ბს-238-183-კ-05 30 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: 6200 ლარის ჯარიმის დაკისრება, დაჯარიმების შესახებ აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 26 დეკემბერს ქ. თბილისის “არქმშენინსპექციის” ვაკე-საბურთალოს რაიონის განყოფილების მიერ ჩატარდა შემოწმება ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე შესრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის შესახებ. შემოწმებისას დადგინდა, რომ ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობდა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000წ. 29 დეკემბრის ¹532 ბრძანების დარღვევით. კერძოდ, ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული ორი სართულისა, მიშენდა მესამე სართული და დამატებითი ფართი. ზემოაღნიშნული შემოწმების ოქმით ო. ტ-ე გაფრთხილებულ იქნა 10 დღის ვადაში გამოესწორებინა აღნიშნული დარღვევები, კერძოდ მიშენების გეგმარებითი და მოცულობითი პარამეტრები მოეყვანა პროექტთან შესაბამისობაში, რაც ო. ტ-ის მიერ არ შესრულდა.
2004წ. 6 იანვრის ¹2-1 დადგენილებით ქ. თბილისის “არქმშენინსპექციამ” ო. ტ-ე დააჯარიმა 6200 ლარით და განუმარტა, რომ ვალდებული იყო 10 დღის ვადაში წარმოედგინა საჯარიმო თანხის გადახდის დამადასტურებები დოკუმენტი და გამოესწორებინა დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში “არქმშენინსპექცია” მიმართავდა სასამართლოს.
2004წ. 26 იანვარს ქ. თბილისის “არქმშენინსპექციამ” სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ო. ტ-ის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა უკანონო მიშენებისათვის ჯარიმის, 6200 ლარის, დაკისრება და დარღვევის გამოსწორება:
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მთავარი არქიტექტორის 2000წ. 29 დეკემბრის ¹532 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის დარღვევით, ქ. თბილისში, ... მიმდინარეობდა საცხოვრებელ სახლზე მიშენება, პროექტით გათვალისწინებული ორი სართულის ნაცვლად განხორციელდა სამი სართულის დაშენება და დამატებითი ფართის მიშენება, რითაც მოპასუხე ო. ტ-ის მიერ დაირღვა “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის “ი” პუნქტის მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეზე საჯარიმო თანხის _ 6200 ლარის დაკისრება.
2004წ. 1 მარტის შეგებებული სარჩელით ო. ტ-ემ მხარი არ დაუჭირა “არქმშენინსპექციის” მოთხოვნას და მოითხოვა თბილისის “არქმშენინსპექციის” 2003წ. 26 დეკემბრის ოქმისა და 2004წ. 6 იანვრის ¹2-1 დადგენილების ბათილად ცნობა, ვინაიდან მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას “არქმშენინსპექციის” მიერ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, მე-8, მე-13, 53-ე, 95-96-ე მუხლების მოთხოვნები და მას არ მისცეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის საშუალება. ამასთან, ო. ტ-ის აზრით, ჯარიმა უნდა დაკისრებოდა მხოლოდ მე-3 სართულის გამო, რადგან 2 სართულის მშენებლობა შეესაბამება მთავარი არქიტექტორის მიერ დამტკიცებულ პროექტს. მოსარჩელე ასევე არ ეთანხმება “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის 5.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე მის დაჯარიმებას.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის “არქმშენინსპექციას” უარი ეთქვა სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე; დაკმაყოფილდა ო. ტ-ის შეგებებული სარჩელი ქ. თბილისის “არქმშენინსპექციის” 2003წ. 26 დეკემბრის ოქმისა და 2004წ. 6 იანვრის ¹2-1 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, რაც გასაჩივრდა ქ. თბილისის “არქმშენინსპექციის” მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის “არქმშენინსპექციის” სააპელაციო საჩივარი; ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახლი გადაწყვეტილება, ქ. თბილისის “არქმშენინსპექციის” სარჩელი დაკმაყოფილდა, ო. ტ-ეს დაეკისრა ჯარიმის _ 6200 ლარის გადახდა და მშენებლობის წარმოებაში დაშვებული დარღვევების გამოსწორება, ხოლო ო. ტ-ის შეგებებული სარჩელი შემდეგი მოტივით არ დაკმაყოფილდა:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ “არქმშენინსპექციის” მიერ დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის 4.7 მუხლის თანახმად, “არქმშენინსპექცია” თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის “არქმშენინსპექციის” მოქმედება, როგორც სადავო ოქმის შედგენის, ისე დადგენილების გამოცემისას, გამომდინარეობს ზემოთხსენებული კანონის მოთხოვნებიდან.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ო. ტ-ის შეგებებული სარჩელი არის ხანდაზმული, ვინაიდან “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, “არქმშენინსპექციის” დადგენილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში. ო. ტ-ეს დადგენილების ასლი წარედგინა 2004წ. 8 იანვარს, რის მიღებაზეც უარი განაცხადა. მას დადგენილების გასაჩივრების ვადა ჰქონდა 20 იანვრამდე, შეგებებული სარჩელი კი მან წარადგინა 2004წ. 1 მარტს, ანუ გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უდავო საფუძველია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ტ-ემ და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება:
კასატორმა აღნიშნა, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რომ “არქმშენინსპექციის” მიერ ჯარიმა გაანგარიშებული იყო სამ სართულზე 206,7 კვ.მ-ზე მაშინ, როდესაც ორი სართულის მშენებლობა პროექტთან სრულ შესაბამისობაშია და აღნიშნული გარემოება თავად ადმინისტრაციულ აქტშია მითითებული.
კასატორმა განმარტა, რომ ადმინისტრაციული აქტის თანახმად, დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ” კანონის 5.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტი, სადაც მითითებულია, რომ იგი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დარღვევებმა გამოიწვია: შენობის სიმტკიცის დაქვეითება, შენობის არქიტექტურული გადაწყვეტის დამახინჯება, შენობის ან მისი ნაწილების სიმტკიცის დაქვეითება, შენობის ან მისი ნაწილების მდგომარეობის დაკარგვა. ო. ტ-ის აზრით, ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას არ გამოარკვია აღნიშნული გარემოებებიდან არსებობდა თუ არა რომელიმე. შესაბამისად, აქტის გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ადმინისტაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი, თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
კასატორის მითითებით, დარღვეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან არც პირველ და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეს არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება, რაც შესაძლებელს გახდიდა სარჩელის დაკმაყოფილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის აზრით, გადაწყვეტილება გამოტანილია მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, კასაციის აბსოლუტური საფუძველია.
საკასაციო სასამართლოში წერილობით წარდგენილ განმარტებაში კასატორმა დამატებით საკასაციო საფუძველზეც მიუთითა და აღნიშნა, რომ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით “დამკვეთი” არის იურიდიული ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მშენებლობას ან რეკონსტრუქციას, ამიტომ იმ პერიოდში, როცა მან, როგორც დამკვეთმა, აწარმოა მშენებლობა კანონი არ ითვალისწინებდა ფიზიკური პირის პასუხისმგებლობას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ტ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ვინაიდან კასატორს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისის “არქმშენინსპექციის” ვაკე-საბურთალოს რაიონულმა განყოფილებამ 2003წ. 26 დეკემბერს შეადგინა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ ოქმი, რომელშიც დაფიქსირდა დამკვეთ ო. ტ-ის მიერ თბილისში, ... მშენებლობის წარმოება თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 29 დეკემბრის ¹532 ბრძანებით შეთანხმებული გეგმარებითი და მოცულობითი პარამეტრების დარღვევით, კერძოდ ნაცვლად ორი სართულისა, მესამე სართულის დაშენება და არსებულ საცხოვრებელ სახლზე დამატებითი ფართის მიშენება. დამკვეთს მიეცა 10 დღის ვადა ოქმში აღნიშნული დარღვევების გამოსასწორებლად და განემარტა, რომ საკითხი “არქმშენინსპექციაში” განიხილებოდა 2004წ. 6 იანვარს 11 საათზე, მაგრამ ო. ტ-ემ ოქმის მიხედვით, უარი განაცხადა ოქმის ჩაბარებასა და ხელმოწერაზე, არც მითითებულ 10 დღიან ვადაში გამოუსწორებია საამშენებლო დარღვევები, რის გამო თბილისის “არქმშენინსპექციამ” 2004წ. 6 იანვარს მიიღო არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის დაჯარიმების შესახებ დადგენილება ¹2-1, რომლითაც დამკვეთი ო. ტ-ე, 2004წ. 26 დეკემბრის ოქმში მითითებული დარღვევების გამოუსწორებლობისათვის, “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის I პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის I პუნქტისა და 61 მუხლის I პუნქტების საფუძველზე დაჯარიმდა 6200 ლარით. დადგენილების მიხედვით ო. ტ-ემ 2004წ. 8 იანვარს უარი განაცხადა ამ დადგენილების ჩაბარებაზეც.
“არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-7 მულის მიხედვით, “არქმშენინსპექციის” დადგენილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ო. ტ-ეს არც არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ 2003წ. 26 დეკემბრის ოქმი და არც არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის დაჯარიმების შესახებ 2004წ. 6 იანვრის ¹2-1 დადგენილება არ გაუსაჩივრებია დადგენილებასა და ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებულ 10-დღიან ვადაში, არამედ აქტების გაუქმება ო. ტ-ემ შეგებებული სარჩელის სახით მოითხოვა 2004წ. 1 მარტს, გასაჩივრების ვადის გადაცილებით, რაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილბეაზე უარის თქმის უდავო საფუძველია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერია.
ვინაიდან ო. ტ-ემ ნებაყოფლობით არ უზრუნველყო არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის დაჯარიმების შესახებ ¹2-1 დადგენილების აღსრულება, თბილისის “არქმშენინსპექციამ” “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო წესით მოითხოვა ¹2-1 დადგენილებით დაკისრებული 6200 ლარის ო. ტ-ისათვის გადახდევინება, რაც საკასაციო პალატის აზრით, კანონიერად დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას ჯარიმის თანხისა და დარღვევების არასწორად განსაზღვრის შესახებ, რადგან დარღვევების შესახებ ოქმში, დაჯარიმების დადგენილებასა და დანართში მითითებულია, რომ ო. ტ-ემ მშენებლობა აწარმოა თბილისის მთავარი არქიტექტორის 2000წ. 29 დეკემბრის ¹532 ბრძანებით დამტკიცებული პროექტის დარღვევით. კერძოდ, ნაცვლად ორი სართულისა შენობას უკანონოდ დააშენა მე-3 სართული, ფართით 140,27 კვ.მ, ხოლო შენობის I-II სართულებს უნებართვოდ მიაშენა დამატებით 33,2-33,2 კვ.მ, რაც ჯამში შეადგენს უკანონო 206.67 კვ.მ-ს. “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის დამრღვევს შეიძლება ჯარიმის სახით დაეკისროს დარღვევის გამოსწორებისათვის საჭირო თანხის 50-200%-მდე. განსახილველ შემთხვევაში თბილისის “არქმშენინსპექციამ” ო. ტ-ის მიმართ გამოიყენა მხოლოდ 100%-იანი განაკვეთი და დააკისრა ჯარიმა 6200 ლარის ოდენობით. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის “არქმშენინსპექციის” მიერ სწორად განხორციელდა ო. ტ-ის მიერ წარმოებული სამშენებლო დარღვევების მოცულობისა და ჯარიმის თანხის განსაზღვრა და კასაცია ამ ნაწილში უსაფუძვლოა.
საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით სადავო აქტების გამოცემის შესახებ და თვლის, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიარნობაში დარღვევებისათვის ო. ტ-ის დაჯარიმების შესახებ დადგენილება გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ფაქტობრივ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად.
უსწორობის გამო საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის დამატებით მოტივს “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის “ვ” ქვეპუნქტთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის თავდაპირველი რედაქცია “დამკვეთად” მიიჩნევდა იურიდიულ და მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელიც ახორციელებდა ობიექტის მშენებლობა- რეკონსტრუქციას, მაგრამ 2001წ. 22 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად “დამკვეთი” არის როგორც ფიზიკური, ასევე _ იურიდიული პირი, ან ამხანაგობა, რომელსაც განზრახული აქვს ობიექტის მშენებლობა-რეკონსტრუქცია და ამდენად, საკანონმდებლო ცვლილებით “დამკვეთში” ასევე იგულისხმება ფიზიკური პირი, აღნიშნული კანონი ვრცელდება ო. ტ-ეზე, როგორც მშენებლობა-რეკონსტრუქციის მწარმოებელ ფიზიკურ პირზე და შესაბამისად, ვრცელდება კანონის მე-5-6 მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმებიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ო. ტ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებათა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სწორი გამოკვლევა-დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება ო. ტ-ის 6200 ლარით დაჯარიმების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. ო. ტ-ეს დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის 248 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.