Facebook Twitter
3კ-772-02

3კ-772-02 19 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღება (ძირითადი სარჩელი); კუთვნილი წილის გაზრდა და სამკვიდრო ქონების მიკუთვნება (შეგებებული სარჩელი).

აღწერილობითი ნაწილი:

ც. ფ.-ე 1995 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. ხ.-სთან. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შვილი არ ჰყოლიათ. ისინი თავდაპირველად ცხოვრობდნენ ქ.ბათუმში, ...-ს ქუჩა ¹2-ში მდებარე ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლში, რომელიც საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ნ. ხ.-ს. 1997 წელს აღნიშნული საცხოვრებელი ბინა ნ. ხ.-მ გაყიდა 11000 აშშ დოლარად და ამ თანხის ნაწილით, 6000 აშშ დოლარად, შეიძინა ქ. ბათუმში, ...-ის ქ. ¹105-ში მდებარე ¹8 ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა ავტოფარეხით და ავტომანქანა “ვოლგა გაზ-24” _ 2000 აშშ დოლარად. 2000წ. თებერვალში ნ. ხ.-ე გარდაიცვალა. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ოთხი შვილი: რ., ნა., ნი. და თ. ხ.-ეები. განცხადების საფუძველზე მამკვიდრებლის ქონება ქ. ბათუმის ნოტარიუსის მიერ განაწილებულ იქნა. ც. ფ.-ს მიეკუთვნა სამკვიდროს 3/5 ნაწილი, ხოლო დანარჩენი 2/5 წილი კი – თ. ხ.-ს, რადგანაც რ., ნა. და ნი. ხ.-ეებმა თავიანთი წილი მას დაუთმეს.

ც. ფ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: რ., ნა., ნი. და თ. ხ.-ეების მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილი მეუღლის, ნო. ხ.-ის, სამკვიდროში მოპასუხეთა კუთვნილი წილის შემცირება და მთელი სამკვიდროს მის საკუთრებაში გადაცემა, მოპასუხეთათვის ფულადი კომპენსაციის გადახდა.

თ. ხ.-ის წარმომადგენელმა რ. მ.-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა თ. ხ.-ის მამის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა, მისთვის ბინის, ავტომანქანის გადაცემა, ასევე, დარჩენილი თანხის – 4000 აშშ დოლარის – 4/5-ის მიკუთვნება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით ც. ფ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა აწ გარდაცვლილ ნ. ხ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა და შესაბამისი ცვლილება განხორციელდა ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური სამსახურის მიერ, რისთვისაც ც. ფ.-ს გადახდა მოპასუხე თ. ხ.-ის სასარგებლოდ 1614 აშშ დოლარი. ციალა ფ.-ის სარჩელს რ., ნა., ნი. და თ. ხ.-ეების მიმართ სამკვიდროში მათი წილის შემცირებისა და ავტომანქანა “ვოლგის” მიკუთვნების ნაწილში ეთქვა უარი. თ. ხ.-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თ. ხ.-ს საკუთრებაში გადაეცა ნ. ხ.-ის საკუთრებაში რიცხული ავტომანქანა “ვოლგა – გაზ-24” და შესაბამისად, ქ. ბათუმის საგზაო პოლიციის სამმართველოს ტექნიკური სამსახურის მიერ გადაფორმების განხორციელება, რისთვისაც თ. ხ.-ს ც. ფ.-ის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა 244 აშშ დოლარი.

თ. ხ.-ის შეგებებულ სარჩელს ც. ფ.-ის მიმართ სამკვიდროში მოსარჩელის წილის შემცირებისა და საცხოვრებელი ბინის მიკუთვნების ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ხ.-ის წარმომადგენლის რ.მხატვრის სააპელაციო სჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო ც.ფ.-ეს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 4 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელე თ. ხ.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, საკუთრებაში გადაეცა აწგარდაცვლილი ნო. ხ.-ის სახელზე რიცხული ავტომანქანა “გაზ-24” და მოხდა მისი გადაფორმება დადგენილი წესით. ც. ფ.-ს კომპენსაციის სახით გადახდა 4160 ამერიკული დოლარი ერთიწ. ვადაში თ. ხ.-ის სასარგებლოდ.

ც. ფ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სამვიდრო ქონებიდან ნაცვლად 4/5-დი წილისა მიეკუთვნა 1/5-დი წილი და მიეცა უპირატესი უფლება სადავო ბინაში საცხოვრებლად დარჩენისა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ციალა ფ.-ის წარმომადგენელმა ი. შ.-მ და თ. ხ.-ის წარმომადგენელმა რ.მ.-მა.

კასატორმა ც. ფ.-ის წარმომადგენელმა ი. შ.-მ მოითხოვა მოცემული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სკ-ს 1161-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ც.ფ.-ისა და ნ.ხ.-ის ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ შეძენილი ქონება არ ჩათვალა მეუღლეთა თანასაკუთრებად. აღნიშნული სადავო საკითხის სამართლებრივად გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ს 1158-ე მუხლით. გარდა ამისა, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ ც.ფ.-მ ისესხა 500 აშშ დოლარი, რომელიც მამკვიდრებლის დაკრძალვასთან დაკავშირებით იქნა დახარჯული.

კასატორმა, თ. ხ.-ის რწმუნებულმა რ.მ.-მ მოითხოვა მოცემული გადაწყვეტილების შეცვლა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ ბინაში დარჩენის უპირატესი უფლების მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თ. ხ.-ე არის არასრულწლოვანი, მოსწავლე, მას ქ.ბათუმში რაიმე საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. ბინაში დარჩენის უპირატესი უფლება თ. ხ.-ს გააჩნია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრები და თვლის, რომ ც. ფ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, თ. ხ.-ის რწმუნებულის რ.მ.-ის საკასაციო საჩივარს კი უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ კასატორი ც. ფ.-ე და თ. ხ.-ის მამა – აწ გარდაცვლილი ნო. ხ.-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1995 წლიდან. ასევე დადგენილია, რომ მათ ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში შეიძინეს ქ.ბათუმში, ...-ს ქ. ¹105-ში მდებარე ერთოთახიანი ბინა ავტოფარეხით და ავტომანქანა “გაზ-24”. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადავოდ არ ხდიან. ნო. ხ.-ე გარდაიცვალა 2000 წელს. გარდაცვალების შემდეგ მას დარჩა ხუთი მემკვიდრე მეუღლე – ც. ფ.-ე და ოთხი შვილი. სააპელაციო სასამართლომ ნო. ხ.-ის სამემკვიდრეო ქონება მიიჩნია ინდივიდუალურ საკუთრებად სკ-ს 1161-ე მუხლის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ქონება შეძენილია ც. ფ.-ესთან ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რადგან ბინა და ავტომანქანა შეძენილია იმ თანხით, რომელიც ნო. ხ.-მ ინდივიდუალური საკუთრების ბინის გაყიდვის შემდეგ მიიღო დასახელებული ქონება ნო. ხ.-ის ინდივიდუალური საკუთრებაა. პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ასეთ მსჯელობას. პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება სამემკვიდრეო ქონება ჩაითვალოს ნო. ხ.-ის ინდივიდუალურ საკუთრებად, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამემკვიდრეო ქონება ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში შეიძინეს მეუღლეებმა. სკ-ს 1158-ე მუხლის I ნაწილის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში მეუღლეთა მიერ სადავო ბინისა და ავტომანქანის ქორწინების პერიოდში შეძენით ქონება გახდა მათი თანასაკუთრება. აღნიშნული ნო. ხ.-ეს სადავოდ არ გაუხდია. ნო. ხ.-ის გარდაცვალების დროისათვის მემკვიდრეობა გაიხსნა სკ-ს 1158-ე მუხლის თანახმად მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნეულ ქონებაზე. რადგან ნო. ხ.-ემ არ გააფორმა საქორწინო კონტრაქტი ან სხვა ფორმით სადავოდ არ გახადა ქონების მეუღლეთა თანასაკუთრების საკითხი, პალატა მიიჩნევს, რომ იგი სადავო ქონებას მეუღლეთა თანასაკუთრებად თვლიდა. აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 1161-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია სადავო ქონება ნო. ხ.-ის ინდივიდუალურ საკუთრებად.

ვინაიდან სადავო ქონება წარმოადგენს მეღლეთა თანასაკუთრებას, სკ-ს 1339-ე მუხლის თანახმად ცოცხლად დარჩენილი მეუღლის მემკვიდრეობის უფლება არ ეხება ქონების იმ ნაწილს, რომელიც მას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ეკუთვნის. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ნო. ხ.-ეს გარდაცვალების შემდეგ დარჩა ბინა, ღირებული 6000 აშშ დოლარად, მანქანა “გაზ-24”, ღირებული 800 აშშ დოლარად, 2400 აშშ დოლარი ფულადი თანხა; ქონების ღირებულებამ სულ შეადგინა 9200 აშშ დოლარი. სკ-ს 1339-ე მუხლის თანახმად, ამ ქონების ნახევარზე მემკვიდრეობა არ გაიხსნება, რადგანაც ეს ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა ანუ მემკვიდროება გაიხსნება 4600 აშშ დოლარის ღირებულების ქონებაზე; რადგან ნო. ხ.-ეს დარჩა ხუთი მემკვიდრე, მეუღლე და ოთხი შვილი თითოეულს უნდა მიეკუთვნოს სამემკვიდრეო ქონებიდან 1/5. ანუ ფ.-ეს ეკუთვნის 4600 აშშ დოლარიდან მეხუთედი ნაწილი, რაც შეადგენს 920 აშშ დოლარს. ც. ფ.-ეს მთლიანი ქონებიდან ეკუთვნის, როგორც თანამესაკუთრეს ნახევარი და როგორც მემკვიდრეს 1/5 ანუ მთლიანი ქონების 3/5. რაც შეეხება თ. ხ.-ს, ვინაიდან მის სასარგებლოდ მემკვიდრეობა დათმო დანარჩენმა სამმა მემკვიდრემ მისი წილი შეადგენს სამემკვიდრეო ქონების 4600 აშშ დოლარის 4/5-ს, რაც უდრის 3680 აშშ დოლარს, მთლიანი ქონებიდან თ. ხ.-ს ეკუთვნის 2/5.

პალატა თვლის, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით თ. ხ.-ეს თავისი სამემკვიდრეო წილის 3680 აშშ დოლარის ანგარიშში უნდა მიეცეს ავტომანქანა “ვოლგა”, ღირებული 800 აშშ დოლარად. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დანარჩენმა მემკვიდრეებმა, რომლებმაც თავიანთი წილი დაუთმეს თ. ხ.-ეს,

საერთო ქონებიდან მამკვდრებლის სიცოცხლეში მიიღეს 2400 აშშ დოლარი, რომლიდანაც 1200 აშშ დოლარი იყო სესხით წაღებული, ხოლო 1200 აშშ დოლარი კომერციული საქმიანობისათვის და ეს თანხა მათ ნო. ხ.-ისათვის არ დაუბრუნებიათ. ამდენად, 2400 აშშ დოლარი მიღებულად უნდა ჩაეთვალოს თ. ხ.-ეს. დარჩენილი 480 აშშ დოლარი მას უნდა კომპენსაციის სახით გადაუხადოს ც. ფ.-ემ. ც. ფ.-ის კუთვნილებას საერთო ქონებიდან შეადგენს 5520 აშშ დოლარი, ეს გულისხმობს თანასაკუთრებაში მის კუთვნილ წილს _ 4600 აშშ დოლარს მიმატებული სამემკვიდრეო წილის 1/5, 920 აშშ დოლარი (46000+920=5520). იმის გათვალისწინებით, რომ ც. ფ.-ე ცხოვრობდა მამკვიდრებელთან გარდაცვალებამდე, სკ-ს 1481-ე მუხლის თანახმად სამემკვიდრეო ქონებიდან მას უნდა მიეკუთვნოს საცხოვრებელი ბინა, ღირებული 6000 აშშ დოლარად. ვინაიდან სადავო ქონებიდან მის წილს სახლის ღირებულება აღემატება 480 აშშ დოლარით, მან აღნიშნული 480 დოლარი უნდა გადაუხადოს თ. ხ.-ეს კომპენსაციის სახით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

თ. ხ.-ის წარმომადგენლის მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

დაკმაყოფილდეს ც. ფ.-ის საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ც. ფ.-ეს ნო. ხ.-ის დანაშთი სამემკვიდრეო ქონებიდან მიეკუთვნოს ბინა მდებარე ბათუმში, ერას ქ. ¹105-ში.

თ. ხ.-ეს ნო. ხ.-ის დანაშთი ქონებიდან მიეკუთვნოს ნო. ხიკნილაძის სახელზე რიცხული ავტომანქანა “გაზ-24” და მოხდეს მისი გადაფორმება დადგენილი წესით. ც. ფ.-ეს თ. ხ.-ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით გადახდეს 480 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში.

თ. ხ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.