Facebook Twitter

¹ 3კ-766-02 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წქვაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილემ, მოპასუხე გ. დ-ემ გაზეთ “რ.” 1998წ. 25 ოქტომბრის 292-ე ნომერში გამოაქვეყნა მის მიმართ ცრუ მონაჭორი, რომლითაც ბრალი დასდო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რასაც მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, ნარკოტიკების გასაღებაში; თურქი მძღოლების “ქალებით მომსახურებაში” (სუტინიორობა). მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ გამოქვეყნებულმა სახელის გამტეხმა ასეთმა ცნობებმა ხელყო საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები, შელახა კანონით დაცული მისი ინტერესები და ღირსება, რითაც განიცადა მორალური ზიანი.

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ მას როგორც ბიზნესმენს და ერთ-ერთ შპს-ს დირექტორს მიაყენა გარკვეული მატერიალური ზიანიც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა გაზეთ “რ.” გამოქვეყნებული ცნობების უარყოფა და მოპასუხეზე მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 80000 ლარის დაკისრება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე გ. დ-ეს დაევალა მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, რითაც ბრალი დასდო მოსარჩელეს პირის სხეულის მძიმე დაზიანებაში, რამაც გამოიწვია სიკვდილი, ნარკოტიკების რეალიზაციაში, თურქი მძღოლების “ქალებით მომსახურებაში” და მორალური ზიანის სახით მოპასუხეს დაეკისრა 5000 ლარის გადახდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გაზეთ “რ.” 1998წ. 25 ოქტომბრის 292-ე ნომერში გ.დ-ემ გამოაქვეყნა სტატია, რომლითაც ბრალი დასდო მოსარჩელეს მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ცნობების გავრცელებით მოსარჩელეს შეელახა პატივი და ღირსება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.დ–ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ.ჭ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 28 მარტის განჩინებით გ.დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ამგვარი კატეგორიის დავების განხილვისას მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ გავრცელებული ცნობები მოსარჩელის მიმართ სინამდვილეს შეეფერება. რადგან გ.დ-ემ გ.ჭ-ის შესახებ გაავრცელა ცნობები, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებანი, მას უნდა წარმოედგინა ამის დამადასტურებელი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რაც აპელანტის მიერ არ იქნა განხორციელებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და რომ მათი გავრცელებით შეილახა გ.ჭ-ის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ასევე სამართლიანად მიიჩნია, რაიონული სასამართლოს მიერ საკომპენსაციო თანხის – 5000 ლარის დაკისრება აპელანტზე.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.დ-ემ, კასატორმა მიუთითა, რომ მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, მის მიერ გადამოწმებული იქნა ნასამართლოების შესახებ ცნობები შსს საინფორმაციო ცენტრში, რა დროსაც გაირკვა, რომ გ.ჭ. ნასამართლები იყო სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის II ნაწილით, 84-ე მუხლით და 74-ე მუხლის მეორე ნაწილით. კასატორმა განმარტა, რომ იგი როგორც არასპეციალისტი დაეყრდნო მისი უწყების იურისტების განმარტებას, რომ 110-ე მუხლის II ნაწილი ითვალისწინებდა სხეულის მძიმე დაზიანებას, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, როგორც შემდეგ გაირკვა გ.ჭ–ძე გასამართლებული ყოფილა 1959წ. 5 აგვისტოს იმჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, რომელიც 1960 წელს შეიცვალა და 110-ე მუხლის II ნაწილი ითვალისწინებდა სულ სხვა დანაშაულს. კასატორმა განმარტა, რომ აღნიშნულის გამო რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს მან სარჩელი ცნო ნაწილობრივ და წინააღმდეგი არ არის უარყოს აღნიშნული ცნობა, მიუთითოს რატომ მოხდა გაუგებრობა და განმარტოს ის მუხლი, რითაც არის ნასამართლევი გ.ჭ–ძე.

კასატორმა ასევე განმარტა, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობისა და თურქი მძღოლების “ქალებით მომსახურების” ბრალდებას იგი ადასტურებს, აღნიშნული ინფორმაცია მას მიაწოდა შპს “ბ.” დირექტორმა ბ. დ-მა, რომლის განმარტებით არსებობს ამის მოწმეები და შეიძლება მათი სასამართლოზე მოწვევა.

კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო როგორც გამომდინარე მისი ინდივიდუალურობიდან. სასამართლოს მიერ ასევე არ იქნა შეფასებული დაზარალებულის პიროვნება, ის რომ იგი მართლაც ნასამართლევია რამდენიმეჯერ და აღნიშნული ცნობების გამოქვეყნება არ მომხადარა ცარიელ ნიადაგზე. კასატორმა გარდა აღნიშნულისა მიუთითა, რომ წინა ინსტანციების სასამართლოების მიერ არ იქნა გამოძახებული მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ მისი ცნობების სინამდვილეს და აღნიშნული საკმარისი იქნებოდა გ. ჭ-ის უკანონო მოქმედებათა დასადასტურებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის განმარტების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლით და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ გ.დ–ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დადგენილია, რომ გაზეთ “რ.” 1998წ. 25 ოქტომბრის 292-ე ნომერში გ. დ-ემ გამოაქვეყნა სტატია, სადაც გ.ჭ–ეს ბრალს დებდა მძიმე დანაშაულებში: სხეულის მძიმე დაზიანებაში, რასაც მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, ნარკოტიკების გასაღებაში, თურქი მძღოლების “ქალებით მომსახურებაში” (სუტინიორობაში). აღნიშნული ცნობების სინამდვილე გ.დ–ის მიერ ვერ იქნებოდა დადასტურებული.

სკ-ს მე-18 მუხლის თანახმად პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს არ შეესაბამება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ სწორად იქნა გამოყენებული სკ-ს მე-18 მუხლი.

სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურება.

დადგენილია, რომ დარღვევა გამოწვეული იქნა ბრალეული მოქმედებით, რის გამოც გ. ჭ-ეს აქვს ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

სააპელაციო პალატის მიერ აღნიშნულ გარემოებებთან ერთად ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ბრალის ხარისხი, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ქვეყანაში არსებული საერთო ეკონომიკური და სოციალური ფონი. ფულადი კომპენსაცია უნდა განხორციელდეს გოივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. პალატა თვლის, რომ გავრცელებული ცნობებით მიყენებული ზიანისათვის გონიურილ ფულადი კომპენსაცია იქნება 2000 ლარი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

გ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ,

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 28 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

გ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გ. დ-ეს დაეკისროს 1998წ. 25 ოქტომბრის გაზეთ “რ.” გავრცელებული ცნობების ამავე გაზეთის მეშვეობით უარყოფა შემდეგი ფორმით: “1998წ. 25 ოქტომბრის გაზეთ “რ.” გავრცელებული ცნობები გ. ჭ-ის ნასამართლობის, ნარკოტიკების რეალიზაციაში და სუტენიორობაში მონაწილეობის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს”.

აღნიშნული ურყოფა გამოქვეყნდეს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 40 დღის ვადაში.

გ. დ-ეს გ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2000 ლარის გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.