საქმე # 330802224010655088
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1I-25 ქ. თბილისი
ა. მ. ჯ, 1I-25 16 იანვარი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ჯ. ა-ის – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბერს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. ჯ. ა-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
2023 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო მ. ჯ. ა-ის დროებითი დაპატიმრების თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები;
2024 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს შსს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ჯ. ა-ი;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, მ. ჯ. ა-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;
2024 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო მ. ჯ. ა-ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები;
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, მ. ჯ. ა-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით, გაგრძელდა 6 თვემდე, 2025 წლის 4 აპრილამდე.
2. თურქეთის რესპუბლიკაში მ. ჯ. ა-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2021 წლის 9 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის უშაქის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 1-ელი სასამართლოს #2020/284-2021/501 განაჩენით მ. ჯ. ა-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 226/3-1 მუხლით (ბავშვთა გამოყენება უხამსი შინაარსის მქონე მასალების დამზადებაში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით;
იმავე განაჩენით, მ. ჯ. ა-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 134-ე მუხლით (პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერების გავრცელება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
იმავე განაჩენით, მ. ჯ. ა-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 107-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (შანტაჟი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით;
2022 წლის 1-ელი მარტის იზმირის საოლქო სასამართლოს სისხლის საქმეთა მე-15 პალატის #2022/323-2022/326 გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი მოცემულ განაჩენთან მიმართებით, არ დაკმაყოფილდა და იგი შევიდა კანონიერ ძალაში;
2022 წლის 4 აპრილს უშაქის აღმასრულებელი სასამართლოს #2022/1457-2022/1446 გადაწყვეტილებით, შეიკრიბა უშაქის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა 1-ელი სასამართლოს #2020/284-2021/201 განაჩენით დადგენილი სასჯელები (გამოცხადების ნომრები: 2022/4201, 2022/4202, 2022/4203) და მ. ჯ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 18 თვით;
2023 წლის 18 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის უშაქის მთავარმა საჯარო პროკურატურამ გასცა მ. ჯ. ა-ის დაპატიმრების ბრძანება, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნით;
2023 წლის 6 ნოემბრიდან მ. ჯ. ა-ნი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
3. ფაქტები:
2014 წლის 14 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მ. ჯ. ა-მა მისი მეგობარი გოგონა სკოლიდან მანქანით წაიყვანა სოფელ ო-ში, განცალკევებულ ადგილას. ის დაემუქრა დაზარალებულს, იძალადა მასზე, გააშიშვლა და თავისი ტელეფონით გადაუღო ფოტოები. ამის შემდეგ, მ. ჯ. ა-მა სექსუალურად იძალადა მასზე და განახორციელა ანალური შეღწევა. ამ ინციდენტის შემდეგ, მ. ჯ. ა-მა დაზარალებულთან არაერთხელ დაამყარა სქესობრივი კავშირი იმავე გზით, ბოლოს – 2017 წლის თებერვალში. დაზარალებული იძულებული იყო დასთანხმებოდა ამგვარ ურთიერთობას, რადგან მ. ჯ. ა-ნი პერიოდულად, მასზე ფიზიკურად ძალადობდა და ემუქრებოდა არსებული ფოტოებით. მ. ჯ. ა-მა აიძულა დაზარალებული, გადაეღო შიშველი ფოტოები და ტელეფონზე გაეგზავნა მისთვის. 2018 წლის 4 იანვარს, მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა მ. ჯ. ა-ს განუცხადა, რომ სურდა ურთიერთობის გაწყვეტა, მან აღნიშნული ფოტოები გაუგზავნა დაზარალებულის ძმას.
4. 2024 წლის 23 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა მეგი გურჩიანმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. ჯ. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით:
დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საეთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორის – მეგი გურჩიანის შუამდგომლობა;
დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ჯ. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის 2022 წლის 4 აპრილის უშაქის აღმასრულებელი სასამართლოს #2022/1457-2022/1446 გადაწყვეტილებით შეკრებილი სასჯელების მოხდის მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ჯ. ა-ის – ინტერესების დამცველი ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, მ. ჯ. ა-ის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვა დასრულებული არ არის. ამასთან, არსებობს მომეტებული რისკი, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანური მოპყრობასა და მის მიმართ დაცული არ იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლება.
7. ადვოკატის საკასაციო საჩივარზე 2025 წლის 15 იანვარს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს სტაჟიორ-პროკურორმა, მეგი გურჩიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა მ. ჯ. ა-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბერს განჩინების უცვლელად დატოვება.
7.1. პოზიციაში აღნიშნულია, რომ ექსტრადიციის სფეროში არსებული პრაქტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ექსტრადიციის დასაშვებობის სასამართლო სტადიის დასრულება დასაშვებად მიიჩნევა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობისას. ამავდროულად, საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე არ უნდა აღსრულდეს ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის შესახებ ჟენევის კონვენციით ნაგულისხმევი ვალდებულებებიდან გამომდინარე. პოზიციის თანახმად, მართალია, დაცვის მხარე მ. ჯ. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციას არ ეთანხმება, მაგრამ მას ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლების დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მოცემულ საკითხზე ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ჯ. ა-ნი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2024 წლის 4 ოქტომბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე – საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა მ. ჯ. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.
5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:
5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რათა დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება:
1) მოცემული დანაშაული, როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეეხება რამდენიმე დანაშაულს, რომლებიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით და რომელთაგან ზოგიერთი ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ზომის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას.
5.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის მე-6, მე-7, მე-8 პუნქტებში აღწერილი ქმედებები (რომლებიც ისჯება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით და აკმაყოფილებს სასჯელის მინიმალურ წესს) საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა, სულ მცირე:
შუამდგომლობის მე-6 პუნქტში აღწერილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-5 ნაწილით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა ოცი წლით;
შუამდგომლობის მე-7 პუნქტში აღწერილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე, აგრეთვე – ჯარიმით;
შუამდგომლობის მე-8 პარაგრაფში აღწერილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის მიმართ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა თხუთმეთ წლამდე;
5.3. ამდენად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ჯ. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედებები დანაშაულად ითვლება და ისჯება, როგორც საქართველოს, ისე – თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, მ. ჯ. ა-ს მოსახდელი აქვს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, 4 თვეზე მეტი ხნით.
6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:
6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.2. წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება (15/10/2024), რომ მ. ჯ. ა-ნი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ.
6.3. მ. ჯ. ა-ნი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.
7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:
7.1. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადჰყოფს, რომ მ. ჯ. ა-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა/უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც გამოკვეთდა იმ გარემოებას, რომ თურქეთის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, იარსებებს ასეთი დარღვევის საფრთხე.
7.2. მ. ჯ. ა-ს მონაწილეობა აქვს მიღებული მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესში (ადვოკატთან ერთად). მან წარადგინა დაცვის პოზიცია მისი დამცველების მონაწილეობით.
7.3. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულები არ არის პოლიტიკური ან სამხედრო ხასიათის; მ. ჯ. ა-ს გააჩნია ყველა სამართლებრივი უფლება, რაც გათვალისწინებულია შიდა კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომლის მხარეც არის თურქეთი.
7.4. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მითითებული გარანტია გაცემულია უშაქის მთავარი პროკურატურის მიერ; ამასთან, მისი შინაარსი არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (იხ.: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „კლეინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Klein v. Russia), N24268/08, §55 და ,,ჩაჰალი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ,“ (Chahal v. The United Kingdom), N22414/93, §105). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს იგი.
8. ხანდაზმულობის ვადა:
8.1. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც მ. ჯ. ა-ნი მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
8.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს და 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას.
8.3. მ. ჯ. ა-ის მიმართ 2021 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წელს, 2023 წელს კი გამოიცა მ. ჯ. ა-ის დაპატიმრების ბრძანება. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის/შეჩერებულია.
8.4. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით, განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არის 10 წელი და იწურება 2032 წელს.
9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:
9.1. სტატუსი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად (15/10/2024), ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მ. ჯ. ა-ს უარი ეთქვა ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ჯ. ა-ს ჩაჰბარდა 2024 წლის 5 ივლისს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. ზემოხსენებული წერილის თანახმად, მისი საქმე განხილვის სტადიაზეა და მ.. ჯ. ა-ნი სასამართლო წარმოების დასრულებამდე საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად ითვლება.
9.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“ ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 56-ე მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: „არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.“
9.3. ამნისტია:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“
ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.
9.4. შეწყალება:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“
წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.
10. პრინციპი ,,Non bis in idem“:
10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
10.2. მ. ჯ. ა-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,Non bis in idem“ პრინციპი.
11. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:
11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი.
11.2. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“
11.3. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
11.4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).
11.5. განსახილველი საქმის საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, საფუძვლიანად მიუთითებდეს, რომ მ. ჯ. ა-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება. ადვოკატი მოცემულ პოზიციას აყალიბებს მხოლოდ ზოგადი სახის ფორმულირებით და მას აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე, უტყუარი სახის მასალა სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
12. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:
12.1. რაც შეეხება განსახილველი ექსტრადიციის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში გახდეს;
12.2. ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (“King v. The United Kingdom”), N9742/07, 26/01/2010, §29). ამ შემთხვევაში, მ. ჯ. ა-ს არ გააჩნია საქართველოში კანონიერად ცხოვრების საფუძველი ან გამოცდილება. იგი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია საზღვრის უკანონო კვეთის შედეგად. აღსანიშნავია ისიც, რომ მ. ჯ. ა-ის ექსტრადიცია მოითხოვება, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის.
13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბერს განჩინება კანონიერია, რის გამოც, მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ჯ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბერს განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
მ. გაბინაშვილი