3კ-767-02 18 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ, გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,მ. წიქვაძე
დავის საგანი: ხელშემშლელი მოქმედების აღკვეთა (ავტოფარეხის მოშლა, სარკმლის ღიობის აღდგენა).
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ი.-ემ სარჩელი აღძრა თ. კ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის კედელზე თ. კ.-ის მიერ მიშენებული ავტოფარეხის მოშლა და სარკმლის აღდგენა. სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: იგი ცხოვრობს თბილისში, ...-ის ქ. ¹29-ში, მოწინააღმდეგე მხარე _ ...-ის ქ. ¹27-ში. მანძილი ბინებს შორის არის 7 მეტრი. თ. კ.-ემ ნებართვის გარეშე მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის კედელს მიაშენა ავტოფარეხი, რითაც მოსარჩელეს მოუსპო საცხოვრებელი სახლის კედლის თავისუფალი ფლობის უფლება. ამასთან, თ. კ.-ემ იმ დროს, როცა მოსარჩელე შინ არ იმყოფებოდა, მესაკუთრის თანხმობის გარეშე ამოაშენა ა. ი.-ის ფანჯრის ღიობი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ იმ ადგილზე, სადაც ამჟამად ავტოფარეხია, იყო მისი კუთვნილი სათავსი, რაც შეეხება ფანჯრის ღიობს, იგი ა. ი.-ემ უკანონოდ გამოჭრა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ი.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ დაადგინა, რომ ავტოფარეხის ადგილზე 1993წ. 29 დეკემბრისათვის არსებობდა დამხარე სათავსი, რომელიც დღეის მდგომარეობით გაზრდილია 1.2 მეტრით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ს 177-ე მუხლის თანახმად მოსარჩელის უფლებები არ არის შელახული, ხოლო რაც შეეხება ფანჯრის ღიობს, რომელიც ა. ი.-ემ მოაწყო მისი საცხოვრებელი ბინის კედელში, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ¹57 ბრძანებით, უკანონოა.
ა. ი.-ემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ შეამცირა სარჩელის დავის საგანი და უარი თქვა ავტოფარეხის აღების შესახებ მოთხოვნაზე. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აპრილის განჩინებით უცვლელად დარჩა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტის (მოსარჩელის) სახლის კედელი, რომელშიც გაჭრილ იქნა ფანჯრის ღიობი, წარმოადგენს სამიჯნე კედელს. იგი გამყოფ ხაზს ქმნის მოსარჩელისა და მოპასუხის მეზობელ ნაკვეთებს შორის. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001წ. 18 სექტემბრის ¹57 ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ნებადართულია საცხოვრებელი სახლის განთავსება ნაკვეთის საზღვარზე იმ პირობით, რომ კედელი აგებული მის გასწვრივ იქნება ღიობისა და ყოველგვარი ხვრეტების გარეშე. იმავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად გამონაკლის შემთხვევაში, ნაკვეთების საზღვრიდან 5 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება მოწყობილ იქნეს ფანჯრის ღიობები, თუ ამით იქნება ნოტარიული წესით დამოწმებული მეზობლის თანხმობა.
სასამართლომ მიუთითა სკ-ს 182-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და დაუშვებლად მიიჩნია სასაზღვრე ნაგებობების აღება, ასევე კედელში ფანჯრის ღიობის აღდგენა.
საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას, რადგან მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა _ სკ-ს 174-ე, 175-ე მუხლები, ურთიერთპატივისცემის მოვალეობისა და სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების შესახებ. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა _ სკ-ს 182-ე მუხლის მე-4 ნაწილი. სასამართლომ ეს ნორმა გამოიყენა ამ მუხლის 1-3 ნაწილებისგან დამოუკიდებლად, რაც იძლევა ნორმის არასწორად განმარტების საფუძველს.
კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია და იგი უნდა გაუქმდეს სკ-ს 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ" ქვეპუნქტით გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართოლომ გამოიყენა სკ-ს 182-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც არეგულირებს სასაზღვრო ნაგებობათა სარგებლობის წესს. ა. ი.-ის სარჩელი კი მოითხოვს მოპასუხეებისგან თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას _ სარკმლის ღიობის აღდგენას, ე.ი. მესაკუთრე სარჩელის წარდგინებით იცავს თავის უფლებას ნივთზე _ თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (საცხოვრებელი სახლის კედლით). ამ უფლებას მას ანიჭებს სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილი და სარჩელის საფუძვლადაც სწორედ ეს ნორმაა მითითებული.
აღნიშნული ნორმით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებას (ნივთს), ე.ი. იგი არ არის აბსოლუტურად თავისუფალი და შეუზღუდავი თავისი ქონებით სარგებლობისას. პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ნორმის საფუძველზე მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფლდეს შემდეგი გარემოების გამო:
დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ მეზობელი მიწის ნაკვეთებზე. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის კედელი განთავსებულია ნაკვეთების საზღვარზე. დადგენილია, რომ სარკმლის ღიობი მოსარჩელემ გამოჭრა მოპასუხის თანხმობის გარეშე, რის გამოც მოპასუხემ სადავო ღიობის ამოქოლვა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მოქმედებით მოსარჩელის რაიმე უფლება არ შელახულა, რადგან სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი ქონებით. მოცემულ შემთხვევაში ა. ი.-ეს კანონით, კერძოდ, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001წ. 18 სექტემბრის ¹57 ბრძანებით დამტკიცებული “ნაკვეთის საზღვარზე, საზღვართან საცხოვრებელი სახლების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესებით" გარკვეულწილად შეზღუდული აქვს მესაკუთრის რიგი უფლებები. მათ შორის, ამ ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით ნებადართულია საცხოვრებელი სახლის განთავსება ნაკვეთის საზღვარზე იმ პირობით, რომ კედელი აგებული მის გასწვრივ იქნება ღიობების (კარები, ფანჯარა, ფრამუგა და სხვ.) და ყოველგვარი ხვრეტების გარეშე. ამავე ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად გამონაკლის შემთხვევაში, ნაკვეთების საზღვრიდან 5 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება მოწყობილ იქნეს ფანჯრის ღიობები, თუ ამაზე იქნება ნოტარიული წესით დამოწმებული მეზობლის თანხმობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უზღუდავს მესაკუთრეს სასაზღვრო კედელზე თვითნებურად რაიმე ღიობის მოწყობას, ე.ი. მესაკუთრე კანონით შეზღუდულია თავისუფლად სარგებლობდეს და თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს საცხოვრებელი სახლის კედელი, რომლითაც ერთმანეთისგან გამიჯნულია ორი მიწის ნაკვეთი. ამდენად, მოსარჩელის უფლება არ აქვს მოპასუხეს მოსთხოვოს სარკმლის ღიობის აღდგენა, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აპრილის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ა. ი.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.