Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-754-02 30 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1965 წლიდან ე. ლ-ე ა. ლ-ესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ქალიშვილი.

1988 წელს მეუღლეებმა შეიძინეს ქ.თბილისში, ... მდებარე ბინის 1/2½წილი, რომელიც ა. ლ-ის სახელზე აღირიცხა.

2000წ. 23 თებერვალს ე. ლ-ესთან შეთანხმების გარეშე ა. ლ-ემ გ. ქ-თან დადო იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირვა ზემოაღნიშნული სახლი.

ე. ლ-ემ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა. ლ-ისა და გ. ქ-ის მიმართ და მოითხოვა 2000წ. 23 თებერვლის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რადგან აღნიშნული გარიგების დადება მოხდა მისი, როგორც თანამესაკუთრის, თანხმობის გარეშე.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას არ იქნა მიღებული თანამესაკუთრის ნებართვა, რომელიც აუცილებელი იყო საზიარო ქონების უფლებრივი დატვირთვისათვის.

გ. ქ-მა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ე. ლ-ის სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო სახლი რეგისტრირებულია ა. ლ-ის სახელზე და ვინაიდან ბინის მესაკუთრედ აღრიცხულია ის, ამიტომ მას უფლება ჰქონდა, იპოთეკით დაეტვირთა საკუთრებაში არსებული ბინა. საჯარო რეესტრში კი ე. ლ-ე სადავო ბინის მესაკუთრედ არ არის აღრიცხული და მისი თანხმობის არ არსებობა ვერ გახდება ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი სკ-ს 312-ე მუხლის შესაბამისად.

ე. ლ-ემ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი სადავოდ არ ხდის ა. ლ-ის საკუთრების უფლებას სადავო ბინაზე; სააპელაციო პალატამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა წარმოშობილ ურთიერთობას, რადგან რეესტრის მონაცემების სისწორე დავის საგანს არ წარმოადგენს, დავის საგანს წარმოადგენს იპოთეკის ხელშეკრულების კანონიერება, რომლის დადებისას აუცილებელია მეუღლის თანხმობა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის 1/2½ ნაწილი, რომელიც ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით რეგისტრირებულია ა. ლ-ის სახელზე, ამ უკანასკნელსა და ა. ქ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დატვირთულია იპოთეკით. აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულება სადავო გახადა ა. ლ-ის მეუღლემ ე. ლ-ემ იმ საფუძვლით, რომ იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო მისი, როგორც თანამესაკუთრის, თანხმობის გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ სკ-ს 170-ე მუხლის თანახმად ა. ლ-ეს, როგორც მესაკუთრეს, უფლება ჰქონდა, გაესხვისებინა ან იპოთეკით დაეტვირთა მის საკუთრებაში არსებული ბინა.

პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, აღნიშნული კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა გარიგების ბათილად ცნობაზე, ისე, რომ არ დაუდგენია რიგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, რა პირობებში მოხდა ხელშეკრულების გაფორმება, გამოხატეს თუ არა მხარეებმა თავისი ნება, იცოდა თუ არა მოსარჩელე მხარემ სადავო გარიგების გაფორმების თაობაზე ან მეუღლემ იცოდა თუ არა თავისი უფლებამოსილების შესახებ სკ-ს 1160-ე მუხლის შესაბამისად.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გაარკვიოს ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, ხომ არ ჰქონდა ადგილი სკ-ს 1170-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევას. კერძოდ, ის რაც მხარის მიერ ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულ იქნა თუ არა მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული საკითხების გარკვევის შემდეგ უნდა გადაწყდეს სადავო იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკითხი.

ვინაიდან ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არაა დადგენილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, პალატა არაა უფლებამოსილი, თვით მიიღოს გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

ე. ლ-ეს გადაევადოს, სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.