Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-787-02 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

დავის საგანი: დასახიჩრებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. თ-მა 2001წ. 4 მაისს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მცხეთის კოოპერაციული საწარმო “ს.” მიმართ და მოითხოვა შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

სარჩელის საფუძვლად თ. თ-მა მიუთითა, რომ იგი მუშაობდა მუშად “ს.” მცხეთის სამრეწველო კომბინატში, რომლის უფლებამონაცვლე არის მოპასუხე – მცხეთის კოოპერაციული საწარმო “ს.”. 1982წ. ივლისში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მან დაკარგა შრომის უნარი 100%-ით. დაუდგინდა ინვალიდობის I-ლი ჯგუფი და დაენიშნა პენსია თვეში 120 მანეთის ოდენობით. პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობას 39 მანეთის ოდენობით უხდიდა საწარმო, ხოლო მცხეთის რაიონის სასამართლოს 1989წ. 5 ივლისის გადაწყვეტილებით მას დაენიშნა და უნაზღაურდებოდა გარეშე მომვლელის ხარჯები. მოსარჩელის განმარტებით, იგი ღებულობდა სარჩოს 1991წ. ჩათვლით, ხოლო 1992 წლიდან სარჩოს გადახდა შეუწყდა. გამომდინარე აქედან მოსარჩელემ მოითხოვა 1992 წლიდან 1999წ. ჩათვლით ყოველთვიურად 99 მანეთის ეკვივალენტის გადახდა ეროვნულ ვალუტაში, ანუ 40 ლარი და 80 თეთრი გარეშე მომვლელის ხარჯები თვეში 23,49 ლარი, სულ ერთდროულად 5459,55 ლარის, 1999წ. თებერვლიდან ¹48-ე ბრძანებულების შესაბამისად მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობა – 200 ლარი და მომვლელის ხარჯები 20 ლარის ოდენობით, სულ 5720 ლარი, ხოლო სარჩელის წარდგენიდან ყოველთვიურად 220 ლარის გადახდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 ივლისის გადაწყვეტილებით თ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მცხეთის კოოპერაციული საწარმო “ს.” თ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად 6669,42 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2001წ. 1 ივლისიან ყოველთვიურად 220 ლარის გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.

სასამართლოს გადაწყვეტილება, მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით იმ ნაწილში, რომლითაც მას დაეკისრა თ. თ-ის სასარგებლოდ 1999წ. თებერვლიდან სარჩოს გადახდა თვეში 220 ლარის ოდენობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 მარტის გადაწყვეტილებით მცხეთის კოოპერაციული საწარმო “ს.” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა მცხეთის კოპერაციული საწარმო “ს.” თ. თ-ის სასარგებლოდ 1999წ. თებერვლიდან სარჩოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. თ-ის სარჩელი მცხეთის კოოპერაციული საწარმო “ს.” მიმართ 1999წ. თებერვლიდან სარჩოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მცხეთის კოოპერაციული საწარმო “ს.” თ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1999წ. თებერვლიდან 2002წ. თებერვლის ჩათვლით ერთჯერადად 1205,46 ლარი, ხოლო 2002წ. მარტიდან ყოველთვიურად 32,58 ლარი. გადაწყვეტილება მცხეთის კოოპერაციული საწარმო “სოფლმრეწვკომპლექსისთვის” თ. თ-ის სასარგებლოდ 1994წ. 1 აპრილიდან 1999წ. იანვრის ჩათვლით სარჩოს დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1982წ. ივლისში საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად თ. თ-მა დაკარგა შრომის უნარი 100%-ით და მას დაუდგინდა ინვალიდობის I ჯგუფი, რის გამოც იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იღებდა სარჩოს და გარეშე მომვლელის ხარჯებს, მაგრამ 1994 წლიდან მოპასუხემ შეწყვიტა ამ თანხების გაცემა.

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-11 პუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ორგანიზაციაში არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობით ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საწარმოში აღარ არსებობს იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, რაც დაზარალებულს ჰქონდა. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ თ. თ-ი იყო მუშა, ჰქონდა მე-4 თანრიგი და დღეისათვის საწარმოში მუშაობენ მე-4 თანრიგის მუშები. გამომდინარე აქედან სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დაკისრებული მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობის გადახდა თვეში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთხსენებული ბრძანებულების მე-11 პუნქტის თანახმად, დაზარალებულს ზიანი უნდა აუნაზღაურდეს იმავე თანრიგის მუშის მიერ ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარი. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. თ-ს დაკარგული აქვს შრომის უნარი 100%-ით. შესაბამისად მას უნდა მიეცეს ყოველთვიური სარჩო საწარმოში მომუშავე მე-4 თანრიგის მუშის ბოლო 3 თვის ფაქტიურად აღებული ხელფასის ოდენობით, რაც შეადგენდა თვეში 22 ლარსა და 58 თეთრს, ხოლო 1999წ. თებერვლიდან 2002წ. თებერვლის ჩათვლით სულ 835 ლარი და 46 თეთრი.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების 24-ე მუხლის თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია ყოველთვიური სარჩოს გარდა დაზარალებულს აუნაზღაუროს დამატებითი ხარჯები, რომლებიც გამოწვეულია დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით. ანაზღაურებას ექვემდებარება გარდა სხვა ხარჯებისა, დაზარალებულის მოვლის ხარჯებიც. ამავე ბრძანებულების 26-ე პუნქტის მიხედვით, I ჯგუფის ინვალიდებს მომვლელის დანიშვნისათვის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა არ სჭირდება (გარდა სპეციალური სამედიცინო მოვლისა). პალატამ მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმისა, რომ თ.თუღანოვი საჭიროებს სპეციალურ სამედიცინო მომვლელს, წარმოდგენილი ცნობის მიხედვით კი იგი საჭიროებს მომვლელს ბრძანებულების მე-25 მუხლის თანახმად, დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის სიდიდე განისაზღვრება შესაბამისი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ანგარიშებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე ან ამ რეგიონში არსებული საბაზრო ფასების მიხედვით, სადაც დაზარალებულმა გასწია ეს ხარჯები.

ვინაიდან თ. თ-მა არ წარადგინა წერილობითი მტკიცებულებები მომვლელზე გაწეული ხარჯების შესახებ. სოფლად არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ თ. თ-ს განუსაზღვრა მომვლელის ხარჯები თვეში 10 ლარის ოდენობით, რაც 1999წ. თებერვლის 2002წ. თებერვლის ჩათვლით შეადგენდა 370 ლარს. სულ ერთდროულად 1205,46 ლარი ყოველთვიურად კი 32,58 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება თ. თ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია ითხოვს მის გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად განუსაზღვრა სარჩოს ოდენობა. მას უნდა აუნაზღაურდეს მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობა, რაც შეადგენს 200 ლარს, ხოლო მომვლელის ხარჯები 20 ლარს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად განუსაზღვრა სარჩოს ოდენობა, კასატორის მოსაზრებით მას უნდა აუნაზღაურდეს მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობა, რაც შეადგენს თვეში 200 ლარს.

“შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-11 მუხლის მეორე აბზაცის თანახმად, ზიანი ანაზღაურდება იმავე ან იმავე თანრიგის სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც დაკარგული აქვს შრომის უნარის ხარისხი.

ამავე მუხლის მესამე აბზაცის შესაბამისად, თუ ორგანიზაციაში აღარ არსებობს აღნიშნული იმავე ან იმავე თანრიგის პროფესიები და თანამდებობები, დაზარალებულს სარჩო განესაზღვრება ორგანიზაციაში არსებული შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის ათმაგი ოდენობიდან.

მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე იყო მეოთხე თანრიგის მუშა. დღეისათვის მოპასუხე საწარმოში არსებობს მეოთხე თანრიგის მუშის პროფესია და ხელფასის ოდენობა შეადგენს 22 ლარს და 58 თეთრს. აღნიშნულის გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა ¹48 ბრძანებულების მე-11 მუხლის მეორე აბზაცი და მოსარჩელეს ყოველთვიური სარჩოს ოდენობა განუსაზღვრა 22 ლარისა და 58 თეთრის ოდენობით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ მომვლელის ხარჯების განსაზღვრისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა ¹48 ბრძანებულების 25-ე მუხლი, რომლის თანახმად, დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის სიდიდე განისაზღვრება შესაბამისი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ანგარიშებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე ან ამ რეგიონში არსებული საბაზრო ფასების მიხედვით, სადაც დაზარალებულმა გასწია ეს ხარჯები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს მომვლელის ხარჯების განსაზღვრისას უნდა გამოეყენებინა ¹48-ე ბრძანებულების 27-ე მუხლი, რომლის თანახმად, სპეციალური სამედიცინო მომვლელის დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების სანიტრის თვიურ თანამდებობრივ სარგოს, ხოლო საყოფაცხოვრებო მოვლისათვთის ამ სარგოს 50%.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მომვლელის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს სახელმწიფო სამედიცინო სანიტრის თვიური თანამდებობრივი სარგო და მოსარჩელეს საყოფაცხოვრებო მომვლელისათვის განუსაზღვროს ამ სარგოს 50%.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 21 მარტის გადაწყვეტილება მომვლელის ხარჯების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.