გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-763-02 1 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: თანამესაკუთრედ ცნობა, ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ხ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქ.გორში ... მდებარე საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრედ ცნობა, შემდეგი საფუძვლით: 1969 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ჯ. მ-ესთან, მეუღლეებმა ერთად ცხოვრება დაიწყეს დედამთილის მ. მ-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში, მაგრამ რადგან სახლი ძველი და ავარიული იყო, გადაწყვიტეს ახალი სახლის აშენება, რისთვისაც ...დან გამოიტანეს სესხი 8000 მანეთი მ. მ-ის სახელზე. სესხი დაფარეს მან და მისმა მეუღლემ მოპასუხე ჯ. მ-ემ. დედამთილი მოხუცი პენსიონერი იყო და გარდაიცვალა 1991 წელს. ვალი მთლიანად დაიფარა 1993 წელს. აშენებული სახლი ექსპლუატაციაში მიიღეს 1998 წელს და აღირიცხა მ. მ-ის სახელზე, შემდეგ კი ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე აღირიცხა ჯ. მ-ის სახელზე. მოსარჩელის განმარტებით სახლი ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაა, მან მისი ინდივიდუალური დანაზოგით მონაწილეობა მიიღო მის აშანებაში. ამასთან სახლმა განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება, რეკონსტრუქცია, ამიტომ სკ-ს 1163-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებად უნდა ჩაითვალოს. სასამართლოს ასევე სარჩელით მიმართა დ. ქ-ემ და მოითხოვა ქ.გორში ... მდებარე სახლიდან (სადავო სახლი) ჯ. მ-ისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება შემდეგი საფუძვლით: გორის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და ჯ. მ-ეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 5290 აშშ დოლარის გადახდა. ამავე სასამართლოს 2000წ. 31 ოქტომბრის განჩინებით დაინიშნა იძულებითი აუქციონი მ-ის საცხოვრებელ სახლზე, რის შედეგად სახლი გადაფორმდა მის სახელზე. დღეისათვის იგი არის სახლის მესაკუთრე, ჯ. მ-ე კი სახლს არ ათავისუფლებს. გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით ეს ორი სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად; 2001წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა დ. ქ-ის სარჩელი, ჯ. მ-ე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდა სადავო სახლიდან. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით. დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სახლი ჯ. მ-ემ მიიღო ანდერძისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე, ამდენად, სკ-ს 1161-ე მუხლის თანახმად არ მიიჩნია მეუღლეთა თანასაკუთრებად. არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სადავო სახლის ასაშენებლად გამოტანილი სესხი დაფარული იქნა მისი მონაწილეობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით სახლის მესაკუთრედ აღრიცხულია დ. ქ-ე, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს სახლის მისთვის გადაცემა.
გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 მარტის განჩინებით ლ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დამაყოფილდა, უცვლელი დარჩა გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ვინაიდან სადავო სახლი აღრიცხული იყო მოსარჩელის დედამთილის მ. მ-ის სახელზე და მოსარჩელის მეუღლემ ჯ. მ-ემ სახლი 1999წ. 1 აგვისტოს მემკვიდრეობით მიიღო სკ-ს 1161-ე მუხლის თანახმად, სახლი ვერ ჩაითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, თუ ვისი სახსრებით და მეშვეობით გაიზარდა სახლის ღირებულება. სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება სკ-ს 1163-ე მუხლი, რადგან აღნიშნულ მუხლში საუბარია თითოეული მეუღლის ქონების თანასაკუთრებად გადაქცევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში კი ცნობაში მითითებული პერიოდისათვის სადავო სახლი მ. მ-ის სახელზე ირიცხებოდა და მეუღლეთა საკუთრებად ვერ გადაიქცეოდა. სააპელაციო სასამართლოს აზრით, რადგან დღეისათვის სახლი საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქ-ის სახელზე, იგი სკ-ს 170-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილია მოითხოვოს მისი ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვა. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლეილა ხ-მა, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: 1969 წლიდან ცხოვრობს სადავო სახლში. 1990 წელს სადავო ბინის მშენებლობისათვის აიღეს სესხი 8000 მანეთი. სესხი მან და მისმა მეუღლემ აიღეს, მაგრამ რადგან სახლი მისი დედამთილის სახელზე იყო რეგისტრირებული სახლი მ. მ-ის სახელზე აღირიცხა. მ. მ-ე იყო ავადმყოფი, პენსიონერი, ამიტომ სესხი დაფარეს თვითონ. გარდა სესხისა სახლის მშენებლობაზე დახარჯა თავისი ინდივიდუალური დანაზოგი, რის შედეგადაც სახლის ღირებულება და ფართობი გაიზარდა 3-ჯერ. მისთვის ცნობილი არ იყო, რომ მისმა მეუღლემ მ-ემ სახლი თავის სახელზე გაიფორმა, როგორც მემკვიდრეობით მიღებული ქონება, თვლიდა, რომ ქონება იყო მეუღლეთა მიერ ერთობლივად შეძენილი. სასამართლოს არ უმსჯელია მეორე სარჩელზე, რომლითაც დაკმაყოფილდა დ. ქ-ის მოთხოვნა და ამ ნაწილში განჩინება დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გორში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მ. მ-ის სახელზე. 1999 წელს სახლი ანდერძისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე გაფორდა მოსარჩელის მეუღლის ჯ. მ-ის სახელზე. სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 1161-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც მიიჩნია, რომ სადავო სახლი ვერ ჩაითვლება მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებად.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო სახლის ღირებულება და ფართობი სამჯერ გაიზარდა მისი სახსრებით. აღნიშნულის დამამტკიცებელი არავითარი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში კანონიერია, თუმცა პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ განჩინება ჯ. მ-ის და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების ნაწილში სამართლებრივად დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაუდო სკ-ს 170-ე მუხლი. სასამართლომ არ გამოარკვია მართლზომიერი მფლობელები არიან თუ არა მოპასუხეები და მესაკუთრეს დასაბუთებული პრეტენზია აქვს თუ არა მფლობელების მიმართ. ასევე სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა რა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ. მ-ისა და მისი ოჯახის წევრების ბინიდან გამოსახლების ნაწილში, არ გამოარკვია ჯ. მ-ესთან ერთად ვინ მოიაზრებოდა მისი ოჯახის წევრებად. მოსარჩელე დ. ქ-ე, როგორც სასარჩელო განცხადებაში, ისე სასამართლო სხდომაზე ითხოვდა მოპასუხე ჯ. მ-ის გამოსახლებას, გორის რაიონულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ჯ. მ-ესთან ერთად გამოასახლა მისი ოჯახის წევრები. ამით მან დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლი, რომლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სასამართლომ ისე გამოასახლა ჯ. მ-ის ოჯახის წევრები, რომ არ მიუთითა ვის გულისხმობდა ოჯახის წევრებად. არ ჩაუბია გამოსახლებული პირები მოპასუხეებად საქმეში და არ დაუკითხავს როგორც მოპასუხეები. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 მარტის განჩინება. კერძოდ, განჩინება გაუქმდეს ჯ. მ-ის და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.