საქმე # 330100122005699698
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№726აპ-24 23 დეკემბერი, 2024 წელი
ჯ–ი გ, 726აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. თ--ა და ვ. ა--ს – მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. დ-ა და მსჯავრდებულ გ. კ--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ-ს, საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:
1.1. გ. კ, დაბადებული --- წლის .. თებერვალს, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (20.12.2021 ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, გ. კ-ს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
გ. კ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 15 იანვრიდან.
1.2. ნ. ქ-. დაბადებული --- წლის .. მაისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (17.02.2022 ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, ნ. ქ-ს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
ნ. ქ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 5 აპრილიდან.
1.3. გ. ჯ-ი, დაბადებული ... წლის ... თებერვალს, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (21.02.2022 ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (05.04.2022 ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
გ. ჯ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 5 აპრილიდან.
2. გ. კ--ს, გ. ჯ–ისა და ნ. ქ--ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2021 წლის 19 დეკემბერს, თ-ში, გ. კ–მა ს. ა-ე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება შპს „გ-“-დან გამოტანილი და შენახული, 0.1171 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი,“ რაც 2021 წლის 20 დეკემბერს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ს. ა-ნ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განაჩენით გ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.
გ. ჯ–ი, ნ. ქ. და გ. კ. წინასწარ შეკავშირდნენ ნარკოტიკული საშუალების ერთობლივად, უკანონო გასაღების მიზნით და აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად 2022 წლის 6 იანვარს გამოცხადნენ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულება შპს „გ-“-ში, ისარგებლეს გატანის უფლებით და გამოიტანეს 5-5 დღის ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი მედიკამენტის კუთვნილი ულუფები–დოზები. კერძოდ: გ. ჯ–მა გამოიტანა 0.08 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი მედიკამენტის 10 აბი, ნ. ქ-მ გამოიტანა 0.08 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი მედიკამენტის 10 აბი, ხოლო გ. კ–მა გამოიტანა 0.12 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი მედიკამენტის 15 ტაბლეტი, რის შემდეგაც გ. ჯ-მა და ნ. ქ-მ გამოტანილი ნარკოტიკული საშუალებები შემდგომი გასაღების მიზნით გადასცეს გ. კ–ს, რომელმაც თავისი და გადაცემული ჯამურად 0.28 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი მედიკამენტის 35 აბი, იმავე დღეს, თ-ში, ა--ს ქუჩის №--ში მდებარე ს. ა--ს საცხოვრებელ სახლში, 750 ლარად გ. ჯ–სა და ნ. ქ-ან წინასწარი შეთანხმებით, გაასაღა ს. ა--ე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები 2022 წლის 6 იანვარს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ს. ა-ან.
გ. ჯ–ი, ნ. ქ. და გ. კ. წინასწარ შეკავშირდნენ ნარკოტიკული საშუალების ერთობლივად უკანონო გასაღების მიზნით და აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად 2022 წლის 12 იანვარს გამოცხადნენ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულება შპს „გ-“-ში, ისარგებლეს გატანის უფლებით და გამოიტანეს 5-5 დღის ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი მედიკამენტის კუთვნილი ულუფები-დოზები. კერძოდ: გ. ჯ–მა გამოიტანა 0.08 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი მედიკამენტის 10 აბი, ნ. ქ-მ გამოიტანა 0.08 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი მედიკამენტის 10 აბი, ხოლო გ. კ–მა გამოიტანა 0.12 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი მედიკამენტის 15 ტაბლეტი, რის შემდეგაც გ. ჯ-–მა და ნ. ქ-მ გამოტანილი ნარკოტიკული საშუალებები შემდგომი გასაღების მიზნით გადასცეს გ. კ-ს, რომელმაც მისთვის გადაცემული და მის მიერ გამოტანილი ნარკოტიკული საშუალებიდან 0.278 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი მედიკამენტის 35 აბი, იმავე დღეს, თ-ში, ა--ს ქუჩის №---ში მდებარე ს. ა-ს საცხოვრებელ სახლში, 1450 ლარად, გ. ჯ–სა და ნ. ქ-სთან წინასწარი შეთანხმებით, გაასაღა ს. ა--ე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები 2022 წლის 12 იანვარს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ს. ა--ს-ან ამოიღეს.
2022 წლის 17 თებერვალს, თ-ში, ქ--ს ქუჩის N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ. ქ-მ გ. ბ-ზე 800 ლარად უკანონოდ გაასაღა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულება შპს „გ“-დან გამოტანილი და შენახული 0.0634 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი,“ რაც 2022 წლის 17 თებერვალს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ. ბ-ნ ამოიღეს.
2022 წლის 21 თებერვალს, თ-ში, ნ--ს ქუჩის N--, ბინა N---ში არსებულ ნ. ქ--ს საცხოვრებელ ბინაში, გ. ჯ-მა, თანხის სანაცვლოდ, გ. ბ-ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულება შპს „გ-“-დან იმავე დღეს გამოტანილი და შენახული, 0.0635 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი,“ რაც 2022 წლის 21 თებერვალს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ. ბ-ნ ამოიღეს.
ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე გ. ჯ–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება საერთო რაოდენობით 0.0035 გრამი ,,ბუპრენორფინი,“ რასაც 2022 წლის 5 აპრილს, ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად, თ-ში, ნ-ს დასახლების N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2022 წლის 5 აპრილს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ. ჯ–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განაჩენით:
მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. ბ--ს, მსჯავრდებულ ნ. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ვ. ა-სა და ნ. თ, მსჯავრდებულ გ. ჯ-–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – მ. შ--სა და თ. დ. სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორები – მსჯავრდებულ ნ ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები – ნ. თ---ა და ვ. ა--ე ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას ნ. ქ--ს ნაწილში და მის ნაცვლად, გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას.
4.1. საკასაციო საჩივრების მიხედვით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა პირის მიმართ ბრალის დასადასტურებლად. ნ. ქ. თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი დაიკითხა სასამართლოში, სადაც დეტალურად ისაუბრა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია, პიროვნება ასაღებდეს ნარკოტიკულ საშუალებებს და კოლოფზე ეწეროს მისი პირადი მონაცემები, სახელი და გვარი. ს. ა-, დიდი ხანია, შსს ორგანოებთან თანამშრომლობს.
5. კასატორი – მსჯავრდებულ გ. ჯ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი თ. დ-ი – ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას გ. ჯ-ის მიმართ: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), აგრეთვე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ნაწილში; ხოლო, რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტს, ხსენებულ ნაწილში, ბრალის აღიარების საფუძველზე, დაცვის მხარე ითხოვს, გ. ჯ–ს მიესაჯოს მინიმალური ზომის სასჯელი მისი პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.
5.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, გ. ჯ–ი უარყოფს რაიმე კავშირს ნარკოტიკების გასაღების მხრივ. იგი დაიკითხა სასამართლოში, რა დროსაც აღნიშნა, რომ სხვა ბრალდებულებთან ერთად ჩართული იყო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში და სამკურნალო მიზნით იღებდა ნარკოტიკულ საშუალებებს. კორონავირუსის დროს მას ჰქონდა ნარკოტიკული საშუალების გამოტანის უფლება. ვინაიდან სახლში ჰყავდა პენსიონერი დედა, რომელმაც მისი ნარკოდამოკიდებულების თაობაზე არ იცოდა, ამდენად, უსაფრთხოების მიზნით ნარკოტიკი სახლში არ მიჰქონდა და იგი გ. კ-ს მიაბარა. გ. კ-მა, თავის მხრივ, იგი მეგობარს – ს. ა-ს – მიაბარა. გ. ჯ-ი ნარკოტიკის მოხმარებას არ უარყოფს, აღნიშნულს მისი ჩანაცვლების თერაპიაში ჩართვაც ადასტურებს.
6. კასატორი – მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი დ. თ-. – ითხოვს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას, გ. კ-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; კვალიფიკაციის შეცვლას შეძენა-შენახვით და შემამსუბუქებელ გარემოებებზე დაყრდნობით, კანონით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნას.
6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, მსჯავრდებული გ. კ. ნარკოტიკების მომხმარებელია, რასაც აღიარებს და ინანიებს, მაგრამ რეალიზაციის ნაწილში იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მოსამართლემ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მხოლოდ დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო შემამსუბუქებელ გარემოებებს კი ყურადღება არ მიაქცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. თ--ა და ვ. ა--ს, მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ--ს, მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. დ. საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება:
2. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
გ. კ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (20.12.2021 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებები;
ნ. ქ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (17.02.2022 ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებები;
გ. ჯ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებითა (21.02.2022 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (05.04.2022 ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებები.
3. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის: მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები – გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით ადასტურებს გ. კ-ს, გ. ჯ-ისა და ნ. ქ-ს მიერ მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.
4. საკასაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიმოიხილა დეტალურად და გაანალიზა მათი კავშირი წარდგენილ ბრალდებებთან; მათ საკასაციო სასამართლო სრული ფორმით აღარ გაიმეორებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ისინი უტყუარი ფორმით ადასტურებს სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებების კონკრეტულ შემადგენლობას, კერძოდ:
5. გ კ-ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტთან (2021 წლის 19 დეკემბრის ეპიზოდი) დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ს. ა--ს სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაზე, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ 2021 წლის 19 დეკემბერს შეიძინა ნარკოტიკული საშუალება გ. კ-ან, რომელიც 2021 წლის 20 დეკემბერს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს. ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ს. ა--ს პირადი ჩხრეკისას 2022 წლის 20 დეკემბერს ამოღებული აბები მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ (საერთო წონით – 0,1171 გრამს). ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულება შპს „გ--“-ის წერილის თანახმად, გ. კ–მა 2021 წლის 19 დეკემბერს დალია მისი ულუფა და ამასთან, ნამდვილად ისარგებლა გატანის უფლებით (ხუთი დღის ულუფით). საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების – რ. ი--ს, ა. მ--სა და ნ. ყ--ს – ჩვენებებით, დადასტურებულია ს. ა--ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
6. რაც შეეხება მსჯავრდების სხვა ეპიზოდებს, უტყუარად დადასტურებულია, რომ გ. კ, გ. ჯ-ი და ნ. ქ. ჩართულნი იყვნენ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში, რა დროსაც, პანდემიის გამო, სარგებლობდნენ ნარკოტიკული საშუალების გარკვეული ულუფების გატანის უფლებით. შპს ,,გ--ის’’ აღმასრულებელი დირექტორის წერილებით დადასტურებულია, რომ გ. ჯ–მა, გ. კ-მა და ნ. ქ-მ 2022 წლის 6 იანვარსა და 12 იანვარს გამოიტანეს 5-5 დღის კუთვნილი ულუფები. გ. ჯ-მა და ნ. ქ-მ 2022 წლის 6 იანვარსა და 12 იანვარს გამოიტანეს 0.08 – 0.08 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი მედიკამენტის 10-10 აბი, ხოლო გ. კ-მა ამავე რიცხვებში გამოიტანა 0.12 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი მედიკამენტის 15 აბი.
7. მსჯავრდებულ – გ. ჯ-ისა და ნ. ქ-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ მათ გ. კ–ს გადასცეს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამიდან წინასწარ გამოტანილი რამდენიმე დღის მოხმარებისთვის განკუთვნილი ნარკოტიკული საშუალებები, თუმცა, ამავდროულად, აღნიშნეს, რომ ვინაიდან ოჯახისთვის არ იყო ცნობილი მათ მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, გადაწყვიტეს კუთვნილი აბები უსაფრთხო ადგილზე შესანახად გადაეცათ გ. კ--ის.
8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულებს ნარკოტიკული საშუალების გადაცემის შემდეგ, ხელზე ეძლეოდათ ჩამანაცვლებელი საშუალების გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, სამკურნალო საშუალებები იყო დალუქული და პაციენტს უნდა მოეხმარა დღეში ერთი კონტეინერი მასზე მითითებული თარიღის შესაბამისად. ამდენად, არასარწმუნოა დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ თითქოს გ. ჯ-მა და ნ. ქ-მ შესანახად მიაბარეს კუთვნილი ყოველდღიური ულუფები გ. კ-ს; მოცემული ფაქტობრივი გარემოება მეტად არასარწმუნოა, იმ ნაწილში, რომ ამ უკანასკნელმა სამივეს კუთვნილი ნარკოტიკული საშუალება შესანახად წაიღო ს. ა--ნ, რომელთანაც, ნ. ქ--სა და გ. ჯ–ს განმარტებით, არანაირი მეგობრული ურთიერთობა არ აკავშირებთ.
9. ფარული საგამოძიებო მოქმდებით, ს. ა-ს ჩვენებით, მოწმეთა ჩვენებებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დასტურდება, რომ გ. ჯ–მა და ნ. ქ-მ გამოტანილი ნარკოტიკული საშუალებები შემდგომში გასაღების მიზნით გადასცეს გ. კ–ს, რომელმაც თავისი და გადაცემული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი მედიკამენტის – 35-35 ტაბლეტი, 2022 წლის 6 იანვარსა და ამავე წლის 12 იანვარს, თ-ში, ა-ს ქუჩის №--ში მდებარე ს. ა-ს საცხოვრებელ სახლში, 750 ლარად და 1450 ლარად გ. ჯ–სა და ნ. ქ-სთან წინასწარი შეთანხმებით, გაასაღა ს. ა-ე. ვიდეოჩანაწერებში გ. კ. ს. ა-ს გადასცემს კონტეინერებს, ხოლო მოწმე, სანაცვლოდ, აწვდის საკონტროლო შესყიდვისთვის გამოყოფილ თანხებს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 2022 წლის 12 იანვრისა და 2022 წლის 13 იანვრის დასკვნების თანახმად, ს. ა--სგან ამოღებული მედიკამენტები წარმოდგენს ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველ აბებს.
10. რაც შეეხება 2022 წლის თებერვლის ეპიზოდებს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოწმეების: გ. ლ--ს, კ-ე გ--ა და გ. ბ-ს ჩვენებებზე, რომლებიც არის თანმიმდევრული, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს და სრულად შეესაბამება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. გ. ლ--მ და კ-ე გ--მ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული ოპერატიული, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე. მათ გ. ბ--ნ ამოიღეს ნ. ქ--სა და გ. ჯ-ან საკონტროლო შესყიდვის გზით შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები. გ. ბ-მ ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ საკუთარი ნებით გადაწყვიტა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და განცხადებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერებითა და მათი გაშიფრული კრებსებით ირკვევა, რომ ნ. ქ, გ. ჯ–ი და გ. ბ. განიხილავენ ნარკოტიკული საშუალების შეძენის დეტალებს, ჩანს მათი შეხვედრის მომენტები და მსჯავრდებულების მიერ გ. ბ--ის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის ფაქტები, ასევე გ. ბ--ს მიერ ნ. ქ-ის ფულის გადაცემა, რა დროსაც მსჯავრდებული უნაწილებს თანხას გ. ჯ-ს.
11. თავის მხრივ, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოფაილებზე მონტაჟის ნიშნები არ შეინიშნება. ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათსა და არსებულ ნ. ქ--ს ფოტოსურათებზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება; ასევე დადასტურებულია, რომ ფონოგრამებში საუბრობენ: ნ. ქ. და გ. ჯ-ი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ:
ნ. ქ-მ 2022 წლის 17 თებერვალს გ. ბ--ზე 800 ლარად უკანონოდ გაასაღა 0.0634 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი,“ რაც 2022 წლის 17 თებერვალს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ. ბ--ნ ამოიღეს. ასევე, რომ 2022 წლის 21 თებერვალს ნ. ქ-ს საცხოვრებელ ბინაში გ. ჯ–მა უკანონოდ გაასაღა 0.0635 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი,“ რაც 2022 წლის 21 თებერვალს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აგრეთვე ამოიღეს გ. ბ-ნ.
12. საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია (რაც დაცვის მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა), რომ გ. ჯ–ი პირადად უკანონოდ ინახავდა ორ აბ ნარკოტიკული საშუალების შემცველ მედიკამენტს. ქიმიური ექსპერტიზის N.../ქრ დასკვნით უტყუარად დადგენილია, რომ გ. ჯ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი აბი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს,“ წონით – 0,0035 გრამს, ხოლო შპს ,,გ-ის’’ აღმასრულებელი დირექტორის – გ. წ-ს – 2022 წლის 6 აპრილის წერილით დადასტურებულია, რომ გ. ჯ-–ს 2022 წლის 5 მარტიდან ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში აღარ უსარგებლია მედიკამენტის გატანის უფლებით და მხოლოდ დაწესებულებაში იღებდა მისთვის განკუთვნილ დოზას. შესაბამისად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია გ. ჯ--ის მიერ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის (საერთო რაოდენობით 0.0035 გრამი) უკანონოდ შეძენის ფაქტი, რასაც 2022 წლის 5 აპრილს, ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან თანხვდენილი, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა, ექსპერტიზის დასკვნებთან, ისევე როგორც სხვა წერილობით მტკიცებულებებთან ერთობლივად, ქრონოლოგიურად გამოკვეთს ბრალად წარდგენილი ქმედებების უტყუარად ჩადენის ფაქტს. დაცვის მხარის არგუმენტებს, მათ შორის – ს. ა-სა და გ. ბ--ს ჩვენებების შეფასების ნაწილში, სააპელაციო პალატამ გასცა პასუხები, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება და აღარ გაიმეორებს.
14. რაც შეეხება ნ. ქ-ს, გ. კ-სა და გ. ჯ–ისათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი შეესაბამება მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათსა და პიროვნებებს.
15. სააპელაციო სასამართლომ, საქმეში არსებულ ყველა მნიშვნელოვან გარემოებასთან ერთად, გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულებმა მტკიცებულებათა ნაწილი გახადეს უდავოდ და არც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ იკვეთებოდა; ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონს, რომლის მე-7 მუხლით, ამნისტია არ ვრცელდება, მათ შორის, განსახილველი საქმით გამოკვეთილ დანაშაულებზე (კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებზე).
16. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს (მსჯავრი დაედო გ. ჯ–ს და სწორედ ამ ეპიზოდში, დაცვის მხარე მათ შორის ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას), მასზე ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, კერძოდ, მოცემული მუხლის თანახმად:
განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, გაუნახევრდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი. ამასთანავე, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, მასზე ამ მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისთვის.
17. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საქმის მასალებით ზემოხსნებული მე-2 მუხლის პირველი და მეხუთე პუნქტებით დადგენილი წინაპირობები გამოკვეთილია, ამდენად, ამ ნაწილში გ. ჯ-ს დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მისჯილი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთისგან მოსახდელად უნდა განესაზღვროს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; თუმცა, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მოსახდელი სასჯელი – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა – მას დარჩება უცვლელად, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, ამ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით დადგენილი შეღავათი არ ვრცელდება.
18. ამდენად, მსჯავრდებულ ნ. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. თ--ა და ვ. ა--ს, მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ-ს, მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. დ. საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განაჩენი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონზე დაყრდნობით, მსჯავრდებულ გ. ჯ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მის სასიკეთოდ უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. ქ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. თ-ა და ვ. ა--ს, მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. თ-ს, მსჯავრდებულ გ. ჯ-–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. დ. საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2.1. გ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (20.12.2021 ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, გ. კ–ს განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო – 20 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2022 წლის 15 იანვრიდან.
2.2. ნ. ქ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (17.02.2022 ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, ნ. ქ-ს განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
ნ. ქ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავებიდან – 2022 წლის 5 აპრილიდან.
2.3. გ. ჯ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებითა და მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით (21.02.2022 ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 13 წლით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (05.04.2022 ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, გაუნახევრდეს და მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებითა და მე-7 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, გ. ჯ–ს განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 15 წლით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო – 20 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
გ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2022 წლის 5 აპრილიდან.
3. მოცემულ საქმეზე არსებული მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
4. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი