საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№637აპ-24 თბილისი
ე. თ., 637აპ-24 10 ოქტომბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჟვანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად: თ. ე-ას ბრალად დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი არაერთგზის (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, ძველი რედაქცია), ხოლო პ. ხ-ას – განზრახ მკვლელობის მცდელობა (საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით, 01:40 საათზე, თ-ში, - ქ. №--ში მდებარე ჯ. კ-ის საცხოვრებელ სახლში, პ. ხ-ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გ. ჩ-ს დანით მიაყენა მრავლობითი ჭრილობა გულმკერდის, მუცლის ღრუსა და სხეულის სხვადასხვა არეში. გ. ჩ-ი სამედიცინო დახმარების გასაწევად გადაიყვანეს თ-ში, ------ში მდებარე “კ--------ში“.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულმა თ. ე-ამ 2021 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით, 01:40 საათზე, თ-ში, - ქ. №--ში მდებარე ჯ. კ-ის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ა. ქ-ას დანით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მუცლის ღრუში. დაზარალებულ ა. ქ-ას ჩაუტარდა დროული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რითაც შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენით თ. ე-ა, - ნასამართლევი, გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), ხოლო პ. ხ-ა, ნასამართლობის არმქონე – საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულებს განემარტათ, რომ უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მაია ჟვანია ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, თ. ე-ასა და პ. ხ-ას დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში და მათთვის სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №397აპ-24, №115აპ-24, №848აპ-23).
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება პ. ხ-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, ხოლო თ. ე-ას მიერ – საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც წარდგენილ ბრალდებებში ბრალდებულების გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის სამართლებრივ არგუმენტაციას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ დასტურდება თ. ე-ასა და პ. ხ-ას ბრალეულობა მათთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში. როდესაც საქმეში არ მოიპოვება რაიმე სხვა მტკიცებულება, დაზარალებულების განმარტებით კი, მათთვის უცნობია, რა ვითარებაში, როგორ მოხდა მათთვის ჭრილობების მიყენება და კატეგორიულად გამორიცხეს თ. ე-ასა და პ. ხ-ას მიერ მათი დაჭრის შესაძლებლობა, მხოლოდ ერთი მოწმის წინააღმდეგობრივი ჩვენება ვერ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ გონივრულ ეჭვის მიღმა სტანდარტს და ვერ გახდება პირის დამნაშავედ ცნობის საფუძველი.
9. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო 269-ე მუხლის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ეჭვი სწორად გადაწყვიტა ბრალდებულების სასარგებლოდ, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჟვანიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ.თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი