Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-779-02 30 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: სახლისა და მიწის გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ხაშურის რაიონის დაბა სურამში, ... მდებარე სახლის 1/3 ნაწილი საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელეების: ლ., ვ. კ-ეების და ნ. ლ-ის სახელზე, ხოლო 2/3-ის მესაკუთრედ აღრიცხულია მოპასუხის, ა. კ-ის მამა, ს. კ-ე. მოსარჩელეებმა: ლ., ვ. კ-ეებმა და ნ. ლ-ემ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს აღნიშნული სახლიდან მათი კუთვნილი იდეალური წილის შესაბამისად სახლისა და ეზოს ნატურით გაყოფა. მოპასუხე ა. კ-ემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ იგი წინააღმდეგი არ არის, კუთვნილი წილის შესაბამისად გამოეყოთ სახლი და ეზო მოსარჩელეებს, მაგრამ ისე რომ არ შეიზღუდოს მისი ინტერესები.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ., ვ. კ-ეებს და ნ. ლ-ეს სადავო სახლიდან იზოლირებულად გამოეყოთ 1\3 ნაწილი, კერძოდ, ¹7 ოთახი ფართით 13,9 კვ.მ, რისთვისაც გაუქმდა ¹7 ოთახიდან ¹6 და ¹8 ოთახებში გამავალი კარები. მოსარჩელეებს ასევე გამოეყოთ სახლის დასავლეთ მხარეს კედლიდან 19 მ სიგანე 65 მ სიგრძის მიწის ნაკვეთი და ... ქუჩის ჩიხის ბოლოდან ნაკვეთში შესასვლელად 5 მ სიგანის და 20 მ. სიგრძის გზა 1000 კვ.მ. მათ სულ გამოეყოთ 1335 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სახლის კუთვნილი 1\3 წილის შესაბამისად. სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ხაშურის მიწის მართვის რაიონული სამმართველოს 2001წ. 6 ნოემბრის ¹11 დასკვნა, რომლის თანახმადაც მიწის გამოყოფა უნდა მოხდეს 4341,4 კვ.მ ფართობიდან.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მარტის განჩინებით ა. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს დასკვნის საფუძველზე მოსარჩელეებისათვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 1\3 წილის გამოყოფა უნდა მოხდეს არა 1943 კვ.მ-დან, არამედ _ 4341,4 კვ.მ-დან და იდეალური 1\3 წილის შესაბამისად მოსარჩელეებს უნდა გადაეცეთ 1335 კვ.მ. სასამართლომ ჩათვალა, რომ ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. კ-ემ, რომლითაც ითხოვეს განჩინების გაუქმებას შემდეგი გარემოების გამო: საქმის მასალებში არ არის მტკიცება 4341,4 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა თანასაკუთრების უფლების შესახებ. სასამართლომ ნატურით გამოუყო რა სადავო მიწის ნაკვეთი მოსარჩელეებს, გააუქმა 4341,4 კვ.მ. ნაკვეთზე საერთო ნაწილობრივი საკუთრება, ანუ საზიარო უფლება, რომელიც სინამდვილეში არც იურიდიულად და არც ფაქტობრივად არ არსებობდა, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება სკ-ს 963-ე მუხლის მოთხოვნებს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილია 1987 წელს გაცემული სადავო სახლის ტექნიკური პასპორტი, რომლის თანახმადაც მხარეებს სარგებლობაში გადაცემული ჰქონდათ 1943 კვ.მ მიწის ნაკვეთი. სხვა მტკიცებულება იმისა, რომ მხარეებზე გადაცემული იყო არა 1943 კვ.მ მიწის ნაკვეთი, არამედ 4341,4 კვ.მ, საქმეში წარმოდგენილი არ არის, უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა უცვლელად ხაშურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომ არ იმსჯელა იმის შესახებ, თუ რომელი დოკუმენტის საფუძველზე გამოუყვეს მოსარჩელეებს 4341,4 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან წილი. საქმეში არ არის მიწის საკუთრების მოწმობა, ასევე მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. პალატა თვლის, რომ ასეთ ვითარებაში სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნები იმის შესახებ, რომ არავითარ მტკიცებულებებს არ აქვს სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს დასკვნა (რასაც გადაწყვეტილება ეყრდნობა) სასამართლომ ისე გაიზიარა, რომ არ გამოიკვლია იგი საქმის სხვა მასალებთან მიმართებაში, არ მოახდინა მტკიცებულებათა სრული და ობიექტური განხილვა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქმის ხელახალი განხილვის დროს სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, საჯარო რეესტრში რა ფართობის მიწის ნაკვეთი ირიცხება თანასაკუთრებით მოსარჩელეებზე, რადგან სკ-ს 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და ამის გათვალისწინებით მოახდინოს მხარეებს შორის მიწის ნატურით გაყოფა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.