გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-757-02 3 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ბ-ძე 1989 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სოციალური დახმარების .... გამგედ. ქ. თბილისის მერიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2001წ. 3 იანვრის ¹1-კ განკარგულების საფუძველზე ლ. ბ-ძე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 9 ნოემბრის ¹480 ბრძანებულებისა და ქ. თბილისის მერიის 2000წ. 17 ნოემბრის ¹45 ბრძანების საფუძველზე, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობების გაუქმების და გაფრთხილების ვადის გასვლის გამო.
ლ. ბ-ძემ სამუშაოდან დათხოვნა მიიჩნია უკანონოდ და 2001წ. 7 თებერვალს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ლ. ბ-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მისი საჩივარი რამდენჯერმე იქნა განხილული სააპელაციო პალატის მიერ. ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2000წ. 22 ნოემბრის ¹94 განკარგულებით ჩუღურეთის რაიონული გამგეობის აპარატის და სამსახურის (განყოფილების) თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად სამსახურიდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ. თბილისის მერიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2001წ. 3 იანვრის ¹1-კ განკარგულებით, საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 9 ნოემბრის ¹480 ბრძანებულების და თბილისის მერიის 2000წ. 17 ნოემბრის ¹45 ბრძანების საფუძველზე, დიდუბის და ჩუღურეთის რაიონის გამგეობების გაუქმების და გაფრთხილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, გამგეობების ყოფილი თანამშრომლები, მათ შორის ლ. ბ-ძე, განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.
ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 თებერვლის განჩინებით მიჩნეულ იქნა, რომ თბილისის რაიონების და მათი გამგეობების გაუქმებით მოხდა ყოფილი რაიონების გამგეობების საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია), ამიტომ სწორად იქნა გამოყენებული რაიონული სასამართლოს მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ძემ. მან მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია, საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 9 ნოემბრის ¹480 ბრძანებულების და თბილისის მერიის 2000წ. 24 ნოემბრის ¹46 ბრძანების საფუძველზე რაიონის გამგეობების ლიკვიდაცია მოხდა თუ _ რეორგანიზაცია. საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 9 ნოემბრის ¹480 ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად ქ. თბილისის მერს დაევალა ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის ტერიტორიული მართვის სისტემის რეორგანიზაცია. ბრძანებულების მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ ახალი რაიონების ტერიტორიულ საზღვრებად განისაზღვროს გაუქმებული რაიონების გაერთიანებით შექმნილი შესაბამისი ტერიტორიული საზღვრები. თბილისის მერიის 2000წ. 24 ნოემბრის ¹46 ბრძანების მე-4 პუნქტში კი მითითებულია, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა არის გაუქმებული დიდუბისა და ჩუღურეთის გამგეობების უფლებამონაცვლე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ამ მუხლის მეორე ნაწილი.
იმავე კანონის 93-ე მუხლის თანახმად კი კასატორის განთავისუფლება შეეძლო მხოლოდ ჩუღურეთის რაიონის გამგეობას და არა გაერთიანებული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელს. კასატორი თვლის, რომ მისი სამუშაოდან დათხოვნა მოხდა არაუფლებამოსილი პირის მიერ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ. ბ-ძე 2001წ. 3 იანვარს განთავისუფლდა ყოფილი ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სოციალური დახმარების განყოფილების გამგის თანამდებობიდან საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 9 ნოემბრის ¹480 ბრძანებულებისა და ქ. თბილისის მერიის 2000წ. 17 ნოემბრის ¹45 ბრძანების საფუძველზე დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობების გაუქმებისა და გაფრთხილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით თბილისის მერიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ¹1-კ განკარგულების საფუძველზე.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 9 ნოემბრის ¹480 ბრძანებულებისა და ქ. თბილისის მერიის 2000წ. 17 ნოემბრის ¹45 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ქ. თბილისის რაიონების გამგეობების რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 თებერვლის განჩინებით არ იქნა გაზიარებული თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნული მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 9 ნოემბრის ბრძანებულების საფუძველზე მოხდა თბილისის რაიონების გამგეობების რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია, რადგან საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ეს მოსაზრება არ გამომდინარეობს კანონიდან და იგი დამახასიათებელია კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის და არა სახელმწიფო ორგან.ბისათვის. საქმიანობა, რასაც გამგეობა ახორციელებს, არ შეიძლება შეწყდეს, რადგან ეს ფუნქცია სახელმწიფოს ატრიბუტია, პრეზიდენტის დასახელებული ბრძანებულებით განისაზღვრა ქ. თბილისის ტერიტორიული მოწყობა. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემული საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ზემოხსენებული ნომარტიული აქტების საფუძველზე ადრე არსებული გამგეობების ლიკვიდაცია მოხდა თუ რეორგანიზაცია. მოცემული დავის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 8 აპრილის განჩინებაში გაითვალისწინა საკასაციო პალატის აღნიშნული მოსაზრება და მითითება; სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში მოხდა დაწესებულების ლიკვიდაცია და ლ. ბ-ძის სასარჩელო მოთხოვნის უარის თქმის საფუძვლად მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის თანახმად მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის მითითება იმის შესახებ რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 93-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პი. ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს.
კასატორი არასწორად თვლის, რომ იგი არაუფლებამოსილი პირის, თბილისის მერიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, მიერ იქნა განთავისუფლებული, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 9 ნოემბრის ¹480 ბრძანებულების მეხუთე პუნქტის თანახმად გაუქმებული რაიონის გამგებლებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების უფლება ჰქონდათ მხოლოდ ახალი რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დანიშვნამდე.
ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის განხილვისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აპრილის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.