3კ-774-02 23 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. ნ.-ემ და მ. ს.-ემ 1996წ. 29 ოქტომბერს სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბათუმის სავაგონო დეპოს წინააღმდეგ და მოითხოვეს ორი ცალი ოცტონიანი კონტეინერის და 1 ცალი ხის ვაგონის ღირებულების ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ 1992წ. 5 აგვისტოს და 23 ოქტომბერს ბათუმის სავაგონო დეპოსგან შეიძინეს 2 ცალი ოცტონიანი კონტეინერი, ერთი ცალი ხის ვაგონი და 4 ცალი ხუთტონიანი კონტეინერი, რაშიც გადაიხადეს 8200 რუსული რუბლი. გამყიდველმა მათ გადასცა მხოლოდ 4 ცალი ხუთტონიანი კონტეინერი (1700 რუბლის ღირებულების). რაც შეეხება 2 ცალ ოცტონიან კონტეინერს და 1 ცალ ხის ვაგონს, ისინი გამყიდველს მყიდველისთვის არ გადაუცია. მყიდველმა (მოსარჩელემ) მოითხოვა კონტეინერების და ერთი ხის ვაგონის ღირებულების _ 11741 აშშ დოლარის ანაზღაურება.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ და ბოლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7758,6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი ეთქვა 1 ცალი ხის ვაგონის შესაძენად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ გამოიყენა სსკ-ს 237-ე და 249-ე მუხლები.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ნ.-ის და მ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეიცვალა: მოპასუხე შპს “...-ის” ბათუმის სავაგონო დეპოს ნაცვლად 7758,6 აშშ დოლარისა გადასახდელად დაეკისრა 2 ცალი ოცტონიანი კონტეინერის, 1 ცალი ხის ვაგონის ღირებულება და მგზავრობისათვის გაწეული ხარჯი, სულ _ 6300 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა. შპს “...-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი: 1992წ. 5 აგვისტოსა და 23 ოქტომბერს ი. ნ.-ემ და მ. ს.-ემ ბათუმის სავაგონო დეპოს ანგარიშზე შეიტანეს 8200 რუსული მანეთი 2 ცალი ოცტონიანი კონტეინერის, 1 ცალი ხის ვაგონისა და 4 ცალი ხუთტონიანი კონტეინერის შესასყიდად; მყიდველმა აღნიშნული ქონებიდან მიიღო მხოლოდ 4 ცალი ხუთტონიანი კონტეინერი. 2 ცალი ოცტონიანი კონტეინერი და 1 ცალი ხის ვაგონის ღირებულება _ 6500 რუსული მანეთი მყიდველს (მოსარჩელეს) არ დაბრუნებია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან 1992 წელს გადახდილი თანხის (6500 მანეთმა) ფულადმა ერთეულმა განიცადა ცვლილება ჯერ კუპონით, შემდეგ ლარით, ხოლო სკ-ს 389-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად დღევანდელი გაანგარიშებით, ვალუტის შეცვლის გამო, აღნიშნული თანხა შეადგენს ძალზედ უმნიშვნელო თანხას (დაახლოებით 20 ლარს), ამდენად, მოსარჩელეებზე მიყენებული ზიანი უნდა განისაზღვროს სადავო 2 ცალი კონტეინერისა და 1 ცალი ვაგონის დღევანდელი ღირებულებით, ე.ი. 6100 აშშ დოლარით. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ საქმესთან დაკავშირებით გაწეული სატრანსპორტო ხარჯების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ იმსჯელა მოთხოვნის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე და მიიჩნია, რომ დავა არ არის ხანდაზმული, რადგან მოპასუხე არ უარყოფდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ფაქტს და მიაჩნია, რომ სადავო თანხა უნდა დაუბრუნდეს მყიდველს.
საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგან მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 389-ე მუხლი, რის გამოც არასწორად იქნა გაანგარიშებული სადავო თანხის ოდენობაც. კერძოდ, 20 ლარის ნაცვლად მას დაეკისრა 6100 აშშ დოლარი, ე.ი. სასამართლომ არასწორად მოახდინა გადასახდელი თანხის გაანგარიშება.
კასატორი მიუთითებს, რომ, მართალია, იგი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ 1992 წელს გადაიხადა 8200 რუბლი კონტეინერებისა და ვაგონების შესაძენად, მაგრამ აღნიშნული ქონება მოსარჩელემ 1994 წელს მიიღო.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთებულობა იმდენად არასრულია, რომ გადაწუვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ მიუთითა იმ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმაზე, რომლითაც იხელმძღვანელა სარჩელის დაკმაყოფილებისას. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებით არ არის დასაბუთებული, რა სამართლებრივი ურთიერთობა იყო მხარეთა შორის და რა იურიდიული საფუძველი გააჩნდა სარჩელის მოთხოვნას. მოპასუხეს დაეკისრა თანხის გადახდა ისე, რომ არ დასაბუთებულა, თუ რატომ უნდა განისაზღვროს გადასახდელი თანხა 6300 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლომ, მართალია, მიუთითა იმ მტკიცებულებაზე, რითაც იხელმძღვანელა სადავო თანხის ოდენობის განსაზღვრისას, მაგრამ არ მიუთითა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებზე, რომლებითაც უტყუარად იქნებოდა დადასტურებული აღნიშნული თანხის გადახდის საფუძვლიანობა.
რაც შეეხება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით შეიძინეს ქონება (ვაგონი და ორი კონტეინერი), რომლის ღირებულება გადახდილია, მაგრამ გამყიდველმა მყიდველს ნივთები არ გადასცა. სსკ-ს 249-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ გამყიდველი დაარღვევს ხელშეკრულებას და არ გადასცემს მყიდველს ნივთს, მყიდველს უფლება აქვს, თავის მხრივ უარი თქვას ხელშეკრულების შესრულებაზე, მოითხოვოს მისი მოშლა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში მხარე ითხოვს თანხის დაკისრებას.
პალატა თვლის, რომ საპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დააზუსტოს მოსარჩელის მოთხოვნა, კერძოდ, მყიდველი (მოსარჩელე) უარს ამბობს ხელშეკრულების შესრულებაზე და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, თუ ითხოვს მხოლდ მის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნებას. ამასთან, თანხის ოდენობის დასადგენად სასამართლოს შეუძლია, იხელმძღვანელოს სსკ-ს 162-ე მუხლით და ისე განსაზღვროს იგი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თითქოს სასამართლომ არასწორად განმარტა 389-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული ნორმა არ გამოუყენებია და მითუმეტეს _ არც განუმარტავს. სასამართლომ მიუთითა, რომ იგი არ გამოიყენებს აღნიშნულ ნორმას, რადგან ამ ნორმის საფუძველზე ვალუტის შეცვლის გამო თანხა შეადგენს ძალზე უმნიშვნელო თანხას. პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო მითითებულ ნორმას ვერც გამოიყენებდა, რადგან მხარეთა შორის ურთიერთობები წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე. ამ კოდექსის ნორმები კი გამოიყენება 1997წ. 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. ამდენად, პალატა საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის ნაწილში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.