Facebook Twitter

საქმე # 200100123007378864

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №903აპ-24 ქ. თბილისი

ხ-ი ბ, 903აპ-24 21 იანვარი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენით:

1.1. ბ. ხ-ი, - დაბადებული .. წლის ... მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 17 აპრილიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ხ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2023 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 20:20 საათზე, ქ. ა-ში, ... ა-ის ქუჩის N...-ში მდებარე ლ. და ვ. ხ-ის სახლის ეზოში, ბ. ხ-მა წარსულში არსებული კონფლიქტის შედეგად წარმოშობილი შურისძიების მოტივით, გლუვლულიანი სანადირო თოფიდან, მოკვლის მიზნით, დამიზნებით ესროლა ლ. ხ-ს, რომელიც თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებებით გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. იგი იქვე გარდაიცვალა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ბ. ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ბ. ხ-ის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის - დაცვის მხარის - მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, რამეთუ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად დგინდება, რომ ბ. ხ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და, შესაბამისად, მისი მსჯავრდება კანონიერი და სამართლიანია.

7. კასატორის მტკიცებით, მსჯავრდებულს დაზარალებულის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და აღნიშნული უტყუარად არ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით; მსჯავრდებულმა ჩაიდინა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი მიხედვით, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

9. დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ დანაშაულის კვალიფიკაციასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, №527აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29). ამასთან, მკვლელობის სურვილი შესაძლებელია, წარმოიშვას იმწუთიერად და დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის, რომ განზრახვა დროის ხანგრძლივი ინტერვალით უსწრებდეს წინ ქმედებას (იხ. Mutatis mutandis საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი №379აპ-18 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 28).

10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას დაზარალებულის უფლებამონაცვლისა და ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებთან, ასევე წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ბ. ხ-ის ჩვენება, რომ მას არ უსვრია მეზობელ ხ-ის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით ეწინააღმდეგება შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ კვლებსა და მტკიცებულებებს, კერძოდ:

11. ექსპერტიზით დადგენილია, რომ ქ. ა-აში, ... ა-ის ქუჩის ...-ში ვ. ხ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ეზოს ღობეზე არსებული დაზიანებები მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი საფანტების მოხვედრის შედეგად, არა ახლო მანძილიდან და სროლის მიმართულებაა გარედან შიგნით აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. აღნიშნული დაზიანება ბ. ხ-მა აივნიდან გასროლის დროს მიაყენა მისსა და მეზობელ ხ-ის სახლებს შორის გამავალ ღობეს. ეს დაზიანება მან გამყოფ ღობეს მიაყენა თავის საცხოვრებელი სახლის ეზოდან და არა ეზოს გარეთ გასროლის შედეგად. აღნიშნულით დგინდება, რომ გასროლა პირველად, ხ-ის სახლის მხარეს ბ. ხ-მა თავის სახლის ეზოდან განახორციელა.

12. ეზოს გარეთ ორჯერ თოფის გასროლის ნაწილში, მართალია, ბ. ხ-ი მიუთითებს, რომ მას იარაღის ლულა ჰაერში ჰქონდა მიმართული და ისე ისროდა, ხოლო მეორე გასროლის დროს დედამისი დაეჭიდა იარაღის ქამარს, თოფის ლულამ დაბლა დაიწია და ისე გაისროლა, თუმცა ეს განმარტება არ გამომდინარეობს და ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ექსპერტმა გ. ხ-მა გამოიკვლია შემთხვევის ადგილზე გასროლის შედეგად დარჩენილი კვალი. 2023 წლის 2 მაისის N.... დასკვნით დადგენილია, რომ ქ. ა-ში, .. ა-ის ქუჩის ...-ში ვ. ხ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ქუჩის მეტალის კარზე არსებული დაზიანება მიყენებულია ქუჩის მხრიდან, ჩრდილოეთიდან სამხრეთით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი საფანტების მოხვედრის შედეგად, ახლო მანძილიდან. ქ. ა-ში .. ა-ის ქუჩის №...-ში ვ. ხ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, ვარდების ტოტსა და სახლის შესასვლელ მეტალის კარების მიმდებარედ კედელზე არსებული დაზიანებები მიყენებულია ქუჩის მხრიდან, ჩრდილოეთიდან სამხრეთით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი საფანტების მოხვედრის შედეგად, არა ახლო მანძილიდან. სახლის კედელში ჭურვები დაფიქსირებულია მეტლახიდან 1,5 მეტრისსა და 0,80 სმ სიმაღლეზე.

13. დაზარალებულმა ვ. ხ-მა მიუთითა, რომ, როდესაც მისი მეუღლე კიბის პირველ საფეხურზე იმყოფებოდა, ეზოში შემოსასვლელ კარს ვიღაცამ ფეხი დაარტყა. კარი ურდულით იყო ჩაკეტილი. ფეხის მირტყმისთანავე გაიგონა გინება და ხმით ბ. ხ-ი ამოიცნო. ამის შემდეგ ისროლეს თოფი, ტყვია მის მეუღლეს მოხვდა და ჩაიკეცა. საფანტი ასევე მოხვდა კედელსაც. გასროლის მომენტში მისი მეუღლე კიბის პირველ საფეხურზე, მისგან 30-40 სანტიმეტრში იდგა და მას ესაუბრებოდა. იმ ადგილზე განათებაც არის და შუქი ჩართული იყო, ასევე ჩართული იყო გარე განათებაც. მან ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ წინა დღეს აღდგომა იყო და აღდგომასთან დაკავშირებით ჩამოვიდა ა-ში, ეზოში მანქანა გააჩერა, რაც დაინახეს ხ-მა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ქუჩაში, საიდანაც ბ. ხ-მა გაისროლა ლ. ხ-ის მიმართულებით, იპოვეს და ამოიღეს 1 ცალი მოლურჯო ფერის მასრა და 1 ცალი მოლურჯო ფერის ვაზნა. აგრეთვე ეზოში შესასვლელ ჭიშკარს საავტომობილო გზის მხრიდან აღენიშნება დაზიანების კვალი. ეზოში შესვლისას ხელმარჯვნივ არის ვარდის ბუჩქები, რომელის ტოტებზეც აღინიშნება დაზიანების კვალი, ხოლო ფოთლები არის გახვრეტილი. ეზოში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბის პირველ საფეხურზე ნანახია დიდი რაოდენობით სისხლის ლაქები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ხ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ნაპოვნია ლითონის ბურთულები; ასევე ლ. ხ-ის სხეულიდან სამედიცინო ექსპერტმა ამოიღო ლითონის უცხო სხეულები; ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტები განეკუთვნება სანადირო თოფის ვაზნის შემადგენელ ნაწილს - საფანტს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ვ. ხ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ასევე ნანახი იქნა პოლიეთილენის დეტალი; ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული პოლიეთილენის დეტალი წარმოადგენს 16 კალიბრის ქარხნული წესით დამზადებული ვაზნის შემადგენელ ნაწილს ტიზ-კონტეინერს. კალიბრი და მახასიათებელი ემთხვევა დანაშაულის იარაღს.

14. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი იმის დასადგენად, ქუჩაში ყოფნის შემთხვევაში ბ. ხ-ი დაინახავდა თუ არა ლ. ხ-ს ეზოში სროლის მომენტში, ასევე შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ქუჩიდან დამიზნებით ეწარმოებინა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ლალი ხ-ის მიმართულებით. საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ბ. ხ-ი ქუჩაში ყოფნის დროს დაინახავდა ლ. ხ-ს და ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით სროლას შეუფერხებლად აწარმოებდა. აღნიშნულის სადემონსტრაციოდ გამოიყენეს ლაზერული სხივი. საგამოძიებო ექსპერიმენტი სრულადაა თანხვდენილი ბალისტიკური ექსპერტიზის N.. დასკვნასთან, რომლითაც დადგინდა, რომ ვ. ხ-ის საცხოვრებელი სახლის ჭიშკარზე არსებული დაზიანებები მიყენებულია ქუჩის მხრიდან, ჩრდილოეთიდან სამხრეთით ცეცხლსასროლი იარაღის საფანტის მოხვედრის შედეგად, ამავე დასკვნით დგინდება, რომ საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ვარდების ორ ტოტზე და საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შესასვლელი კარის მიმდებარედ კედელზე არსებული დაზიანებები მიყენებულია ქუჩის მხრიდან, ჩრდილოეთიდან სამხრეთით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი საფანტის მოხვედრის შედეგად. საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ გასროლა ნაწარმოები იყო არა ზემოთ ჰაერში, როგორც მიუთითებს ბ. ხ-ი, არამედ ხ-ის სახლის მიმართულებით, ამას ასევე ადასტურებს ჭურვით გამოწვეული ჭიშკარზე გარედან არსებული დაზიანებები.

15. ამრიგად, ზემოგანხილული ყველა ფაქტობრივი გარემოება ცალსახად გამორიცხავს, რომ ბ. ხ-მა გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე ლ. ხ-ს; საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს ბ. ხ-ის მიერ ლ. ხ-ის მოკვლის განზრახვას და რომ მისი ქმედებები უშუალოდ მიმართული იყო ხსენებული დანაშაულის ჩასადენად.

16. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ყ-ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, კანონიერი, დასაბუთებულია და დანიშნული სასჯელი სამართლიანია.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).

18. აქვე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მართალია, ბ. ხ-მა მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით განსაზღვრულ ვადამდე - 2024 წლის 1 ივლისამდე - ჩაიდინა, თუმცა ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე