საქმე # 330100122006621519
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №884აპ-24 ქ. თბილისი
ტ-ი გ. 884აპ-24 19 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას, მსჯავრდებულ ა. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ--ა და მსჯავრდებულ გ. ტ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი--ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ი–ს, - დაბადებულს --- წლის … ოქტომბერს, - და გ. ტ-–ს, - დაბადებულს --- წლის 6 თებერვალს, - ბრალად ედებათ ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად; გ. ტ–ს ასევე - ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 20:50 საათზე, ქ.თ-ი, ც-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ტ–ი და ა. ი. ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დაეხსნენ თ. ზ--ს, რომელსაც მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები თავისა და ტანის არეში, კერძოდ, გ. ტ-მა პირზე ხელი ააფარა თ. ზ-ს, უკრძალავდა ხმის ამოღებას და ემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით, ხოლო ა. ი–მა შებოჭა თ. ზ., ძირს დააგდო იგი, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა, ხელებისა და ფეხების გამოყენებით, განაგრძეს თ ზ--ს მიმართ ფიზიკური ძალადობა. ამავე დროს, ა. ი-მა, ბასრი საგნის ყელზე მიბჯენითა და მისი გამოყენების მუქარით, თ- ზ-ს გასტაცა ხელჩანთა, მასში მოთავსებული სს „ს-ს“ „პლუს ბარათით“, სამი ცალი წიგნითა და პირადი ნივთებით. ჩანთის დაუფლებისთანავე ა. ი. და გ. ტ–ი გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გამოყენებული ძალადობის შედეგად, თ. ზ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიადგა დაახლოებით 200 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2022 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 20:50 საათზე, ქ.თ-ი, ც-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ტ–მა ვ. მ-ს მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ - ხელი დაარტყა მას მარცხენა მხარეს, გულმკერდის არეში, რა დროსაც ვ. მ-ა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივლისის განაჩენით:
2.1. ა. ი-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებზე.
2.2. ა. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 9 ნოემბრიდან.
2.3. გ. ტ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებზე.
2.4. გ. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ტ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 10 ნოემბრიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ი-მა და გ. ტ–მა ჩაიდინეს ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის; გ. ტ-მა ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განაჩენით:
4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ა. ი-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გ. ტ-ის - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5.1. კასატორმა - მსჯავრდებულ ა. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განაჩენის გაუქმება და ა. ი-ს გამართლება.
5.2. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ტ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განაჩენის გაუქმება და გ. ტ-ის გამართლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების - ა. ი–-სა და გ. ტ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და მათი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების - თ. ზ-სა და ვ.მ-ს ჩვენებებით, მოწმეების - ე. ს-ს, ლ. მ-ს, ლ. ნ-ს, კ. გ--სა და სხვათა ჩვენებებით, ამოღების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ა. ი–მა და გ. ტ–მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა. ი-მა არ უარყო 2022 წლის 4 ნოემბერს, ქ.თ-ი, ც-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ტ–სა და დაზარალებულებთან - თ. ზ-სა და ვ.მ--ნ ერთად ყოფნის ფაქტი და მათთან ურთიერთშელაპარაკება, დაზარალებულთა მხრიდან უხამსი შეთავაზების გამო. თუმცა დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ა. ი–სა და გ. ტ–ს თ. ზ-ზე ფიზიკურად არ იძალადიათ და მისთვის ჩანთა არ წაურთმევიათ, ასევე გ. ტ-ს ფიზიკურად არ უძალადია ვ. მ-ე. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მსჯელობას არ იზიარებს, ვინაიდან ის არსებითად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის, როგორც მოწმეთა ჩვენებების, ასევე წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილ გარემოებებს, მათ შორის, შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არადამაჯერებელია და მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი არაერთი გარემოება. დაზარალებულებმა - თ. ზ-მ და ვ. მ-ა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს გ. ტ-ის მიერ ვ. მ-ე ფიზიკური ძალადობის, კერძოდ ხელის დარტყმის ფაქტი, რის შედეგადაც გ. ტ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი; ხოლო თ. ზ-მ განმარტა, რომ მსჯავრდებულებმა - ა. ი-მა და გ. ტ-მა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და წაართვეს ჩანთა, რომელშიც სხვა პირად ნივთებთან ერთად ედო ოთხი წიგნი და მათგან ერთი ძალადობისას გადმოვარდა ჩანთიდან, ისინი კი გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან.
4. დაზარალებულების - ვ. მ-ს და თ. ზ-ს ჩვენებებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს. დაზარალებულ თ. ზ-ს ჩვენებაში მითითებული გარემოებების სისწორეს ადასტურებს და მისი ჩვენება, რომელიც გამყარებულია შემდეგი გარემოებებით: საწყობში დასაქმებული მოწმე ე ს-მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ ვ-ს მოედანზე ვინმე ა. მუშაობდა მტვირთავად და სადავო პერიოდში საწყობში დატოვა პირადი ნივთები, რომელიც რამდენიმე დღეში ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა. საქმის მასალებით და თავად ა. ი-ს ჩვენებითვე დასტურდება, რომ სადავო პერიოდში იგი მართლაც მუშაობდა იმავე ტერიტორიაზე; მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნივთების ამოღების ფაქტი დადასტურებულია ე. ს-ს, ლ. მ-სა და ამავე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ნეიტრალური პირის - კ. მ-ს მიერ მიცემული ჩვენებებით; ამასთან, დადასტურებულია, რომ ე. ს-საგან ამოღებულია დაზარალებულ თ. ზ-ან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული წიგნები. ამოღების ოქმითა და ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით (თ. ზ-ს მონაწილეობით ჩატარებული) დასტურდება, რომ ამოღებულ ნივთებს შორის იყო სამი წიგნი, რომელიც ჩანთაში ედო დაზარალებულს და რომლებსაც აშკარად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მსჯავრდებულები. აღნიშნული წიგნების თ. ზ-ს მფლობელობაში ყოფნის ფაქტი დასტურდება წიგნებზე არსებული ბიბლიოთეკის ბეჭდებით - თ. ზ-ს ჩვენებით დგინდება, რომ მან აღნიშნული წიგნები ბიბლიოთეკიდან გამოიტანა იმავე დღეს და თითოეულ მათგანს ჰქონდა ბეჭედი, ყდაზე კი ბარათის ჩასადები მცირე ჯიბე; მოწმე ე. ს-ს ჩვენებით დგინდება, რომ ნივთები მიიტანა ა-მ, რომლის გვარი ამჟამად არ ახსოვს; ნეიტრალური მოწმის კ. მ-ს ჩვენებით კი დგინდება, რომ გამოძიების ეტაპზე ე. ს-მ თავად მიუთითა ყველა გარემოება გამომძიებელს, მათ შორის აღნიშნული ნივთების დამტოვებელი ა-ს გვარიც. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება პირის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს, რომლებითაც, ერთი მხრივ, დაზარალებულებმა ამოიცნეს ა. ი. და გ. ტ-ი, რომლებიც თავს დაესხნენ თ. ზ-ს და გასტაცეს ჩანთა, ხოლო მეორე მხრივ - გ. ტ–ი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა ვ. მ-ე. თ. ზ-ს ჩვენება ასევე შეესაბამება ვ. მ-ს ჩვენებას და პირიქით, ვ. მ-ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ მასზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ თვითონ გაიქცა ჯოხის ასაღებად, უკან დაბრუნებულმა კი ნახა თ. ზ, რომელმაც უამბო თავს გადამხდარი დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე. ვ. მ-ს ჩვენების თანახმად, თ. ზ. ძალიან განერვიულებული იყო და ტუჩზე აღენიშნებოდა დაზიანება; თ. ზ-ს ჩვენებით ასევე დადასტურებულია, რომ ვ. მ-–ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა გ. ტ–მა. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, აღნიშნავს, რომ, მართალია, ვ. მ. თ. ზ-ზე ფიზიკური ძალადობისა და მისთვის ჩანთის წართმევის ფაქტის უშუალო თვითმხილველი არ არის, მაგრამ მისი ჩვენება აღნიშნულ ფაქტამდე შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ასევე იმ ნაწილში, რომელშიც იგი გადმოსცემს კონფლიქტის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მყოფი დაზარალებულის თ. ზ-ს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი იყო შეშინებული და ნერვიულობდა, ასევე მას ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანება ტუჩის არეში, მსჯავრდებულების მხრიდან დაზარალებულის თ. ზ-ს მიმართ ჩადენილ ფაქტებთან მიმართებით, არ არის ირიბი ხასიათის და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში განხილვისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადგენილი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ადასტურებს დაზარალებულ თ. ზ-ს ჩვენებაში მითითებული გარემოებების სისწორეს, და მისი ჩვენების გაუზიარებლობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
5. ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
6. დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებით, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებითა და საქმეზე შეკრებილი სხვა წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილი ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია როგორც ა. ი-სა და გ. ტ-ის მხრიდან თ. ზ--ს მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ჩანთის წართმევის, ასევე ვ. მ-ე გ. ტ-ის მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
7. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
8. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების - ა. ი-სა და გ. ტ-ის ქმედებების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან ამ ნაწილშიც ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, კერძოდ: დაზარალებულ თ. ზ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით ერთმნიშვნელოვნად გამოირიცხა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დანაშაულის ჩადენის ფაქტი, კერძოდ, დაზარალებულმა დაადასტურა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულების მხრიდან მის მიმართ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას არანაირი ტიპის მუქარას ადგილი არ ჰქონია, ისინი მას სიჩუმისკენ მოუწოდებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაზარალებულს არ დაუდასტურებია ის გარემოება, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დანის ან სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სხვა ნივთის დემონსტრირებას და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებას ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით თავდასხმას; მხოლოდ დაზარალებულის განმარტება, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ ბასრი საგნის(რაც მას არ დაუნახავს და არ იცის რა საგანი იყო) ყელზე მიბჯენას (რაც მსჯავრდებულების ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით კვალიფიკაციის საფუძველი გახდა), მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება იმ გარემოების დამადასტურებელი, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ნივთის დემონსტრირებას და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებას ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარას; მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ასევე საქმეზე არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება კონკრეტულად რა საგანი იქნა გამოყენებული მსჯავრდებულების მიერ, რამდენად შესაძლებელი იყო ამ საგნის გამოყენებით საფრთხე შექმნოდა დაზარალებულის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. თავად დაზარალებულების - თ. ზ-სა და ვ. მ--ს ჩვენებების თანახმად, მსჯავრდებულების მიერ თ. ზ-ს მიმართ ჩადენილი ძალადობრივი მოქმედება არ იყო სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში (აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა თ. ზ-მ საჭიროდ არ ჩათვალა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და უარი განაცხადა მასზე) და არც ამგვარი ძალადობის გამოყენების მუქარის შესახებ მიუთითებდა.
9. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
11. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ საქმეში არაა წარმოდგენილი დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომ მსჯავრდებულზე გავრცელდეს ამ პუნქტებით გათვალისწინებული ამნისტია.
12. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
13. ამდენად, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულებს - ა. ი–სა და გ. ტ–ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეთ ერთი მეექვსედით, რაც შეადგენს 5 წელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას, მსჯავრდებულ ა. ი--ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ა და მსჯავრდებულ გ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ი-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ა. ი-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებზე;
4. ა. ი. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ა. ი–ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. ა. ი–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2022 წლის 9 ნოემბრიდან;
7. გ. ტ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებზე;
8. გ. ტ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
· სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, გ. ტ–ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და შეეფარდოს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;
9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
10. გ. ტ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2022 წლის 10 ნოემბრიდან.
11. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა. ი-სა და გ. ტ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
12. ნივთიერი მტკიცებულებები:
· ე. ს-ან ამოღებული წიგნები და სპორტული შარვალი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
· გ. ტ-ან ამოღებული მოსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
· საგამოძიებო ექსპერიმენტების ამსახველი ფოტომასალა 1 ლაზერულ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით.
13. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი