Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ-777-02 30 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელის განმარტებით, 1995წ. 22 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილებით ც. ჩ-ე ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ... მდებარე ბინის ფართზე უფლებამოპოვებულად. აღნიშნულ დავაში მოპასუხედ ჩართული იყო ბინის მესაკუთრე ვ. მ-ი, რომელიც 1999 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მან ბინა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა ვ. მ-ს.

ვ. მ-მა სარჩელი აღძრა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ც. ჩ-ის მიმართ დაკავებული ფართიდან გამოსახლების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული სადავო ფართის ფლობის უფლება მესაკუთრეს მისთვის არ მიუნიჭებია. შემდგომ წარმოდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელემ განაცხადა, რომ მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა თავისი შინაარსით ჰგავს თხოვების ურთიერთობას, რომელიც ცნობილ უნდა იქნეს შეწყვეტილად, ხოლო მოპასუხე ც.ჩ-ე გამოსახლებულ იქნეს ქ.თბილისში, ... მდებარე ბინიდან.

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. კერძოდ, რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რადგან 1995წ. 22 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილებით ც.ჩ-ე ცნობილ იქნა სადავო ფართზე უფლებამოპოვებულად, ხოლო მამის გარდაცვალების შემდეგ ვ. მ-ზე მემკვიდრეობით გადასული საკუთრების უფლება არ გულისხმობს ნივთის უკან გამოთხოვას, ვინაიდან სკ-ს 157-ე მუხლის თანახმად მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან.

ვ. მ-მა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ც. ჩ-ე მართლზომიერ მფლობელად აღიარებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. სკ-ს 162-ე მუხლის თანახმად დაუშვებელია, მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, რადგან მოპასუხე სადავო ბინას ფლობს უფლების მინიჭების დღიდან და სკ-ს 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას, მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად.

ვ. მ-მა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არ დააკონკრეტა, თუ რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის, კერძოდ, სასამართლომ კანონის ანალოგიის საფუძველზე უნდა დაადგინოს მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის კონკრეტული სახე.

სასამართლომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა ზოგადად მფლობელისა და მესაკუთრის ურთიერთობად შეაფასა და არ გაითვალისწინა ის, რომ არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებში შეუძლებელი ხდება იმის გარკვევა, თუ რისი უფლება აქვს მესაკუთრეს და რისი არა, ვინაიდან მფლობელობა შეიძლება იყოს ქირავნობაც, იჯარაც, თხოვებაც და ა.შ. თითოეული ამ ურთიერთობების დროს კი სხვადასხვა უფლება-მოვალეობები აქვთ მხარეებს და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებიც სხვადასხვაა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ც. ჩ-ე 1995წ. 22 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის ფართზე უფლებამოპოვებულად.

სადავო ბინის მესაკუთრე ვ. მ-ის განმარტებით იგი არ ცხოვრობდა სადავო ბინაში, მაგრამ აპირებს სოფლიდან ქ. თბილისში დაბრუნებას, რისთვისაც ესაჭიროება ბინა.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ც. ჩ-ე სადავო ფართის კეთილსინდისიერი, მართლზომიერი მფლობელია, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მართლზომიერი მფლობელობის შეწყვეტა საერთოდ შეუძლებელია. სკ-ს 160-ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერ მფლობელს არ შეუძლია, ახალ მფლობელს (მესაკუთრეს) მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, რადგან მას მფლობელობის უკეთესი უფლება აქვს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება მოპასუხის ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობის შესახებ მხოლოდ მის მიერ სადავო ფართის კეთილსინდისიერად ფლობის სამართლებრივი საფუძველია.

სააპელაციო პალატა თვლის, რომ ვ. მ-ის პრეტენზია, რომ სურს, ისარგებლოს საკუთარი ბინით, რისი საშუალებაც ამჟამად არა აქვს, მფლობელის მიმართ დასაბუთებულ პრეტენზიად შეიძლება ჩაითვალოს, რაც სკ-ს 168-ე მუხლის თანახმად მფლობელობის შეწყვეტის საფუძველია.

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ სკ-ს 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაუშვებელია, მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, ვინაიდან ეს უფლება არ არის შეუზღუდავი. პალატა თვლის, რომ სკ-ს 168-ე მუხლით განსაზღვრული მფლობელობის შეწყვეტის სამართლებრივი მექანიზმი ვრცელდება ამავე კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებული მართლზომიერი მფლობელის მიმართაც.

სკ-ს 170-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში დაეუფლოს, ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). განსახილველ შემთხვევაში მესაკუთრეს შეზღუდული აქვს საკუთარი საცხოვრებელი ბინის ფლობისა და სარგებლობის უფლება და მისი მოთხოვნა მოპასუხის გამოსახლების შესახებ სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ვ. მ-ის წარმომადგენლის ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

ვ. მ-ის წარმომადგენლის ი. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

ც. ჩ-ე გამოსახლებულ იქნეს თბილისში, ... მდებარე ბინიდან.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.