¹ 3კ-784-02 9 ოქტომბერი, 2002წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ბანკში შეტანილი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 7 მაისს ლ. ს.-მ თელავის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა სს “...-ის” თელავის ფილიალის წინააღმდეგ და მოითხოვა მის მიერ ბანკში შეტანილი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაბრუნება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000წ. 28 თებერვალს აღნიშნულ ბანკში შეიტანა 3.000 აშშ დოლარი და ვინაიდან ბანკის მმართველი არ იმყოფებოდა ადგილზე მას ხელშეკრულება გაუფორმა ბანკის თანამშრომელმა (მმართველის მოადგილემ) ლ. ვ.-მ და აღნიშნული ხელშეკრულება დაამოწმა ბანკის ბეჭდით.
2000წ. ივნისში მოსარჩელე ბანკში მივიდა თანხის გამოსატანად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თანხა მის ანგარიშზე არ იყო მოხვედრილი და ის თანამშრომლები, რომლებმაც მისგან ფული მიიღეს, გათავისუფლებული იყვნენ სამსახურიდან და მათ მიერ ჩადენილი დარღვევის გამო ბანკმა უარი განაცხადა თანხის დაბრუნებაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სკ-ს 396-ე მუხლის თანახმად ბანკი მოვალეა პასუხი აგოს თავისი კანონიერი წარმომადგენლის ბრალეულ მოქმედებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ ბანკს დაეკისროს 3.000 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული პროცენტის 180 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელში მითითებული გარემოებები სადავოდ არ გახადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სარჩელი არ ცნო, რადგან მიიჩნია, რომ ასეთ შეთხვევაში ბანკის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. Mმოსამართლემ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბანკის თანამშრომლები მოქმედებდნენ ბანკის სახელით; სკ-ს 396-ე მუხლის შესაბამისად მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.
მოპასუხეს მოსარჩელისთვის გადასახდელად დაეკისრა 3.180 აშშ დოლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “...-ის” წარმომადგენელმა ა. ა.-მ.
აპელანტმა მიუთითა, რომ ბანკი ვალდებულია დააბრუნოს შეტანილი თანხა მას შემდეგ, რაც იგი გადავა მის საკუთრებაში. აღნიშნულ შემთხვევაში თანხა არ ჩარიცხულა ანგარიშზე და, აქედან გამომდინარე, არც ბანკის საკუთრებაში გადასულა, რადგან სადავო თანხა ბანკის ყოფილმა თანამშრომელმა ლ. ვ.-მ მიითვისა. აპელანტმა მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება.
2001წ. 28 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს დამატებითი სააპელაციო საჩივრით მიმართა ა. ა.-მ და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება, ვინაიდან თელავის რაიონის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ლ. ვ.-ის წინააღმდეგ და აპელანტის აზრით, გამოძიების შედეგებს შეეძლო გავლენა მოეხდინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 11 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა და საქმე განხილულ იქნა არსებითად. Aსააპელაციო პალატამ მითითა, რომ მიუხედავად იმისა ლ. ვ.-ს ჰქონდა თუ არა უფლება მოეწერა ხელი აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ფილიალის სახელით, პასუხისმგებლობა ანაბრის დაბრუნებაზე ეკისრება სს “...-ს”, ვინაიდან სკ-ს 104-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმომადგენელმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლების არსებობა. სასამართლომ განჩინების სამართლებივ საფუძვლად ასევე მიუთითა სკ-ს 874-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დაკმაყოფილდა ა. ა.-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “...-ის” გენერალურმა დირექტორმა ე. ს.-ემ.
კასატორი უთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია დაუსაბუთებლად. სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 874-ე მუხლი, რადგან მან გამოიყენა მხოლოდ კანონის ის ნაწილი, რომელის თანახმადაც ბანკს წარმოეშვება თანხის დაბრუნების ვალდებულება და არ გაითვალისწინა ის ნაწილი, რომელშიც ლაპარაკია თუ რა შემთხვევაში წარმოეშობოდა ბანკს ეს ვალდებულება. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ლ. ვ.-ის მიმართ კახეთის სამხარეო პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, სადაც მან აღიარა, რომ ის ფულს იღებდა, როგორც მოქალაქე და არა, როგორც ბანკის თანამშრომელი. ასევე კასატორმა მიუთითა, რომ არც ერთ ინსტანციაში სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ ვ.-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე, რამაც, მისი აზრით, გამოიწვია განჩინების არაობიექტურობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 874-ე მუხლი. სასამართლომ გამოიყენა ამ ნორმის პირველი და მეორე ნაწილები და მიუთითა, რომ ბანკი ვალდებული იყო მოსარჩელისათვის დაებრუნებინა ანაბრის თანხა მისი მოთხოვნისთანავე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ მოსაზრებას და მიუთითებს, რომ ვინაიდან დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობს ანაბრის ხელშეკრულბა, ამ ხელშეკრულებით საკრედიტო დაწესებულება კისრულობს ვალდებულებას ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მიიღოს ფულადი სახსრები და გადაუხადოს განსაზღვრული პროცენტი. ანაბრის მფლობელი კი უფლებამოსილია მოითხოვოს ანაბრის ან მისი ნაწილის დაბრუნება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნებისმიერ დროს. ამასთან, ფულადი ანაბრის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება საკრედიტო დაწესებულებაში ფულის შეტანის მომენტიდან. ანაბრის ხელშეკრულება ცალმხრივია, რადგან მეანაბრეს მხოლოდ უფლებები გააჩნია და ბანკს კი ვალდებულებები. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება სასამართლოს მიერ ნორმის არასწორად განმარტების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა შეეჩერებინა სამოქალაქო საქმის განხილვა, რადგან კახეთის სამხარეო პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ბანკის იმ თანამშრომლის მიმართ, ვინც ლ. ს.-ისგან ფული მიიღო და მიითვისა. სასამართლომ სწორად უთხრა უარი მხარეს საქმის წარმოების შეჩერებაზე, რადგან სსკ-ს 279-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტით, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია ვალდებული შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ ამ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. მცემული დავის განსახილველად რაიმე ასეთ შემაფერხებელ გარემოებას ადგილი არ ჰქონდა, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს შეეძლო მოცემული დავა გადაეწყვიტა სკ-ს 104-ე და 396-ე მუხლების საფუძველზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული საქმის განხილვისას კანონი არ დაურღვევია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “...-ის" საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.