Facebook Twitter
3კ-768-02

3კ-768-02 2 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: დაკავებული ფართიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ... ინსტიტუტმა “...-მ” სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების: ნ. ჭ.-ს, დ. ჯ.-ს, ი. ზ.-სა და სხვათა მიმართ და მოითხოვა დაკავებული ფართიდან მათი გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეები შეიჭრნენ ქ. თბილისში, ... მდებარე ექსპერიმენტულ 11 სართულიან ავარიულ შენობაში.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ.25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ სადავო ფართიდან მათთან მცხოვრებ პირებთან ერთად.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგნაირად დაასაბუთა: ექსპერტთა დასკვნით, შენობა ავარიულია და მასში ცხოვრება საფრთხეს უქმნის მოპასუხეებს. ამასთან, მოსარჩელე სადავო შენობის მართლზომიერი მფლობელია.

მოპასუხეებმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო საჩივრით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. კერძოდ, მოსარჩელე ვერ უთითებს, მისი რა ინტერესის დაცვას მოითხოვს ან რა უფლების აღდგენას ითხოვს მხარე და აქვს თუ არა მას ამ მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, არის თუ არა ჩაბმული მოსარჩელე დავაში სათანადო მხარედ.

დევნილთა წარმომადგენელმა ა. კ.-მ სააპელაციო პალატის განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ადრინდელი მოთხოვნა, საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების შესახებ, შეცვალეს სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დროს და მოითხოვეს, სააპელაციო პალატას თვითონ მიეღო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება. საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა ასევე მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარემაც, მაგრამ აღნიშნული არ გაითვალისწინეს. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსკ-ს 385-ე და 394-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები 2000წ. 25 მარტს თვითნებურად შესახლდნენ თბილისში,. ... მდებარე ექსპერიმენტული გამოცდის მიზნით აშენებულ 11 სართულიან შენობაში.

თბილისის ... ინსტიტუტმა “...-მ” სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შენობაში თვითნებურად შესახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ შენობის ექსპლუატაცია კატეგორიულად დაუშვებელია, ვინაიდან იგი ხელოვნური სეისმური დატვირთვების ზემოქმედების შედეგად სერიოზულად დაზიანდა.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს, კანონიერია. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. რაიონული სასამართლო მიერ არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის გასარკვევად, აქვს თუ არა მოსარჩელეს მოპასუხეთა გამოსახლების უფლება და წარმოადგენს თუ არა იგი სათანადო მოსარჩელეს. კერძოდ, არ არის გარკვეული თბილისის ... ინსტიტუტ “...-ის” ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სამართლებრივი სტატუსი: კერძო სამართლის იურიდიული პირია იგი თუ საჯარო სამართლის, აქვს თუ არა საერთოდ იურიდიული პირის სტატუსი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე კანონიერად აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართლომ არ მიუთითა მტკიცებულებებზე, თუ რას დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილება და კანონზე, რის საფუძველზეც დააკმაყოფილა სარჩელი.

თუ მოსარჩელე მართლზომიერი მფლობელის საფუძვლით მოითხოვს მოპასუხის გამოსახლებას, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ვინაა სადავო ფართის მესაკუთრე ან მფლობელი, რომელსაც შეუძლია, მოითხოვოს სადავო ფართის გამოთხოვა უკანონო მფლობელობიდან. სასამართლომ ასევე უნდა გაარკვიოს, სასარჩელო მოთხოვნა ხომ არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავის საგანს დავის მონაწილე მხარის სტატუსის მიხედვით.

პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა საქმის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნის უფლება, ვინაიდან სსკ-ს 385-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად კი სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადაგზავნოს საქმე და თვითონ გადაწყვიტოს იგი. კანონმდებელი მოცემულ შემთხვევაში იმავდროულად არ ადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის აუცილებლობას. იგი სასამართლოს აძლევს საშუალებას თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად გადაგზავნის საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410 მუხლით და

დ ა დ გ ი ნ ა:

ა. კ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.