Facebook Twitter

¹3კ-782-01 10 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (სარჩელში); ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

მ. მ-ეცმა სარჩელით მიმართა ისან-სამგორის რაიონულ სასამართლოს და ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე მოითხოვა სადავო ბინიდან ვ. ქ-შვილის გამოსახლება. მოსარჩელის განმარტებით, აწ გარდაცვლილმა ე. ბ-ურმა თავისი კერძო სახლი, მდებარე ..... ქ. თბილისში, ანდერძისმიერი მემკვიდრეობით უანდერძა თავის შვილიშვილს მ. მ-ეცს, რომელიც 1995 წლიდან გახდა აღნიშნული სახლის მესაკუთრე. საცხოვრებელ სახლში ასევე, ჩაწერილია და ცხოვრობს ვ. ქ-შვილი. სადავო სახლის ყოფილი მესაკუთრის, აწ გარდაცვლილი ე. ბ-ურსა და ვ. ქ-შვილის მამის, აწ გარდაცვლილი გ. ქ-შვილს შორის დადებული შინაურული ხელშეკრულების საფუძველზე სახლის ყოფილმა მესაკუთრემ გ. ქ-შვილის ოჯახი შეასახლა ორ ოთახში. 1978წ. ნოემბრის თვეში ვ. ქ-შვილის ოჯახმა მიიღო ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი ბინა და ყველანი შესახლდნენ ამ ბინაში. სადავო სახლი დარჩა ვ. ქ-შვილს, 1995წ. იანვრიდან სადავო ბინაში ფაქტობრივად არ ცხოვრობს, არ იხდის ბინის ქირას და არც კომუნალურ გადასახადებს.

მოპასუხე ვ. ქ-შვილმა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა სადავო ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა მისმა მშობლებმა 4500 მანეთად, იყიდეს ბინის ყოფილი მესაკუთრისაგან იგი 1966 წლიდან ჩაწერილია და ცხოვრობს ამ ბინაში. გარდა ამისა, მათ მიერ სადავო ბინას რამდენჯერმე ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები.

მხარეთა შორის დავა არაერთხელ იყო სასამართლო განხილვის საგანი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 24 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა ამ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული ყველა სასამართლო გადაწყვეტილება (განჩინება) და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს; 2000წ. 20 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის, მ. მ-ეცის, გარდაცვალების გამო, საქმეზე უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა მოსარჩელის დედა – ტ. ე-ევა.

ქ. თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა და ვ. ქ-შვილი ცნობილ იქნა თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართზე მდგმურისა თუ სხვა უფლების დაკარგულად. ამასთან, იგი მოიხსნა რეგისტრაციიდან აღნიშნული მისამართიდან. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ. ქ-შვილის შეგებებული სარჩელი სადავო ფართის მესაკუთრედ აღიარების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ქ-შვილმა და მოითხოვა საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 22 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ტ. ე-ევას სარჩელი მოპასუხის გამოსახლების შესახებ. ასევე არ დაკმაყოფილდა ვ. ქ-შვილის შეგებებული სარჩელი სადავო სახლის ორ ოთახზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1966წ. ივნისში მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სადავო სახლში გ. ქ-შვილის ოჯახი შესახლდა მდგმურის სტატუსით. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად არსებობდა გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ.

სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის სარჩელი სადავო სახლიდან მოპასუხის გამოსახლების შესახებ, იმ მოტივით, რომ მოთხოვნა არ გამომდინარეობდა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონიდან.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია შეგებებული სარჩელიც, ვინაიდან მხარეთა შორის სადავო საცხოვრებელი სადგომის ყიდვა-გაყიდვის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვება და მიუთითა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, შემძენი მხოლოდ მაშინ იქნება ცნობილი მესაკუთრედ, თუ მხარეებს შორის ურთიერთობა მოწესრიგებულია წერილობითი დოკუმენტით, რომელიც აღიარებს მათ შორის საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, მაგრამ მისი ფორმა არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

ტ. ე-ევა საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 22 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, არასწორად გამოიყენა საქართველოს კანონი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”, რადგან არ არსებობდა არავითარი საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ მხარეებს შორის არსებობდა გარიგება მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ. სასამართლოს ამ შემთხვევაში უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სკ-ის 557-ე, 558-ე და 562-ე მუხლებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ქ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 17,21-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20, 167-ე, 477-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, მე-5 მუხლი და მე-7 მუხლის მეორე პუნქტი, რომლითაც დაასაბუთა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება, სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და იგი დღეისათვის იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული. მოცემულ შემთხვევაში გაუქმებულია კანონი, რომელსაც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დააფუძნა, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია და იგი გაუქმებულ უნდა იქნეს.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისში, ..... მდებარე სახლმფლობელობის ორი ოთახი (საერთო ფართი 51 კვ.მ.) და ეზოს ნაწილი 5 კვ.მ. სარგებლობის უფლების დათმობის წესით სახლის მესაკუთრეების ე. და კ. ბ-ურების მიერ გადაეცა ე. და გ. ქ-შვილებს; სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ საქმის მასალებში არსებული 1966წ. 14 ივნისს გაცემული შინაურული ხელწერილით არ დგინდება საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ფაქტი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეზე საჭიროა დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. პალატა უფლებამოსილი არ არის, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, რის გამოც საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატას.

საქმის ხელახალი განხილვისას, ვ. ქ-შვილს ბინიდან გამოსახლების შესახებ შეგებებული სარჩელის განხილვის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით იურიდიულად ძალადაკარგულად ჩაითვალა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-5 მუხლი და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლებიც ითვალისწინებდნენ მოსარგებლეთა გამოსახლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე უზრუნველყოფდა შესაბამისი ბინით, ან თუ გადაუხდიდა კომპენსაციის სახით ამ ბინის ღირებულებას.

მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად ჩაითვალა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ სპეციალური კანონის მე-5 მუხლი, რომელიც გარკვეული ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში მესაკუთრეს უფლებას აძლევდა, მოეთხოვა სარგებლობის შეწყვეტა, დღეისათვის ამ საკითხის მოწესრიგებას სპეციალური კანონის სხვა ნორმები არ ითვალისწინებს. პალატას მიაჩნია, რომ დავის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები.

პალატა თვლის, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად გამოყენებული არ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 531-575-ე მუხლები, რომლებიც აწესრიგებს ქირავნობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ურთიერთობებს, ვინაიდან თვით სპეციალურ კანონშია იმპერატიულად მითითებული, რომ ეს ურთიერთობები არ არის ქირავნობის ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ვალდებულებები.

სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ერთი და იმავე დონის სამართლის ნორმათა კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი. მოცემულ შემთხვევაში 1998წ. 25 ივნისის საქართველოს კანონი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” სამოქალაქო კოდექსთან მიმართებაში სპეციალური და ახალი კანონია. ამ კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, რაც დასტურდება ისეთი გარემოებებით, როგორიცაა სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადებისა და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა და სხვა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებისა), მაშინ ასეთი გარიგება წესრიგდება ამ კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამრიგად, აღნიშნული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ საცხოვრებელი სადგომის დათმობის ურთიერთობა მხარეთა შორის ქირავნობის სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავა მფლობელობის (სარგებლობის) შეწყვეტის შესახებ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, რომლებიც ითვალისწინებს მფლობელისა და მესაკუთრის უფლება-მოვალეობებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ტ. ე-ევას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

ვ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 22 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.