გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-771-02 8 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს ,,ა. ტ. ი-მა”. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაკისრებოდა ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული 1217000 აშშ დოლარის ღირებულების ქონების დაბრუნება და 2001წ. 1 აპრილის მდგომარეობით დარიცხული სალიზინგო საზღაურის _ 45235 აშშ დოლარის _ ანაზღაურება. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე უთითებდა, რომ 2000წ. 14 აპრილს “შპს ა. ტ. ი-სა” და სს ,,ა-ს” შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ლიზინგის გამცემი იღებდა ვალდებულებას, ლიზინგის მიმღებისათვის შემდგომი გადაცემის მიზნით შეეძინა ტექნოლოგიური აღჭურვილობა: მექანიზმები, ტუმბოები, საკონტროლო საზომი ხელსაწყოები, აგრეგატები, დანადგარები, კატალიზატორები, პლატინის ბადეები, გაზსაშვები საშუალებები. ლიზინგის მიმღები იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა სალიზინგო საზღაური ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით და პერიოდულობით.
ხელშეკრულების 7.1 მუხლის თანახმად გადახდა უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ ფულადი ფორმით ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვისა, ქონების ფაქტობრივი გამოყენებისაგან დამოუკიდებლად.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა არც ერთი გადახდა, რის გამოც სკ-ს 558-ე მუხლისა და ლიზინგის ხელშეკრულების 6.2 მუხლის საფუძველზე ითხოვა ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა, სალიზინგო საზღაურის ანაზღაურება და გადაცემული ქონების უკან დაბრუნება.
სს “ა-მა” წარადგინა შეგებებული სარჩელი და მიუთითა, რომ ლიზინგის ხელშეკრულების დადება განპირობებული იყო მხარეთა შორის 2000წ. 21 მარტს დადებული კაპროლაქტამის წარმოების შესახებ ნარდობის ხელშეკრულებით.
კაპროლაქტამის წარმოება 1996 წლიდან აღარ ხორციელდებოდა, ვინაიდან ქიმიური პროდუქციის დასამზადებლად საჭირო ნახევარფაბრიკატის, ამიაკის, საამქრო ვერ მუშაობდა სრული დატვირთვით აგრეგატების ტექნიკური მდგომარეობის გამო.
კაპროლაქტამის დამზადებისათვის საჭირო გახდა ამიაკის წარმოების გაზრდა, ამიაკის წარმოების გაზრდა კი მხოლოდ სინთეზის საამქროს ¹2 აგრეგატის კაპიტალური რემონტის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი. კაპიტალური რემონტისათვის კი საჭირო იყო ამიაკის საამქროს დაკომპლექტება რეაქციული მილებით და კატალიზატორებით. ამ მიზნით 2000წ. 14 აპრილს მხარეთა შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რომლითაც შპს “ა. ტ. ი-ს” უნდა შემოეტანა საერთო ღირებულებით 3493094 აშშ დოლარის სხვადასხვა მექანიზმი, ტუმბოები, აგრეგატ-დანადგარები, საკონტროლო-საზომი ხელსაწყოები, კატალიზატორები, პლატინის ბადეები და აირმაშველი საშუალებები.
შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ შპს “ა. ტ. ი-მა” ნარდობისა და ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა: ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე უნდა შემოეტანა 2,7 მილიონი დოლარის ნედლეული და ქიმიკატები, სს “ა-ს” კი გადაეცა მხოლოდ 690000 აშშ დოლარის ღირებულების ნედლეული. მოპასუხეს ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე უნდა შემოეტანა 3493004 აშშ დოლარის ღირებულების მოწყობილობა-დანადგარები, ფაქტობრივად კი შემოიტანა მხოლოდ 1217002 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. აღნიშნული გარემოება, შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, ნიშნავს, რომ მას ლიზინგის საგანი არ მიუღია და შესაბამისად ვერც ლიზინგის ქირას გადაიხდიდა.
შეგებებული სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ ლიზინგის ხელშეკრულებით მისაწოდებელი საქონელი, ცალ-ცალკე აღებული, წარმოადგენს მოძრავ ნივთებს, რომლებიც არ არის ერთმანეთის შემადგენელი ნაწილები, მაგრამ განკუთვნილია ერთმანეთის სამსახურისათვის და დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც თუნდაც ერთი რომელიმე მოწყობილობის მიუწოდებლობა ითვლება კომპლექტის შეუვსებლობად და გამორიცხავს დანარჩენის გამოყენების შესაძლებლობას.
შეგებებული სარჩელის ავტორი მიუთითებდა, რომ მან განიცადა მატერიალური ზიანი, რაც გამოხატულია შემდეგში: 1. გასწია კაპროლაქტამის წარმოებაში შემავალი საამქროების არამწარმოებლური ხარჯები 1416533 ლარის ოდენობით. 2. სინთეზის საამქროს ¹2 აგრეგატის რემონტზე დაყენების და საბოლოოდ მისი შეუკეთებლობის გამო ამიაკის წარმოება შემცირდა 50%-ით და ზარალმა შეადგინა 4200000 ლარი. 3. პროდუქციის დამზადების შემთხვევაში მიიღებდა 1103040 ლარის მოგებას, რაც ამჟამად მისთვის წარმოადგენს მუღებელ შემოსავალს. მთლიანად მიყენებული ზიანის სახით ის ითხოვდა 4355569 ლარის ანაზღაურებას და ამ თანხისათვის ლიზინგით მიღებული ქონების გადაცემის სანაცვლოდ ქონების მის საკუთრებაში დარჩენას. საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე მოსარჩელე შპს “ა. ტ. ი-ი” მიჩნეულ იქნა არასათანადო მოპასუხედ და “ა-ის” თანხმობით ის შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ “ა. ტ. ი. ლ-ით”. შეგებებული სარჩელის მოთხოვნები 2000წ. 21 მარტის ¹01.01 ნარდობის ხელშეკრულების დარღვევის გამო გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე “ა. ტ. ი. ლ-ის” მიმართ მოცემული სამოქალაქო საქმიდან გამოყოფილი იქნა ცალკე წარმოებად. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ა. ტ. ი-ის” სარჩელი, შეწყვეტილად ჩაითვალა 2000წ. 14 აპრილის ლიზინგის ხელშეკრულება შპს “ა. ტ. ი-სა” და სს “ა-ს” შორის. დაუბრუნდა შპს “ა. ტ. ი-ს” “ა-ისაგან” ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ქონება. შპს “ა-ს” დაეკისრა სალიზინგო საზღაურის _ 45235 აშშ დოლარის _ ანაზღაურება შპს “ა. ტ. ი-ის” სასარგებლოდ. უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე სს “ა-ის” შეგებებულ სარჩელს შპს “ა. ტ. ი-ის” მიმართ.
კოლეგია მიუთითებს, რომ სკ-ს 576-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია, ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია, გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
კოლეგია მიუთითებს, რომ ლიზინგის ხელშეკრულება აკმაყოფილებს სკ-ს 577-ე მუხლის მოთხოვნებს: ლიზინგის ხელშეკრულების დანართ ¹1-7 ცხრილებში მოცემულია ლიზინგით გადასაცემი ცალკეული მოწყობილობების ღირებულება, ხოლო კრებსით ცხრილ ¹7-ში მოცემულია ამ ქონების მთლიანი ფასი _ 3472344 აშშ დოლარი. ასევე, დანართ ცხრილებში მოცემულია გადასაცემი მოწყობილობის სალიზინგო საზღაურის თანხა მოწყობილობის ღირებულების 6%-ის ოდენობით, მისი გადახდის ვადები და წესი მოცემულია ხელშეკრულების 7.1, 7.2, 7.3 პუნქტებში. ხელშეკრულების დანართ კრებსით ცხრილ ¹7-ში მოცემულია საბოლოო გადახდის თანხა 20834 აშშ დოლარი. ლიზინგის ხელშეკრულების 2.1 პუნქტისა და მხარეთა განმარტებების მიხედვით ლიზინგის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ქონების მიღების მომენტიდან 2001წ. 31 დეკემბრამდე.
ლიზინგის ხელშეკრულების და მხარეთა განმარტებების საფუძველზე დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ლიზინგის ქონების მიწოდების ვადები განსაზღვრული არ ყოფილა. სარჩელის განხილვისას მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებს 2001წ. 1 ივლისადან 2000წ. დეკემბრის ჩათვლით ეტაპობრივად მოეწოდა ლიზინგის ქონების ცალკეული სახეები, 1217002 აშშ დოლარის ღირებულების ქონება.
ლიზინგის ხელშეკრულების 7.1, 7.2, 7.3 პუნქტების მიხედვით ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაუხადოს ლიზინგის მიმცემს სალიზინგო საზღაური ¹1-7 დანართებში მითითებული წესით. ამ დანართებში მოცემულია, როგორც მისაწოდებელი, ცალკეული აღჭურვილობის ღირებულება, ისე _ მისი წლიური სალიზინგო საზღაური ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვისა, ქონების ფაქტობრივი გამოყენებისაგან დამოუკიდებლად. ყოველთვიურად გადახდის ოდენობა კი განისაზღვრებოდა წლიური ლიზინგის 12-ზე გაყოფით, ლიზინგის წესით გადაცემული აღჭურვილობის ცალკეული სახეების მიხედვით.
სასამართლო კოლეგია არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მათ მიერ სალიზინგო საზღაური გადახდილი უნდა ყოფილიყო მხოლოდ მთლიანად 3472344 აშშ დოლარის ღირებულების ქონების მიღების შემდეგ, ვინაიდან სალიზინგო საზღაურის გადახდის ასეთი წესი ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის.
კოლეგია მიუთითებს, რომ საქმის მასალებით უდავოდ არის დადგენილი, რომ სალიზინგო ქირა ლიზინგის მიმღების მიერ გადახდილი არ ყოფილა ლიზინგის გამცემისათვის, რაც უფლებას აძლევს მას, ვადამდე შეწყვიტოს ლიზინგის ხელშეკრულება სკ-ს 558-ე მუხლის საფუძველზე.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული ლიზინგის მიმღებისათვის გადასაცემი ქონება წარმოადგენს კონკრეტული, ცალკეული ნივთების ერთობლიობას. დადგენილია, რომ ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისათვის გადაცემული არ ყოფილა ნივთობრივად ნაკლის მქონე არცერთი ნივთი.
კოლეგია მიუთითებს, რომ საქმის მასალებით, კერძოდ, თვით შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით დადგენილია, რომ ლიზინგის მიმღების მიერ მოთხოვნა ქონების მოწოდების თაობაზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
გამომდინარე იქიდან, რომ ლიზინგის ქონების არასრული გადაცემა ლიზინგის მიმღებისათვის განპირობებულ იქნა ლიზინგის გამცემის მიერ ხელშეკრულების ვადამდე მართლზომიერი შეწყვეტით, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ა-მა”.
კასატორი მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით არც ისაა განსაზღვრული, რომ სალიზინგო საზღაური გადახდილი უნდა ყოფილიყო ლიზინგის ქონების ცალკეული სახეების მიღების მომენტიდან. ამის თაობაზე სასამართლოს დასკვნა, დაუსაბუთებელია. მითითება იმაზე, რომ სალიზინგო საზღაურის გადახდა უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვისა, მოითხოვს პასუხის გაცემას კითხვაზე-საიდან იწყება საანგარიშო თვე. ლიზინგის და ქირავნობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელია, რომ ხდება ხელშეკრულების საგნის სარგებლობაში გადაცემა, ხოლო საზღაური გადაიხდება სარგებლობისათვის.
სკ-ს 532-ე მუხლის მიხედვით გამქირავებლის უპირველესი მოვალეობაა, გადასცეს დამქირავებელს გაქირავებული ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის, ხოლო სკ-ს 578-ე მუხლის მიხედვით ლიზინგის გამცემი ქირავნობის ხელშეკრულების წესების მიხედვით პასუხს აგებს ლიზინგის მიმღების წინაშე ქონების მიწოდების ვადის გადაცილების ან მიუწოდებლობისათვის, აგრეთვე, ნაკლის მქონე ქონების მიწოდებისათვის. ხელშეკრულებით არც ქონების ნაწილ-ნაწილ გადაცემა ყოფილა განსაზღვრული.
ხელშეკრულებით გადასაცემი ქონება ნივთების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლის ღირებულებაც 3493094 აშშ დოლარია. საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი, რომ აღნიშნული ღირებულების ნაცვლად სს ,,ა-მა” მიიღო მხოლოდ 1217002 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. მაშასადამე, ხელშეკრულების საგანი გადაცემული არ ყოფილა.
სასამართლო აგრეთვე მიიჩნევს, რომ ლიზინგის გამცემს ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ნებისმიერ დროს შეეძლო, შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ქონების მიწოდების შესახებ. აღნიშნული მოსაზრება არ შეიძლება იყოს გაზიარებული, რადგანაც იგი ეწინააღმდეგება ლიზინგის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას. Lლიზინგის ხელშეკრულების ვადა გულისხმობს ხელშეკრულების საგნის გადაცემიდან ამ საგნით სარგებლობის ვადას. თუკი სასამართლოსეული მოსაზრებით ხელშეკრულების საგანი შეიძლებოდა გადაცემული ყოფილიყო ნებისმიერ დროს, თვით ხელშეკრულების ვადის ბოლო დროის ჩათვლით, მაშინ მივიღებდით არა ლიზინგის, არამედ ყიდვა-გაყიდვის ან სრულიად სხვა სამართლებრივი ბუნების მქონე ხელშეკრულებას.
კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმასა და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლოს სხდომაზე მათ ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას.
მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი.
მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე არსებული მტკიცებულებები კოლეგიის მიერ არ არის სრულად და ყოველმხრივ გამოკვლეული და განხილული.
სკ-ს 576-ე მუხლის თანახმად ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია, ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ Lლიზინგის ხელშეკრულების ვადა გულისხმობს ხელშეკრულების საგნის გადაცემიდან ამ საგნით სარგებლობის ვადას. შესაბამისად, არ შეიძლება გავიზიაროთ მოსაზრება, რომ ლიზინგის ხელშეკრულების საგანი შეიძლება გადაცემული ყოფილიყო ნებისმიერ დროს, თვით ხელშეკრულების ვადის ბოლო პერიოდის ჩათვლით.
პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული, რომ სალიზინგო საზღაური გადახდილი უნდა ყოფილიყო ლიზინგის ქონების ცალკეული სახეების მიღების მომენტიდან.
ლიზინგის და ქირავნობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელია, რომ ხდება ხელშეკრულების საგნის სარგებლობაში გადაცემა, ხოლო საზღაური გადაიხდება სარგებლობისათვის. Mმხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 1.1 მუხლის თანახმად ლიზინგის გამცემი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს და შეიძინოს შემდგომი გადაცემისათვის ლიზინგის მიმღებზე ლიზინგისათვის, ქვემოთჩამოთვლილი ტექნოლოგიური აღჭურვილობა ქიმიური პროდუქციის დასამზადებლად.
ხელშეკრულების აღნიშნული ნორმიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს აღჭურვილობის მიწოდება ესაჭიროებოდა ქიმიური პროდუქციის დასამზადებლად. Qხელშეკრულების აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე ნათელია, რომ მიწოდებული პროდუქციის მიწოდების მიზანია, ლიზინგის მიმღებმა ააწყოს ტექნოლოგიური პროცესი, დაამზადოს პროდუქცია. Mმას აღჭურვილობა ესაჭიროებოდა სამეწარმეო მიზნებისათვის. Mმას სურდა მიეღო ტექნოლოგიური აღჭურვილობა, რომელიც უზრუნველყოფდა პროდუქციის დამზადებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, სასამართლომ გაარკვიოს ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობების მიწოდების გარეშე, ცალკე აღებული მიწოდებული აღჭურვილობა უზრუნველყოფდა თუ არა ტექნოლოგიური პროცესის წარმართვას. თუ დადგინდება, რომ მიწოდებული აღჭურვილობა ცალკე აღებული არ უზრუნველყოფდა ტექნოლოგიური პროცესის წარმართვას, ცხადი ხდება, რომ მითითებული აღჭურვილობა მიმღებს უნდა მისწოდებოდა ერთდროულად, რათა ეწარმოებინა აღჭურვილობის ექსპლოატაცია და შესაბამისად გადაეხადა ლიზინგის საფასური.
ლიზინგის ხელშეკრულება, როგორც წესი, იდება გარკვეული ვადით. Eეს ვადა ხშირ შემთხვევაში ემთხვევა ლიზინგით გადაცემული მოწყობილობების ეფექტიანი მუშაობის ვადას. Lლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული ლიზინგის ვადა არის ის ვადა, რომლის განმავლობაშიც ლიზინგის მიმღებმა უნდა ისარგებლოს გადაცემული მოწყობილობებით.
კოლეგიამ უნდა დაადგინოს, მისაწოდებელი მოწყობილობები არის თუ არა განკუთვნილი ერთმანეთის სამსახურისათვის და დაკავშირებულია თუ არ საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რომელიმე მოწყობილობის მიუწოდებლობა გამორიცხავს თუ არა დანარჩენის გამოყენების შესაძლებლობას.
შეუძლებელია ლიზინგის მიმღებს მოსთხოვო ლიზინგის საფასურის გადახდა, თუ ქონების სამეწარმეო მიზნით გამოყენება და სამეწარმეო პროცესებში ჩართვა არ განხორციელდა იმის გამო, რომ ლიზინგის მიმცემმა არ განახორციელა მისი მუშაობისათვის აუცილებელი სხვა მოწყობილობების მიწოდება.
მხოლოდ აღნიშნული გარემოებების გარკვევის შედეგად უნდა გადაწყდეს, მოცემულ შემთხვევაში ვალდებული იყო თუ არა ლიზინგის მიმღები, ეხადა ქირა და არსებობდა თუ არ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლები.
შესაბამისად პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კოლეგიის მიერ სკ-ს 558-ე მუხლის გამოყენებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ა-ის” დირექტორის გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.