Facebook Twitter

3კ-775-02 6 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბიილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: დავალიანების გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 18 ოქტომბერსა და 5 ნოემბერს მოდავე მხარეებს შორის დაიდო კომერციული ხელშეკრულებები 5 წლის ვადით.

ხელშეკრულებების თანახმად დილერი შპს “ს.-ა" ახდენდა საწარმოს შპს “ე.-ს" კუთვნილი საწვავისა და საავტომობილო ზეთების რეალიზაციას საწარმოს სასაქონლო ნიშნით, საწარმოს კუთვნილი ავტოგასამართი სადგურიდან.

ხელშეკრულების თანახმად მხარეთა შორის ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო საწვავის დილერისათვის გადაცემის დღიდან 10 დღის განმავლობაში, ხოლო თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

შპს “ე.-მ" სარჩელი აღძრა შპს “ს.-ის" მიმართ და მოითხოვა 9670 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა, რომ 2001წ. 19 იანვრამდე გადაცემული 8604 ლარის ღირებულების საწვავის თანხა დილერს დღემდე არ გადაუხდია. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ ძირითადი თანხის ნაწილში შეამცირა მოთხოვნა 8580,60 ლარის ოდენობამდე.

მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა შპს “ე.-ს" მიმართ და მოითხოვა 7047,17 ლარის გადახდა, რასაც საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მხარეთა შორის 2000წ. 12 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე შპს “ე.-ა" ვალდებული იყო შპს “ე.-ს" ტერიტორიაზე გაცემული საწვავის ღირებულება აენაზღაურებინა საწვავის სარეალიზაციო ფასის შესაბამისად, რაც აანაზღაურა არასრულად, რის გამო ზარალმა შეადგინა 13115,23 ლარი. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხემ იზარალა ასევე 19689 ლარი, ტალონების ჩაბარებიდან საწვავის შეტანამდე პერიოდში წარმოშობილი ფასთა შორის სხვაობის გამო და საწვავის ტრანსპორტირების ხარჯები _ 487 ლარის ოდენობით. სულ ზარალმა შეადგინა 15570,23 ლარი.

მოპასუხემ შეგეგებული სარჩელით შპს “ე.-ს" სარჩელი ცნო 8523,06 ლარის ოდენობით და მოითხოვა, რომ 15570,23 ლარს გამოკლებოდა 8523,06 ლარი და დარჩენილი 7047,17 ლარი გადასახდელად დაკისრებოდა შპს “ე.-ს". შპს “ს.-მ" შემდგომში დააზუსტა მოთხოვნა და შეამცირა 487 ლარით.

მოსარჩელემ შეგეგებული სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “ე.-ს" სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა შპს “ს.-ის" შეგებებული სარჩელი და შპს “ე.-ს" მის სასარგებლოდ დაეკისრა 6560 ლარის გადახდა.

ეს გადაწყეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ე.-მ".

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან შპს “ს.-მ" აღიარა დავალიანების არსებობა 8523,06 ლარის ოდენობით, სსკ-ს 131-ე და 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შპს “ე.-ს" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს დაეკისროს 8523,06 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

სააპელაციო პალატამ აუდიტორული დასკვნის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ შპს “ე.-ს" “ს.-ისათვის" 1999წ. 12 ოქტომბრიდან 2001წ. იანვრის ჩათვლით პერიოდში ტალონების საფუძველზე რეალიზებული საწვავის ღირებულება ანაზღაურებული აქვს 13115,23 ლარით ნაკლები, ხოლო ფასთა სხვაობის გამო ზარალმა შეადგინა 19689 ლარი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შპს “ე.-ს" მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აუდიტორული დასკვნა არასწორად დაეყრდნო 2000წ. 12 სექტემბრის ხელშეკრულებას, რადგან აღნიშნული ხელშეკრულება გაუქმებული იყო 2000წ. 9 ოქტომბრის ხელშეკრულებით. სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მოსაზრება მიიჩნია არადამაჯერებლად, რადგან წარმოდგენილი ხელშეკრულება დათარიღებული იყო არა 9 ოქტომბრით, არამედ 10 სექტემბრით. ამასთან, აღნიშნულ ხელშეკრულებაში არაფერი იყო მითითებული 2000წ. 12 სექტემბრის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “ს.-ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სკ-ს 361-ე მუხლი და 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “ე.-ს" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 8523,06 ლარის გადახდა.

დაკმაყოფილდა ასევე შპს “ს.-ის" შეგებებული სარჩელი და შპს “ე.-ს" შპს “ს.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 15083 ლარის გადახდა.

აღიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ე.-მ", რომელიც მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას შემდეგი საფუძვლებით:

1. სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ს 384-ე და 248-ე მუხლების მოთხოვნები.

2. კასატორს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. შეგებებული სარჩელის ავტორს არ მოუთხოვია მოთხოვნის გაქვითვა კანონით დადგენილი წესით, რის გამოც სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი ამ ნაწილში.

3. დაუსაბუთებელია ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება ტალონებით რეალიზაციის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში. სასამართლო ეყრდნობა აუდიტის დასკვნას, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა 12 სექტემბრის ხელშეკრულებას. დასკვნაში მითითებული ციფრები აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, აუდიტმა საიდან მოიტანა გაანგარიშების დროს მითითებული ციფრები, მისთვის გაუგებარია.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, მათ მიერ წარმოდგენილი იყო 9 ოქტომბრის ხელშეკრულება მექანიკური შეცდომით დათარიღებული 10 სექტემბრით, ასეთ შემთხვევაში 9 სექტემბრამდე ტალონებით საწვავის რეალიზაციის მომსახურების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო იმ ციფრებით, რაც ამ ხელშეკრულებაში არის მითითებული.

კასატორის მოსაზრებებით, დაუსაბუთებელია ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება საწვავის შემოტანისა და ტალონების ჩაბარების პერიოდში ფასთა შორის სხვაობის ანაზღაურების ნაწილში. კასატორის მოსაზრებით, ფასთა ცვლილება ჩვეულებრივი მოვლენაა და თუ ამით მეწარმეს ზიანი მიადგა, ეს წარმოადგენს კომერციულ რისკს და ხელშეკრულების მეორე მხარე ვერ იქნება პასუხისმგებელი დამდგარი ზიანისათვის.

აღნიშულიდან გამომდინარე, კასატორს სსკ-ს 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის “ე" პუნქტის მიხედვით თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოტანილი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფიდლეს შემდეგ გარემოებათა ფამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

დადგენილია, რომ მხარეებმა 1999წ. 18 ოქტომბერს და 1999წ. 5 ნოემბერს დადეს ხელშეკრულებები, რომლითაც დილერი (შპს “ს.-ა") ახდენდა საწარმოს (შპს “ე") კუთვნილი საწვავისა და საავტომობილო ზეთების რეალიზაციას საწარმოს სასაქონლო ნიშნით საწარმოს ავტოგასამართი სადგურიდან. იმავე მხარეებს შორის 2000წ. 12 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება ზემოაღნიშნულ კომერციულ ხელშეკრულებათა ფარგლებში და მის შესაბამისად. ამ ხელშეკრულების საფუძველზე დილერი კისრულობდა ვალდებულებას 1999წ. 18 ოქტომბრის და 5 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ავტოგასამართ სადგურებზე შეუფერხებლად ეწარმოებინა საწარმოს მიერ გაყიდული ტალონებით საწვავის რეალიზაცია.

2000წ. 12 სექტემბრის ხელშეკრულების მე-4 და მე-6 პუნქტების თანახმად შპს “ე." ვალდებული იყო აენაზღაურებინა დილერისათვის ტალონებით გაცემული საწვავის ღირებულება საწარმოს მიერ გაცემული ფასის შესაბამისად, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო საწვავის სარეალიზაციო ფასთან და საწარმოს პროცედურებთან. ეს ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე და მოქმედებდა 1999წ. 18 ოქტომბრის და 1999წ. 5 ნოემბრის ხელშეკრულებების მოქმედების ვადის განმავლობაში.

აუდიტორული დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ 1999წ. 18 ოქტომბრის და 5 ნოემბრის ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში შპს “ე.-მ" მის მიერ გაცემული ტალონების საფუძველზე შპს “ს.-ის" მიერ რეალიზებული საწვავის ღირებულება სრულად არ აუნაზღაურა. კერძოდ, დანაკლისმა შეადგინა 13115,23 ლარი. ასევე დადგენილია, რომ შპს “ს.-ს" შპს “ე.-სათვის" ჩაბარებული აქვს 2000წ. 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით რეალიზებული ბენზინის ტალონები _ სუპერი _ 101.10 ლიტრი _ ერთი ლიტრი 1,21 ლარად და ნორმალი _ 18280 ლიტრი _ ლიტრი 1,16 ლარად. ანგარიშსწორება მოხდენილია შემდეგნაირად: სუპერი 1 ლიტრი _ 1,16 ლარად და ნორმალი _ 0,94 ლარად. აღნიშნულის გამო მოხდა სხვაობა ფასებში “ს.-ის” საზიანოდ – 1968 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ შპს “ე.-მ” გადაახდევინა “ს.-ს” შესანახად შეტანილი 97487 ლიტრი საწვავის ტრანსპორტირების ფასი – 487 ლარი.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე მტკიცებულებაზე, რომელიც სასამართლოს მირ არ შეფასებულა.

კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ უთხრა უარი პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში ვერ იქნება გაზიარებული, რადგან 2000წ. 12 სექტემბრის ხელშეკრულება დაიდო კომერციული ხელშეკრულებების ფარგლებში და მის შესაბამისად და იმ პირობებში, როცა მოსარჩელეს გააჩნდა მოპასუხის მიმართ დავალიანება, პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლოა.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება ასევე კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 2000წ. 12 სექტემბრის ხელშეკრულებით ფასები განსაზღვრული არ ყოფილა და მათთვის გაუგებარია, აუდიტმა გაანგარიშების დროს საიდან მოიტანა მითითებული ციფრები. ხელშეკრულების თანახმად შპს “ე.-ა" ვალდებული იყო აენაზღაურებინა დილერისათვის ტალონებით გადაცემული საწვავის ღირებულება საწარმოს მიერ გაცემული ფასის შესაბამისად, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო საწვავის სარეალიზაციო ფასთან და საწარმოს პროცედურებთან. ამდენად, აუდიტმა გაანგარიშება მოახდინა საწვავის სარეალიზაციო ფასისა და საწარმოს პროცედურების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს ხელშეკრულების საფუძველზე საწვავის ღირებულება უნდა აენაზღაურებინა საწარმოს მიერ გაცემული ფასის შესაბამისად, ე.ი. ფასთა შორის სხვაობაც უნდა აენაზღაურებინა.

სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოება, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

შპს “ე.-ს" მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ 2000წ. 12 სექტემბრის ხელშეკრულება გაუქმებულია და ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა მომხდარიყო მათ მიერ წარმოდგენილი 10 სექტემბრის ხელშეკრულებით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 9 ოქტომბრის ხელშეკრულება შეცდომით იყო დათარიღებული 10 სექტემბრით და აღნიშნული ხელშეკრულებით 2000წ. 12 სექტემბრის ხელშეკრულება გაუქმებული იყო, რადგან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში არაფერია მითითებული 2000წ. 12 სექტემბრის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

დადგენილია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით კასატორს დაეკისრა 6960 ლარის გადახდა შპს “ს.-ის" სასარგებლოდ.

სააპელაციო პალატამ შპს “ს.-ის" სასარგებლოდ შპს “ე.-ს" დააკისრა 15083 ლარი, ხოლო ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შპს “ს.-ს" დააკისრა 8523,06 ლარი, ე.ი. კასატორს გადასახდელი აქვს 15083-8523,06=6560 ლარი. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ აპელანტისათვის გადაწყვეტილების საუარესოდ შებრუნებას ადგილი არ ჰქონია.

სსკ-ს 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწვეტილება იქნა გამოტანილი.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ საქმეზე სწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რის გამოც საპროცესო ნორმების დარღვევა ვერ გახდება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ე.-ს" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.