვან ე. ფ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ აკუწავდა.
1.3. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ჟანა ერემაშვილმა – საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:
2.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დაასკვნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ ქმნის გ. ბ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი გ. ბ-ის უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული მუქარის ფაქტი, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა და შედეგად, მასში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გაჩენა.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, წარდგენილ ბრალდებაში გ. ბ-ის უდანაშაულობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა ობიექტურ პირს გ. ბ-ის მიერ მუქარის ჩადენის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები გამოკვეთს შემდეგ მოცემულობას: წარმოდგენილია ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარე, რომელთაც გააჩნიათ გარდაცვლილ მ. ბ-ის მემკვიდრეობის მიღების ინტერესი. სამოქალაქო ურთიერთობის ფარგლებში წარმოშობილი, აღნიშნული საკითხის განხილვას, 2023 წლის 4 სექტემბერს, ქ. რ-ში, ს-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ესწრებოდნენ: ერთი მხრივ, არასრულწლოვანი დაზარალებული ე. ფ-ი და დედამისი, ხოლო, მეორე მხრივ, გამართლებული გ. ბ-ე, დედამისი და მისი მეზობლები. დაზარალებულის და მისი დედის განმარტებით, გ. ბ-ე დაზარალებულს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუმცა აღნიშნული ფაქტი კონფლიქტის შემსწრე სხვა პირებს არ დაუდასტურებიათ. პირიქით, შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების განმარტებით, დაზარალებული ქმნიდა კონფლიქტურ ვითარებას, კერძოდ, ბრალდებულს მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ცდილობდა მის პროვოცირებას (სასამართლო სხდომის ოქმი – 22.12.2023, 17:56:14-17:56:29). ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმის თქმით, არასრულწლოვანი დაზარალებული დაჰპირდა გ. ბ-ეს, რომ „პრობლემას მოუწყობდა“, რის შემდეგაც დარეკა პოლიციაში (სასამართლო სხდომის ოქმი – 22.12.2023, 17:34:06-17:34:40).
4.4. გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, ყურადსაღებია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რომელშიც მკაფიოდ ჩანს, როგორ ეუბნება არასრულწლოვანი დაზარალებული პატრულის თანამშრომელს გ. ბ-ის მხრიდან მუქარის შესახებ, რაც, მისივე თქმით, გაიგო ფაქტის შემსწრე მეზობელმაც, თუმცა ამ უკანასკნელმა, როგორც ზემოთ აღინიშნა, სრულებით საპირისპირო განაცხადა და ცალსახად უარყო გ. ბ-ის მხრიდან მუქარისშემცველი ფრაზის გაჟღერება. იმის გათვალისწინებით, რომ ეჭვქვეშ არ დამდგარა შემთხვევის ადგილზე მყოფი მეზობლების ობიექტურობა, ეს ფაქტობრივი გარემოებები აჩენს ეჭვს დაზარალებულის და მისი დედის მიკერძოების შესახებ.
4.5. ამდენად, წარმოდგენილი ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებით, გ. ბ-ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის უტყუარად ჩადენა არ დასტურდება. უტყუარ მტკიცებულებათა არარსებობისას კი, საკასაციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს პირის მსჯავრდების გამორიცხვის შესახებ. შესაბამისად, რამდენადაც გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება გ. ბ-ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარა (ობიექტური კრიტერიუმი), საკასაციო სასამართლო ე. ფ-ის მიერ საფუძვლიანი შიშის განცდის შესახებ (სუბიექტურ კრიტერიუმი) აღარ იმსჯელებს.
4.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.7. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ჟანა ერემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე