Facebook Twitter
3კ-758-02

3კ-758-02 30 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,მ. ცისკაძე

დავის საგანი: საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ძ.-მა სარჩელით მიმართა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. ა.-ის მიმართ და მოითხოვა 1999წ. 18 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ იგი დადებული იყო მოტყუებით და ნდობის ბოროტად გამოყენებით. საქმეში მესამე პირად მოსარჩელის მხარეზე ჩართულ იქნა რ. ძ.-ის შვილი გ, გ.-ი. მოსარჩელის განმარტებით, გიორგი ა.-მა გ. გ.-ს ასესხა 2700 აშშ დოლარი 10%-იანი სარგებლით. 1999წ. 20 იანვარს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გ. გ.-ის დედას _ რ. ძ.-სა და გ. ა.-ს შორის. ხელშეკრულებაში ჩაიწერა 4000 აშშ დოლარი, რადგან სესხის გადახდა უნდა მომხდარიყო 5 თვის შემდეგ. მაგრამ აღნიშნული თანხა გ. გ.-მ ვერ გადაიხადა და 1999წ. 18 მაისს რ. ძ.-სა და გ. ა.-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. ძ.-ის სარჩელი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ძ.-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 1 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. ძ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.

რ. ძ.-მ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სხდომის დღეს იგი იყო ავად, რის გამოც ვერ გამოცხადდა სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 მარტის განჩინებით რ. ძ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2001წ. 1 ნოემბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე რ.ძ.-ი გამოძახებული იყო კანონით დადგენილი სრული წესის დაცვით. ავადმყოფობის თაობაზე წარმოდგენილი ცნობა არ შეიცავს და არ პასუხობს კანონით დადგენილ შინაარს და რეკვიზიტებს.

რ. ძ.-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა საოლქო სასამართლოს განჩინებაზე და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება სხვა შემადგენლობისათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 1 ნოემბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. ძ.-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 ივნისის გადაწყვეტილება.

რ. ძ.-მ გაასაჩივრა დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ 2001წ. 1 ნოემბერს იყო ავად, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა მე-... პოლიკლინიკის მიერ გაცემული ცნობა. ცნობის მიხედვით რ.ძ.-ი იყო ავად 2001წ. 1 ნოემბერს, დიაგნოზით _ მწვავე რესპირატორული დაავადება.

საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა რ.ძ.-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულება, მიუთითა რა შემდეგზე; ცნობაში არ არის აღნიშნული, რომ ავადმყოფს ესაჭიროებოდა წოლითი რეჟიმი, ხოლო დადებით შემთხვევაში რამდენი დღე ან რა სახის მკურნალობის ჩატარებას საჭიროებდა პაციენტი.

სსკ-ს 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.

პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში დაუძლეველ ძალას ან გარემოებას, რომლის გამოც მხარეს არ შეეძლო სასამართლოს ინფორმირება გამოუცხადებლობის მიზეზებზე, ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ რ.ძ.-ს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ძ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.