¹3კ-760-02 18 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი
დავის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 10 მაისს ნ. კ-შვილმა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ნ. მ-ძისა და ტ. ლ-შვილის მიმართ და მოითხოვა სესხის დაბრუნება.
მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ 2000წ. 23 აგვისტოს ტ. ლ-შვილთან დადო სესხის ხელშეკრულება, რომელიც დადასტურდა ხელწერილით და დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ.
აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისათვის 2100 აშშ დოლარის და მისი პროცენტის 1785 აშშ დოლარის, სულ 3885 აშშ დოლარის გადახდას.
მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და განმარტეს, რომ გადაიხდიდნენ 2100 აშშ დოლარს, ხოლო პროცენტის ნაწილში სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ მათი ვალი (1000 აშშ დოლარი) პროცენტიანად შეადგენს 2100 აშშ დოლარს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 22 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. კ-შვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ – მოპასუხეებს (მეუღლეებს) სოლიდარულად დაეკისრათ 2100 აშშ დოლარის და პროცენტის 840 აშშ დოლარის გადახდა.
გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 13 თებერვლის განჩინებით უცვლელი დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 22 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გერემოებები:
მხარეთა შორის დადებულ იქნა სესხის ხელშეკრულება, რომელიც დასტურდება ნ. მ-ძის მიერ დადებული შინაურული ხელწერილით, ხოლო შემდეგ კი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ტ. ლ-შვილისა და ნ. კ-შვილის ხელწერილით, სადაც მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელისაგან სესხის სახით, 2100 აშშ დოლარის მიღების ფაქტს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს მხარეებს შორის ხელშეკრულება დაიდო 1000 აშშ დოლარზე 20% სარგებლით უვადოდ. აღნიშნულის თაობაზე აპელანტებს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. აპელანტებმა ვერც ის დაადასტურეს, რომ მათ სასამართლოში წარმოდგენილი ხელწერილები დაწერეს მათზე შანტაჟის შედეგად.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ რადგან სესხის ხელშეკრულება დადებულ იქნა წერილობითი ფორმით, რომელიც დამოწმებულია სანოტარო წესით, მოწმეთა ახსნა-განმარტებებს არ შეეძლო გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა აღნიშნული დავის განხილვისას. ამიტომაც სასამართლოს მიერ მოწმეთა დაუკითხაობა არ შეიძლება გამხდარიყო 2001წ. 22 ივნისის გადაწყვტილების გაუქმების საფუძველი. ასევე, საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საბუთი შეიძლება გადაეცეს საგამოძიებო ორგანოებს სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებებით თუ დადასტურებულია წარდგენილი საბუთის სიყალბე. აპელანტებმა სააპელაციო სასამართლოში ვერ განმარტეს თუ რატომაა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ყალბი.
აღნიშნული განჩინება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს, რომ სასამართლოს დაედგინა რეალურად იმ თანხის ოდენობა რომელიც მათ უნდა გადაეხადათ მოსარჩელისათვის. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მათი აღნიშნული მოთხოვნა, რის გამოც მოპასუხეები არ ეთანხმებიან საოლქო სასამართლოს განჩინებას და მოითხოვენ მის გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ ნ. მ-ძისა და ტ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის I ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებით და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულ იქნა სესხის ხელშეკრულება, რომელიც დასტურდება ნ. მ-ძის მიერ დადებული შინაურული ხელწერილით, ხოლო შემდეგ კი ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ტ. ლ-შვილისა და ნ. კ-შვილის ხელწერილით, სადაც მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელისაგან სესხის სახით, 2100 აშშ დოლარის მიღების ფაქტს.
სამოქალქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ასევე, მხარეთა შეთანხმებით, წერილობითი ფორმითაც. იურიდიული ძალის მიხედვით წერილობით ხელშეკრულებას კანონი უპირატეს ძალას ანიჭებს, რაც ვლინდება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულების სადავოდ გახდომისას მხარეთა ინტერესების დაცვა უფრო მეტადაა გარანტირებული. ზეპირი ხელშეკრულების ნამდვილობის დასადასტურებლად საკმარისი არ არის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, აუცილებელია მათთან ერთად წერილობითი მტკიცებულებანი, რომლებიც წარმოადგენენ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის უტყუარ საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულება დადებულია წერილობითი ფორმით და სახეზე გვაქვს, როგორც მარტივი (შინაურული ხელწერილი) ასევე, რთული (სანოტარო წესით დადებული ხელწერილი) წერილობითი ხელშეკრულების ფორმა, რაც პალატას მიაჩნია ხელშეკრულების არსებობის უტყუარ საფუძვლად.
ამდენად, სამოქალქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დადგენილია ასევე, რომ მოპასუხეებმა ვერ შეძლეს დაედასტურებინათ, რომ მათ მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ხელწერილები დაწერეს მათზე განხორციელებული შანტაჟის შედეგად. ამასთან, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მათ შორის დადებული გარიგება გარიგების დადებიდან (2000წ. 23 აგვისტო) დღემდე.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ვერ განმარტეს თუ რატომაა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ყალბი. კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე მტკიცებულებაზე, რომელიც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ-ძისა და ტ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 თებერვლის განჩინება.
ნ. მ-ძე და ტ. ლ-შვილი განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
გაუქმდეს ამ საქმეზე 2001წ. 22 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.