3კ-791-02 30 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
სარჩელის საგანი: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა _ ბინის კუთვნილების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.თბილისში ... მდებარე სახლმთფლობელობის 22/1888 ნაწილი თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროში ირიცხება რ. პ.-ის სახელზე, ხოლო 24/1888 ნაწილი კ. პ.-ზე.
1994წ. 13 აპრილს გაფორმებული ნოტარიული ხელშეკრულების თანახმად მ. ა.-მ რ. და კ. პ.-ებისაგან შეიძინა ზემოაღნიშნული სახლის ნაწილი.
ნასყიდობის ხელშეკრულება თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროში არ არის რეგისტრირებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე სს “კ.-ის” ყოფილ დირექტორს მ. ა.-ს ზ. ს.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 9140 აშ დოლარის გადახდა შესაბამისი კურსით ლარებში.
2001წ. ივნისში ზ. ს.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. ზ.ს.-მ მოითხოვა იმ ფაქტის დადასტურება, რომ მ. ა.-მ რ. და კ. პ.-ებისგან შეიძინა 1994წ. 13 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ფართი და მოითხოვა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ვადის აღდგენა.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. ს.-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ზ. ს.-მ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 აპრილის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად.
ზ. ს.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ა.ა.-მა სადავო ფართის ნასყიდობის ხელშეკრულების ტექინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრაცია არ მოახდინა შეგნებულად იმ მიზნით, რომ ვალის დაფარვის უზრუნველსაყოფად არ მომხდარიყო ამ ქონებაზე გადახდევინების მიქცევა; სასამართლომ არასწორად გამოიყენა ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, მაშინ როდესაც სკ-ს 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გამოყენებული უნდა ყოფილიყო ამ კოდექსის ნორმები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებული უნდა იყოს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. თბილისში ... მდებარე სახლის 46/1888 ნაწილი რაფიკ და კ. პ.-ებმა 1994წ. 13 აპრილის ხელშეკრულებით მართალია გაასხვისეს მ. ა.-ზე, მაგრამ ხელშეკრულება არ ყოფილა რეგისტრირებული ტექინვენტარიზაციის ბიუროში.
სამოქალაქო კოდექსის (1964წ.) 239-ე მუხლის შესაბამისად ქალაქში ან დაბაში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დამოწმებული უნდა ყოფილიყო სანოტარო წესით და სამი თვის ვადაში სანოტარო წესით დამოწმების დღიდან უნდა მომხდარიყო რეგისტრაცია ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში.
ამ მუხლით დადგენილი წესების დაუცველობა იწვევდა საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილობას.
ნასყიდობის ხელშეკრულება სანოტარო წესით დამოწმების დღიდან არ ყოფილა რეგისტრირებული და იგი მითითებული კანონის ნორმის შესაბამისად ბათილი იყო სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 1994წ. აპრილში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოყენებული უნდა ყოფილიყო მოქმედი სკ-ს 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.
მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა მოქმედი სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენების საფუძველი.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის წარდგენის უფლება ჰქონდათ ხელშეკრულების მხარეებს და არა გარეშე პირებს.
სსკ-ს 312-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად სასამართლო განიხილავს საქმეებს საკუთრების უფლებით ნივთის ფლობის ფაქტის დადგენის შესახებ. ზ.ს.-ე ითხოვს არა მის მიერ საკუთრების უფლებით ნივთის ფლობის ფაქტის დადგენას, არამედ იმის დადასტურებას, რომ ბინა შეძენილი ჰქონდა მ.ა.-ს და რომ ამ უკანასკნელს უნდა აღუდგეს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების რეგისტრაციის ვადა.
ამგვარი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენას კანონი არ ითვალისწინებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფიმლდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.