¹ 3კ-783-02 17 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელი საგანი: გაზეთში გამოქვეყნებული ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 27 აპრილს გ. ჭ-ემ გაზეთ “დ. გ.” რედაქციის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ 1998წ. 28 ოქტომბერს თავის გაზეთში გამოაქვეყნა სტატია “კუზიანს სამარე ასწორებს, გამოცდილ ბიზნესმენს კი . . . “. სტატიის ავტორია მ. დ-ი. მითითებულმა სტატიამ დანაშაულებრივად ხელყო მისი პატივი, ღირსება და შელახა კონსტიტუციით დაცული მისი ინტერესები. გაზეთი ცილს სწამებს ისეთ მძიმე დანაშაულის ჩადენაში, როგორიცაა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლით _ თაღლითობა, სხეულის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანება, რასაც მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, კონტრაბანდა (40 სახარატო ჩარხის საქართველოდან თურქეთში უკანონოდ გატანა), ნარკოტიკების შენახვა და რეალიზაცია. აღნიშნულმა მონაჭორმა უარყოფითად იმოქმედა მოსარჩელის ღირსებაზე, რამაც გარკვეული უარყოფითი გამოხატულება ჰპოვა მის ურთიერთობებზე როგორც სანათესავო, სამეგობრო წრეში, ისე პარტნიორებთან, ვინაიდან არის ერთ-ერთი შპს-ს პარტნიორი და დირექტორი. ამან ხელი შეუშალა საქმიანი კონტრაქტების დადებაში, რის გამოც განიცადა როგორც მორალური, ისე მატერიალური ზარალი, რაც თანხობრივად გამოიხატა 80000 ლარში.
მოსარჩელემ მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 6 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით. მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ამავე სასამართლოს 2000წ. 18 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 9 თებერვლის განჩინებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა რაიონულ სასამართლოს.
რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. გაზეთის რედაქციას დაევალა იმ ცნობების უარყოფა, რომელიც ლახავს გ. ჭ-ის პატივსა და ღირსებას. კერძოდ, გაზეთის საშუალებით სპეციალური რუბრიკით იმავე გვერდზე სტატიის “კუზიანს სამარე ასწორებს, გამოცდილ ბიზნესმენს კი . . . “ კორექტირება და სწორი ინფორმაციის დაკონკრეტება. მოსარჩელის მოთხოვნა გაზეთისათვის 5000 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაზეთ “დ. გ.” დაევალა მის მიერ რუბრიკა “დ.” 1998წ. 28 ოქტრომბერს გამოქვეყნებული ცნობების უარყოფა, კერძოდ: ცნობა იმის შესახებ, რომ გ. ჭ-ე ხონის რაიონის პროკურატურაში ეჭვმიტანილი იყო ნარკოტიკების შენახვა-გასაღებაში, რომ გ. ჭ-ემ უკანონოდ გაიტანა თურქეთში 40 ჩარხი და, რომ მისმა თაღლითობამ გამსესხებლის ფულები შეიწირა.
გაზეთის რედაქციას დაევალა, სრულად გამოექვეყნებინა ცნობა გ. ჭ-ის ნასამართლობის შესახებ ნასამართლობის წლების მითითებით.
გაზეთს ასევე დაევალა გ. ჭ-ის სასარგებლოდ 3000 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ 1998წ. 29 ოქტომბერს გაზეთ “დ. გ.” გამოქვეყნდა ამ გაზეთის კორესპოდენტის მ. დ-ის, სტატია “კუზიანს სამარე გამოასწორებს, გამოცდილ ბიზნესმენს კი . . .” აღნიშნული სტატიის მეშვეობით გავრცელებული იყო ზოგიერთი ცნობა გ. ჭ-ესა და მის საქმიანობაზე. კერძოდ, მითითებული იყო, რომ შპს “ს.” კანონიერი საქმიანობა მხოლოდ 10 თვე გაგრძელდა. ეს ის პერიოდია, როცა ჭ-ძე თურქეთში იმყოფებოდა, სადაც 40 ჩარხი არაკანონიერად გაიტანა”. ამ სტატიაში ასევე მითითებული იყო, რომ “ჭ-ის თაღლითობამ გამსესხებლის ფულები შეიწირა”; რომ “იგი ეჭვმიტანილი იყო ხონის პროკურატურის მიერ ნარკოტიკების დამზადება-გასაღებაში; იგი ასევე ნასამართლევი იყო სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მეორე ნაწილით და 74-ე მუხლის მეორე ნაწილით”.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გაზეთის მეშვეობით გავრცელებული ცნობის: “შპს “ს.” კანონიერი საქმიანობა მხოლოდ 10 თვე გაგრძელდა, ეს ის პერიოდია, როდესაც ჭ-ე თურქეთში იმყოფებოდა, სადაც 40 ჩარხი არაკანონიერად გაიტანა”, სისწორე მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, ის ცნობები კი წარმოადგენდა მოსარჩელის ღირსების და პატივის შემლახველ ცნობებს.
სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველად მიიჩნია გაზეთში გამოქვეყნებული ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს “ჭ-ის თაღლითობამ გამსესხებლის ფულები შეიწირა”. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხემ ვერც ამ ცნობების ნამდვილობა ვერ დაადასტურა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გაზეთში გამოქვეყნებული ცნობა იმის შესახებ, რომ სსსკ-ს 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 74-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი სინამდვილეს შეეფერებოდა და თავისთავად ამ ცნობების გამოქვეყნება რაიმე პასუხისმგებლობას არ გამოიწვევდა, მაგრამ, ვინაიდან ეს ცნობები არ გამოქვეყნდა სრულყოფილად, ანუ არ მიეთითა ამ დანაშაულობათა ჩადენის თარიღებზე, აღმოჩნდა, რომ თითქოს გ. ჭ-ე ნასამართლევი იყო სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, რასაც ადამიანის სიკვდილი მოჰყვა და განსაკუთრებით საშიში სახელმწიფო დანაშაულის ჩადენისათვის მშრომელთა სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ, როცა ზემოთ მითითებული დანაშაულები ჩადენილი იყო 1959 წელს და სსსკ-ს 110-ე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებდა ხელობის სახით გასაღების მიზნით ნარკოტიკული ნივთიერების დამზადების, შენახვისა და გასაღებისათვის, ხოლო სსსკ-ს 74-ე მუხლის მეორე ნაწილით თანამდებობის პირის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან მათი შესრულების გამო შეურაცხყოფისათვის, რასაც ადგილი ჰქონდა სახალხოდ, ან დამამძიმებელ გარემოებებში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული ინფორმაციის არასრულად გამოქვეყნებამ შელახა გ. ჭ-ის პატივი და ღირსება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია გაზეთში გამოქვეყნებულ ცნობას, რომ გ. ჭ-ე ხონის რაიპროკურატურის მიერ ეჭვმიტანილი იყო ნარკოტიკების დამზადება-გასაღებაში, არ შეულახავს გ. ჭ-ის პატივი და ღირსება.
სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა იმ ცნობების უარყოფის გამოქვეყნება, რომელიც არ შეეფერებოდა სინამდვილეს, ნასამართლობასთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის გამოქვეყნება და მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 3000 ლარის დაკისება. თანხის გადასახდელად დაკისრების ოდენობის განსაზღვრის დროს სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მიყენებული მორალური ზიანის ხარისხსა და მოპასუხის გადახდისუნარიანობის შესაძლებლობების თანაფარდობაზე.
2002წ. 28 მაისს გაზეთ “დ. გ.” საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც გაზეთს გადასახდელად დაეკისრა 3000 ლარი და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ სადავო სტატია მომზადებულ იქნა მოქალაქე ბ. დ-ისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და გაზეთის კორესპოდენტს განზრახვა არ ჰქონია გ. ჭ-ის სახელის, პატივის ან ღირსების შელახვისა. სააპელაციო პალატას არ უმსჯელია, ჰქონდა თუ არა მოპასუხეს განზრახვა, ზიანი მიეყენებინა მოსარჩელისათვის. “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლი შეურაცხყოფისა და ცილისწამებისათვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელ პირობად განზრახვის არსებობას მოითხოვს, რასაც ადგილი არ ჰქონდა მოცემულ შემთხვევაში. ამით სააპელაციო სასამართლომ თავისთავად დაარღვია სკ-ს 393-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნა, ანუ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლის “ა” პუნქტი, ვინაიდან ეს კანონი სულ 32 მუხლისაგან შედგება, ხოლო 98-ე მუხლი ბუნებაში არ არსებობს.
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა, თუ რა კრიტერიუმების გათვალისწინებით განისაზღვრა მორალური ზიანის სახით 3000 ლარის დაკისრება, მაშინ როცა მოსარჩელე 5000 ლარის ანაზღაურებას მოითხოვდა.
2002წ. 20 ივნისს გ. ჭ-ემ შეგებებული საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის გადასახდელად 3000 ლარის დაკისრების და ცნობების უარყოფის ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, ხოლო ნასამართლობის წლების მითითებით ნასამართლობის ცნობის გამოქვეყნების ნაწილში მოითხოვა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორმა მიუთითა, რომ იგი იმ ბრალდებით, რომელიც სასამართლომ მიუთითა, ნასამართლევი არ არის; სასამართლომ არ გამოიკვლია მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხეს იმის შესრულება დაავალა, რომელიც მას არ უთხოვია. აღნიშნული მოქმედებით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა _ თავისი გადაწყვეტილებით მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილი უნდა გაუქმდეს, მთლიანად უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და სარჩელის ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით გაზეთ “დ. გ.” დაევალა 1998წ. 28 ოქტომბერს ამავე გაზეთში გამოქვეყნებული ცნობების უარყოფა, კერძოდ ცნობებისა იმის შესახებ, რომ “ნ. ჭ-ე ეჭვმიტანილი იყო ხონის რაიონის პრკურატურაში ნარკოტიკების შენახვა-გასაღებაზე; რომ “გ. ჭ-ემ უკანონოდ გაიტანა თურქეთში 40 ჩარხი”, რომ “გ.ჭ-ის თაღლითობამ გამსესხებლის ფულები შეიწირა”.
სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება მხარეებს ამ ნაწილში საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ და შევიდა კანონიერ ძალაში.
სწორია შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის გ. ჭ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სარჩელის მოთხოვნას და მოპასუხეს დააკისრა იმის შესრულება, რაც მოსარჩელეს არ მოუთხოვია. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში მართლაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ მოითხოვდა გაზეთის მეშვეობით მისი ნასამართლობის შესახებ ცნობების გამოქვენებას, აქედან გამომდინარე სასამართლოს არ გააჩნდა უფლება, მოპასუხისათვის დაეკისრებინა გ. ჭ-ის ნასამართლობის შესახებ ცნობების გამოქვეყნება.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოირიცხოს სიტყვები “დაევალოს გაზეთ “დ. გ.” სრულად გამოაქვეყნოს ცნობა გ. ჭ-ის ნასამართლობის შესახებ წლების მითითებით”.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს გაზეთ “დ. გ.” საკასაციო საჩივარი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილებით გაზეთ “დ. გ.” მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დაეკისრა 3000 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გაზეთი “დ. გ.” ვერ იქნებოდა განთავისუფლებული მორალური ზიანის მიყენების გამო პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან მან გაავრცელა გ. ჭ-ის მიმართ არასწორი ინფორმაცია და ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელება გამოწვეული იყო მისი ბრალეული მოქმედებით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არც გაზეთის რედაქციას, არც ჟურნალისტს, რომელიც არის რედაქციის თანამშრომელი, არ შეუმოწმებია გ. ჭ-ის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უტყუარობა, თუმცა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესახებ კანონის 24-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად ჟურნალისტი მოვალეა, პატივი სცეს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებს, ხოლო ამავე მუხლის “ბ” პუნქტით გათვალისწინებულია, რომ ჟურნალისტი მოვალეა, შეამოწმოს მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის უტყუარობა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გაზეთ “დ. გ.” საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ თითქოს არ არის დამტკიცებული გაზეთის ბრალეულობა მორალური ზიანის მიყენების ნაწილში და ამ მოტივით გადასახდელად დაკისრებული თანხის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის ამ ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნა, დაუსაბუთებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ მარტოოდენ იმის მითითება, რომ მორალური ზიანის მიყენების ნაწილში გაზეთის ბრალეულობა დადასტურებული არ არის, არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, ამიტომ მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმების და სარჩელზე მთლიანად უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება. რაც შეეხება კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა გადახდეს მოპასუხეს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3000 ლარი და არა სხვა თანხა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა ამ ნაწილში სწორია. სააპელაციო სასამართლომ მართლაც ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა გადახდეს გაზეთს 3000 ლარი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მორალური ზიანის კომპენსაციის ზომის განსაზღვრისას აუცილებელია მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინება. მათ შორის, გავრცელებული ცნობების ხასიათის საზოგადოებრივი შეფასება (სასამართლოს არ შეუძლია იხელმძღვანელოს დაზარალებულის სუბიექტური აღქმით, რადგან ზნეობრივი განცდის გამომწვევი ვითარებები ფასდება სხვადასხვანირად), ცნობების გავრცელების სფერო (არეალი) მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა და ა.შ. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას სასამართლო განსაზღვრავს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის გადაწყვეტა სასამართლოს შეხედულებითაა გადასაწყვეტი იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ფულადი კომპენსაცია უნდა განხორციელდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურების გონივრულობა და სამართლიანობა უნდა გამოიხატოს იმ სოციალური ამოცანების განხორციელებით, რომელსაც მიზნად ისახავს დელიქტური ვალდებულების ეს სახე. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებას სიმბოლური ხასიათი აქვს, მაგრამ ფულადი სიმბოლური საზღაურით ხორციელდება დარღვეული პიროვნული უფლების აღიარება, ზემოქმედება პიროვნული უფლების ხელყოფაზე მის მიერ ჩადენილი ხელყოფის სიმძიმის მიხედვით. პრევენციული ფუნქციის გადამეტებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფულადი კომპენსაციის ოდენობის უზომოდ გაზრდა და პრესის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გამოთქმული აზრის საჯაროდ უარყოფა და ზიანის მიმყენებლის გადახდის დაბალუნარიანობა ამცირებს ფულადი კომპენსაციის ოდენობას. ზიანის მოცულობის განსაზღვრისათვის ასევე საჭიროა იმის დადგენა, თუ რა სარგებელია მიღებული პიროვნული უფლებების ხელყოფის გზით.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მორალური ზიანის საკომპენსაციოდ დაკისრებული თანხა _ 3000 ლარი, არაადექვატურია ხელყოფის სიმძიმესთან მიმართებაში, მითუმეტეს იმ დროს, როცა ხელმყოფს დაკისრებული აქვს პიროვნების პატივის და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფაც, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული. ამ გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მორალური ზიანის სახით ასანაზღაურებელ თანხად გონივრული და სამართლიანი იქნება 100 ლარის დაკისრება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
დაკმაყოფილდეს გ. ჭ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 28 მარტის გადაწყვეტილება გაზეთ “დ. გ-ისათვის” გ. ჭ-ის ნასამართლობის წლების მითითებით ნასამართლობის შესახებ ცნობის გამოქვეყნების დავალების თაობაზე.
ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს გაზეთ “დ. გ.” საკასაციო საჩივარი.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 28 მარტის გადაწყვეტილება გ. ჭ-ის სასარგებლოდ გაზეთ “დ. გ.” 3000 ლარის გადასახდელად დაკისრების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
გ. ჭ-ის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ _ გაზეთ “დ. გ.” გ. ჭ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 100 ლარი.
გაზეთ “დ. გ.” სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 4 ლარი, საიდანაც 2 ლარი და 80 თეთრი ჩაირიცხოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ¹000141107 ანგარიშზე (კოდი 59), ხოლო 1 ლარი და 20 თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტში.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.