საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№685აპ-24 თბილისი
ფ. ს., 685აპ-24 15 ოქტომბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – ირაკლი დონდოლაძის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ს. ფ-ე, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელიდან 1 წელი მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა – სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელი აეთვალა 2023 წლის 18 ივლისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ფ-ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და გამოიწვია ორგანოს დაკარგვა. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 17 ივლისს, დაახლოებით, 23:00 საათზე, ქ. ბ-ში, --ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ს. ფ-ემ თანნაქონი დანის გამოყენებით ლ. ჯ-ს ზურგის არეში, მე-12 ნეკნის ქვედა ნაწილში, მარჯვენა მხარეს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება შემავალი ჭრილობის სახით, რამაც გამოიწვია მარჯვენა თირკმლის დაზიანება, რის შედეგადაც მოხდა თირკმლის ამოკვეთა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ირაკლი დონდოლაძე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ს. ფ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რომელსაც სრულად მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის პირის დასჯა და მისი სამართლიანობა ვლინდება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობასა და პროპორციულობაში. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, დანაშაულის სიმძიმის, დამნაშავის ბრალისა და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის გათვალისწინებით. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
8. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტრადიციული ამოცანები, როგორიცაა დასჯა, ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე მისი რეაბილიტაციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ე.წ. „პეკინური წესების“ თანახმად კი, სასამართლო განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის დროს ზემოქმედების ზომა ყოველთვის უნდა იყოს არა მარტო სამართალდარღვევის სიმძიმისა და გარემოებების პროპორციული, არამედ ასევე არასრულწლოვანის მდგომარეობისა და მოთხოვნების, ასევე – საზოგადოების მოთხოვნების პროპორციული, არასრულწლოვანის პირადი თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაწვრილებით განხილვის შემდეგ და უნდა შემოიფარგლოს შესაძლო მინიმუმით. არასრულწლოვანისათვის სასჯელის შეფარდების მიზანი უნდა იყოს რეინტეგრაცია, იგი უნდა იყოს კონსტრუქციული და არა – სადამსჯელო ხასიათის, საპატიმრო სასჯელები უნდა გამოიყენებოდეს უკიდურესი ზომის სახით და, რაც შეიძლება, შესაფერისი, ხანმოკლე ვადით. სასჯელის ზომის შერჩევისას სასამართლო ვალდებულია, გამოიყენოს თავისუფლების აღკვეთა ისეთი ვადით, რაც მკაცრად აუცილებელია სასჯელის მიზნების მისაღწევად და პროპორციულია, ჩადენილი დანაშაულის გარემოებებზე დაყრდნობით.
9. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
10. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ს. ფ-ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, საქმეში არსებული მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, ასაკი) გარემოებების, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინებით, განუსაზღვრა კანონით დადგენილი სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა (რომლის ნაწილიც ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც, თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის – ირაკლი დონდოლაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე