საქმე # 820100123006953285
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №773აპ-24 თბილისი დ-ე ვ. 773აპ-24 26 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – პ. ბ-სა და მ. მ-ს და ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. დ-ს დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატება შემდეგით:
1.1. 2022 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით, 02:00 საათზე, ქ-ს მუნიციპალიტეტის, სოფელ ც-ში, მე-... ქუჩის მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის სქესობრივი თავისუფლებისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, ვ. დ-მ თავის „BMW X5“-ის მარკის ავტომობილში (სახელმწიფო ნომერი: ... ) ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელების გაკავებით, კაბის წამოწევით, ზემოდან მოქცევითა და მუხლებით ფეხების გაშლით, დაძლია ფიზიკურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი მ. პ-ს წინააღმდეგობა და დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, მის სხეულში – საშოში, სასქესო ორგანოს გამოყენებით, განახორციელა სექსუალური ხასიათის შეღწევა.
1.2. 2022 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ბ-ში, ნ. ფ-ს ქუჩის №...-ს მიმდებარედ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის, მესაკუთრული და ქალის სქესობრივი თავისუფლებისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყელის არეში ხელის მოჭერითა და წამოწევით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ. პ-ს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.3. 2022 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ბ-ში, ნ. ფ-ს ქუჩის №...-ს მიმდებარედ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის, მესაკუთრული და ქალის სქესობრივი თავისუფლებისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, ვ. დ-ე ეჭვიანობის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. პ-ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2022 წლის 23 ნოემბერს, ვ. დ-მ დაახლოებით, 19:00 საათზე, ბ-ში, ნ. ფ-ს ქუჩის №...-ს მიმდებარედ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის, მესაკუთრული და ქალის სქესობრივი თავისუფლებისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, ეჭვიანობის ნიადაგზე, ავტომობილის გასაღების გამორთმევით, ავტომობილისაკენ გათრევით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ავტომობილში მოთავსებითა და ხელებზე ხელის მოჭერით, თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედებით, წინმსწრები მუქარის შიშით, ფიზიკურად და ფსიქიკურად აიძულა მ. პ-ა, ჩამჯდარიყო თავის „Toyota RAV4“-ის მარკისა და მოდელის ავტომობილში (სახ. ნომერი: ...) გაჰყოლოდა და ესაუბრა მასთან.
1.5. 2022 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე, ქ. ბ-ში, მდინარე ჭ-ს მარჯვენა სანაპიროზე, ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის, მესაკუთრული და ქალის სქესობრივი თავისუფლებისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, ეჭვიანობის ნიადაგზე, ვ. დ-მ ყელის არეში ხელის მოჭერით, ხელების გადაგრეხვით, სახის არეში ხელის დარტყმითა და წაქცევით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ. პ-ს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.6. 2022 წლის 15 აგვისტოდან 2022 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით, ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-სა და ბ-ში, ვ. დ-ე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის, მესაკუთრული და ქალის სქესობრივი თავისუფლებისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, ეჭვიანობის ნიადაგზე, პირადი ურთიერთობით, უკანონო თვალთვალით, სატელეფონო თუ სოციალური ქსელით ზარებითა და მიმოწერით, შანტაჟით, ავტომობილისა და ძაღლის განადგურების მუქარით, მ. პ-ან ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, რომელიც იყო სისტემატიური და იწვევდა მის ფსიქიკურ ტანჯვას, ძალადობის გამოყენებისა და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რამაც მ. პ-ა აიძულა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.
1.7. 2022 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით, 01:05 საათზე, ბ-ში, თ. მ-ს გამზირის №...-ის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკებისას, ვ. დ-მ სახის არეში თავი ჩაარტყა თ. ქ-ს, რის შედეგადაც თ. ქ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ მას არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 აგვისტოს განაჩენით:
2.1. ვ. დ-ე, დაბადებული ... წლის ... მაისს, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა – საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 23 ნოემბრის 20:00 საათის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
2.2. ვ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 23 ნოემბრის 19:00 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;
2.3. ვ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით;
2.4. ვ. დ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით;
2.5. ვ. დ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 12 აგვისტოს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 თვით.
2.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ერთმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. დ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 9 თვით, რომლის მოხდა დაეწყო დაკავებიდან – 2022 წლის 28 ნოემბრიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 3 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი – ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რამაზ შანიძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ვ. დ-ს დამნაშავედ ცნობას ყველა ბრალად წარდგენილ ეპიზოდში, გენდერული დისკრიმინაციის გათვალისწინებით; აგრეთვე მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. კასატორები – მსჯავრდებულ ვ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები – პ. ბ-ე და მ. მ-ე – ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის გაუქმებას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 12 აგვისტოს ეპიზოდი) მსჯავრდების ნაწილში და ამ ნაწილში მის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას; დანარჩენ ნაწილში კი ვ. დ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.
8. მოცემულ შემთხვევაში, ვ. დ-ს ბრალად ედებოდა ქმედებები, გათვალისწინებული:
9. საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 23 ნოემბრის 20:00 საათის ეპიზოდი), სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 23 ნოემბრის 19:00 საათის ეპიზოდი), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 12 აგვისტოს ეპიზოდი;
10. ზემოაღნიშნული ბრალდებებიდან ვ. დ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 23 ნოემბრის 20:00 საათის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში; ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა ვ. დ-ს ქმედებებში გენდერული დისკრიმინაციის არსებობის ფაქტი. შესაბამისად, პროკურორი ითხოვს ვ. დ-ს დამნაშავედ ცნობას ყველა გამართლებული ბრალდების ეპიზოდში, გენდერული დისკრიმინაციის გათვალისწინებით. აგრეთვე მსჯავრდებულისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას; ხოლო დაცვის მხარე განაჩენის გაუქმებას ითხოვს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 12 აგვისტოს ეპიზოდით) მსჯავრდების ნაწილში და ვ. დ-ს მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას.
11. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს ზემოაღნიშნული საკასაციო საჩივრების მოთხოვნის ფარგლებში, კერძოდ:
12. მოცემულ შემთხვევაში, ვ. დ-ს მიერ ძალადობის (2022 წლის 12 აგვისტოს ეპიზოდი) ჩადენა დასტურდება დაზარალებულ თ. ქ-ს თანმიმდევრული ჩვენებით; ამასთან, ხსენებული მტკიცებულება შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს. მოწმე მ. პ-მ განმარტა, რომ 2022 წლის 12 აგვისტოს, მ-ს ტერიტორიაზე, ვ. დ-მ თავი ჩაარტყა უცნობ მამაკაცს. მოწმის სახით დაკითხული, პოლიციის თანამშრომლების: დ. ხ-სა და დ. ღ-ს ჩვენებებით, 2022 წლის 12 აგვისტოს მიიღეს შეტყობინება ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების საფუძველზე, ტელეფონით დაუკავშირდნენ თ. ქ-ს, რომელმაც განმარტა, რომ თეთრი მინივენით მოძრავმა უცნობმა პირმა არასწორი მანევრით გადაასწრო, რაზეც მან უსაყვედურა მძღოლს. საყვედურს მოჰყვა შელაპარაკება, რა დროსაც უცნობმა პირმა მას თავი ჩაარტყა სახის არეში. ხსენებულმა მოწმეებმა მიუთითეს, რომ თ. ქ-ა სახეზე გაწითლებული იყო. ვ. დ-ს მობილური ტელეფონიდან, გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, ,,ვოთსაპის“ აუდიოფაილში აღმოჩნდა ვ. დ-ს შეტყობინება; მათ შორის, იგი 2022 წლის 18 აგვისტოს ადრესატს სწერს, რომ „შარი“ ნახა. ერთმა კაცმა უჩივლა, რადგანაც მას თავი ჩაარტყა.
13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდების ზემოხსენებულ ეპიზოდში ვ. დ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, რადგან მოცემულ ნაწილში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები პირის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გამტყუნებისათვის. ამასთან, არც დაცვის მხარეს მიუთითებია საჩივარში რაიმე სახის არგუმენტზე, რომელიც საკასაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის განაჩენისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველს შეუქმნიდა. ადვოკატებმა მხოლოდ ზოგადი ფორმულირებით მოითხოვეს მოცემული მსჯავრდების ეპიზოდში ვ. დ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის საჩივრის მოთხოვნას მისი უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს.
14. რაც შეეხება ვ. დ-ს მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღებას – საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 23 ნოემბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 23 ნოემბრის 20:00 საათის ეპიზოდი), საკასაციო სასამართლო ამ ნაწილებში აგრეთვე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს და აღნიშნავს, რომ ბრალდების ხსენებულ ეპიზოდებში პირდაპირი მტკიცებულების სახით ფაქტობრივად, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არის წარმოდგენილი. თავად ვ. დ-ე ამავე ეპიზოდებში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
15. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, ქ-ს მუნიციპალიტეტის, სოფელ ც-ში, ვ. დ-ე და მ. პ-ა ერთად იმყოფებოდენ. მათ ზღვის სანაპიროზე ჰქონდათ სქესობრივი ურთიერთობა. სადავოა სქესობრივი ურთიერთობის ნებაყოფლობითობის საკითხი. მ. პ-ა ცალსახად აღნიშნავს, რომ ის წინააღმდეგი იყო სქესობრივი ურთიერთობისა და აღნიშნული მოხდა იძულებით, ძალადობის გზით.
16. ირიბმა მოწმეებმა – მ. ბ-მ და ა. ა-მა განმარტეს, რომ გაუპატუირების თაობაზე ინფორმაციას ისინი მ. პ-ან ფლობენ.
17. მოწმე მ. ც-ს ჩვენებით დგინდება, რომ 2022 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით, ღამის 02:00 საათისათვის იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება – მ. პ-ზე ფიზიკურად ძალადობის შესახებ. უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ. ბ-ან ერთად, შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე გავიდა, სადაც აღელვებული მ. პ-ა დახვდა. გასაუბრებისას გაირკვა, რომ 2022 წლის 23 ნოემბერს მ. პ-ზე მისი მეუღლის მეგობარმა – ვ. დ-მ ფიზიკურად იძალადა. ასევე, რომ იგი მას აკონტროლებდა. მოწმეს გაუპატიურების შესახებ პოლიციისათვის არ უთქვამს. ანალოგიურად, მიუთითა მოწმე ზ. ბ-მაც.
18. მოწმე ვ. ნ-მ განმარტა, რომ დაზარალებულის საუბარს ესწრებოდა თარჯიმანი. ის საუბრობდა იძულებასა და ძალადობაზე, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ვ. დ-მ გააუპატიურა. სწორედ ამიტომ, გამოკითხვის ოქმში არაა მითითებული გაუპატიურების შესახებ.
19. რაც შეეხება სხვა მოწმეებს, დ. ვ-მ სხდომაზე განმარტა, რომ მ. პ-ა და ვ. დ-ე ერთად ნახა მ. პ-ს საძინებელში. ისინი ერთად იწვენ საწოლში და ეძინათ.
20. მოწმის სახით დაკითხულმა მ. გ-მ განმარტა, რომ მუშაობს სასტუმრო ,,მ-ში“ (მენეჯერის პოზიციაზე). ვ. დ-ე სასტუმროში მუშაობდა ექსკურსია-მძღოლად. მან სამსახურში მოიყვანა და გააცნო მეგობარი გოგონა – მ. პ-ა. ისინი ზაფხულში სასტუმროში ერთად არაერთგზის იყვნენ. დაჰყავდა ექსკურსიებზეც. მ. პ-ა სასტუმროში დადიოდა ვ-ს გარეშეც. ღვინის დეგუსტაციაზე მოდიოდა, ვ-ს ელოდა. მისი მანქანითაც მოძრაობდა. მისთვის ცნობილი იყო, რომ მ. იყო ვ-ს მეგობარი ქალი და ნომერშიც ერთად რჩებოდენ. ერთხელ ვ-მ მ. სტუმრად წაიყვანა შ-ში და სტუმრებისათვის განკუთვნილ ნალიაში ერთად დარჩენ.
21. ნ. ა-მ განმარტა, რომ ვ. დ-ე მისი მეგობარია. ისინი ერთად მუშაობდენ სასტუმრო ,,მ-ში“. მან 2022 წლის ზაფხულში სასტუმროში მიიყვანა და გააცნო მეგობარი გოგონა – მ. პ-ა, რომელიც სასტუმროში რამდენჯერმე მივიდა თეთრი ჯიპით. იგი ვ. დ-ს აკითხავდა სამსახურში. რამდენჯერმე სასტუმროს ნომერშიც ერთად იყვნენ. აგვისტოში სასტუმროს ნომერი მან ორჯერ გამოუყო და ისინი ღამით ერთად დარჩენ. ორჯერ ვ. დ-ს ახლდა ღვინის დეგუსტაციაზე. იყო შემთხვევები, როცა მ. პ-ა მარტო მიდიოდა სასტუმროში და ელოდებოდა ვ. დ-ს.
22. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილი გააანალიზებით, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დადასტურებულად არ მიაჩნია ვ. დ-ს მიერ გაუპატიურების ჩადენა. ბრალდების ამ ნაწილში სისხლის სამართლის საქმის მასალები საკმარისი და ერთმანეთთან თანხვდენილი არ არის, რის გამოც, პროკურორის მოთხოვნა მოცემულ ეპიზოდში მისი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
23. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 23 ნოემბრის 20:00 საათის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდებასთან მიმართებით, პროკურორს აგრეთვე წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. მან მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ ვ. დ-მ 2022 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე, ბ-ში, მდინარე ჭ-ს მარჯვენა სანაპიროზე, ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყელის არეში ხელი მოუჭირა, ხელები გადაუგრიხა, სახის არეში დაარტყა და წააქცია, რის შედეგადაც ტკივილი განიცადა. სხვა პირდაპირი/უტყუარი სახის მტკიცებულება ბრალდების მხარეს ამ ნაწილში არ წარმოუდგენია. ამასთან, მსჯავრდებული ვ. დ-ე წარდგენილ ბრალდებას უარყოფს.
24. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ:
25. როგორც დაზარალებულმა მ. პ-მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, მან 2022 წლის ნოემბერში ვარჯიში დაიწყო ფიტნეს კლუბ ,,ო-ში“. ვ. დ-მ მოითხოვა, რომ ვარჯიშზე თავად მას მიეყვანა. დარბაზში მისვლის შემდეგ, მან ვ. დ-ს მოსთხოვა დარბაზიდან წასულიყო. ვ. დ-ე არ მიდიოდა დარბაზიდან და მწვრთნელს სთხოვა, სხვა სივრცეში ევარჯიშათ. მან ვ. დ-ს მოსთხოვა თავი დაენებებინა და წასულიყო. ვარჯიშის დასრულების შემდეგ დაბრუნდა შენობის მიმდებარე პარკინგზე, რა დროსაც გვერდიდან უეცრად გამოვიდა ვ. დ-ე, მძლავრად მოუჭირა ორივე ხელი ყელზე და ზემოთ წამოსწია, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმავდროულად მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ვ. დ-ს მუქარამ მას გაუჩინა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
26. მოწმე მ. ბ-მ განმარტა, რომ 2022 წლის 23 ნოემბერს მ. პ-ა სავარჯიშოდ წავიდა და მოგვიანებით, სახლში დაბრუნდა ვ. დ-ან ერთად. მან შენიშნა, რომ მ. იყო ნამტირალევი და აღელვებული. გარკვეული დროის განმავლობაში ისინი საუბრობდნენ აივანზე. ჰკითხა მ-ს, თუ რა უნდოდა და რატომ არ მიდიოდა ვ. დ-ე, თუმცა მ-მ იმ მომენტში არაფერი უპასუხა, მხოლოდ უთხრა: ,,წავა“. ვ. დ-ე მოგვიანებით წავიდა და როდესაც მ-ს კვლავ ჰკითხა, თუ რა მოხდა, მან უთხრა, რომ ვ. დ-მ ფიტნეს კლუბთან და შემდეგ – მდინარე ჭ-ს სანაპიროზე სცემა.
27. ზ. ჯ-მ განმარტა, რომ ფიტნეს კლუბ ,,ო-ში“ მუშაობს მწვრთნელის პოზიციაზე. 2022 წლის 23 ნოემბერს, საღამოს, მ. პ-ა სავარჯიშოდ მივიდა კლუბში. მას ახლდა ვ. დ-ე. მ. პ-ა მოსვლის შემდეგ შევიდა გამოსაცვლელ ოთახში და როდესაც გამოვიდა, ვარჯიშის დაწყებამდე ესაუბრა ვ. დ-ს, თუმცა რას საუბრობდნენ, მისთვის უცნობია. ვარჯიშის დაწყებამდე, ვ. დ-ე შორიდან მიესალმა. სხვა საუბარი მათ არ ჰქონიათ. ვ. დ-ს მიერ მ. პ-ზე ძალადობის თაობაზე მისთვის ცნობილი არაა.
28. მოწმე ვ. ნ-ს ჩვენებით, მ. პ-მ მას დაკითხვის დროს განუმარტა, რომ მისი მეუღლის მეგობარი – ვ. დ-ე, 2022 წლის 23 ნოემბერს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მუქარის გამო ის შეშინდა.
29. გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით ვერ დასტურდება ვ. დ-ს მიერ უშუალოდ მუქარის შემადგენლობის ჩადენის ფაქტი.
30. მ. პ-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, იგი ვ. დ-ს ეუბნება, რომ საშიში ადამიანია და არ სურს მასთან შეხვედრა. გუშინდლის შემდეგ, მას აღარ სჯერა მისი სიყვარულის. ,,ზაპრავკასთან“ რომ ექაჩებოდა, ეს არ იყო კარგი საქციელი. ვ. დ-ე პასუხობს, იმიტომ ექაჩებოდა, რომ უნდოდა მანქანაში ჩამჯადრიყო. თანაც მთელი ,,ზაპრავკა“ უყურებდა, რომ მანქანაში არ ჯდებოდა. მ. პ-ა უხსნის, რომ მანქანაში ჩაჯდომა იმიტომ არ სურდა, რომ მისი ეშინოდა, ყვიროდა, ტიროდა, მაგრამ მაინც ვერ შეაჩერა. ყელში ეცა ორივე ხელით, დაგახრჩობო და ჰაერში წამოწია. საუბარში ვ. დ-ე არ უარყოფს ყელში ხელის მოჭერის ფაქტს.
31. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით ვ. დ-ს მიმართ მუქარით წარდგენილი ბრალდება უტყუარად არ დასტურდება. მოცემულ ნაწილში, გარდა დაზარალებულის მითითებისა, ბრალდების მხარის მიერ სხვა უტყუარი სახის მტკიცებულება არ წარმოდგენილა. ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც მოხდა 2022 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, შეფასებულია და დაკვალიფიცირებულია, როგორც იძულება და ძალადობა. აღნიშნულ ნაწილში ვ. დ-ე დამნაშავედ არის ცნობილი (თუმცა, მოცემული გამამტყუნებელი ეპიზოდები მხარეთა მიერ საკასაციო სასამართლოში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს).
32. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, ვ. დ-ს მიერ ძალადობის, ადევნებისა და იძულების ჩადენის ფაქტი, მაგრამ ამ დანაშაულების მოტივი გენდერული ნიშანი არ ყოფილა, ვინაიდან, მოცემული ქმედებების ჩადენის დროს ვ. დ-ს ეჭვიანობა ამოძრავებდა. ბრალდებულს არ სურდა მ. პ-ს, მის გარდა, სხვა მამაკაცი ჰყოლოდა. მას არ სურდა მ. პ-ან ურთიერთობის შეწყვეტა, რის გამოც, მასთან იყო კონფლიქტური და დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა.
33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia), N12391/06, §175, 14/05/2020).
34. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას.
35. კასატორს არ მიუთითებია რაიმე, ახალი სახის გარემოებაზე, რომლის საფუძველზეც, საკასაციო პალატა დასაშვებად მიიჩნევდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეცვლას, კერძოდ, პროკურორი მოთხოვნის ნაწილში არ მიუთითებს კონკრეტული სახის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებაზე, ხოლო ის ფაქტი, რომ ხსენებულ შემთხვევაში ჩადენილია – ძალადობა, იძულება და ადევნება, სააპელაციო სასამართლოს ასახული აქვს უშუალოდ საპატიმრო სახის სასჯელსა და მის ზომაში.
36. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული თავისუფლების აღკვეთა, ათვლილი აქვს დაკავებიდან – 2022 წლის 28 ნოემბრიდან; შესაბამისად, ვინაიდან მოცემული საკასაციო საჩივრის განხილვის დროს ხსენებული ცხრა თვე, მისი ათვლის საწყისიდან გამომდინარე, უკვე გასულია, საკასაციო სასამართლო არ მსჯელობს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების თაობაზე. საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში დამატებით მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოში დაზარალებულის თანხმობა მოცემული კანონის გავრცელების თაობაზე არ წარმოდგენილა.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ვ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – პ. ბ-სა და მ. მ-ს და ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი