3კ-794-02 20 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე
დავის საგანი: შესრულებული სამუშაოს ღირებულების და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ქ.-მ და ხ. ა.-მ სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების – ნ. მ.-ის, ე. დ.-სა და ს. დ.-ის მიმართ და აღნიშნეს, რომ 1998 წელს სახელმწიფო კომპანია “...-სა” და საქართველოს სახელმწიფო საარქივო დეპარტამენტის უწყებათა დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების სამსახურს შორის დაიდო ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელეებს დაევალათ გაერთიანება “...-ის” საარქივო დოკუმენტების დამუშავება. შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 4508 ლარი და 80 თეთრი.
მოსარჩელეების განმარტებით მათ შესრულებული სამუშაოს ღირებულების მხოლოდ ნაწილი მიიღეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, ვ. ქ.-მ ასევე მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ მის სასარგებლოდ მოპასუხეებზე 1800 ლარის დაკისრება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ვ. ქ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება; მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, მოპასუხეებზე მის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ნაწილის 571 ლარისა და 05 თეთრის და მორალური ზიანის – 1800 ლარის დაკისრება.
სააპელაციო პალატის 2001წ. 11 დეკემბრის სხდომაზე ვ. ქ.-მ მოითხოვა საქმის განმხილველი სასამართლო კოლეგიის აცილება; შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც აპელანტმა უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე და სხდომა დატოვა, მიუხედავად გაფრთხილებისა იმის შესახებ, რომ სხდომის დატოვების შემთხვევაში საქართველოს სსკ-ს 232-ე მუხლის შესაბამისად, იგი ჩაითვლებოდა გამოუცხადებელ მხარედ და სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის შემთხვევაში გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სსკ-ს 387-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სააპელაციო პალატამ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ვ. ქ.-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ვ. ქ.-მ საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალტის 2001წ. 11 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და 2002წ. 18 მარტის განჩინებით არ დააკმაყოფილა ვ. ქ.-ის საჩივარი; ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება არის უკანონო და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა გადაწყვეტილება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის არ არსებობს სსკ-ს 233-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი. დადგენილია, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე და მიატოვა სხდომა. სსკ-ს 232-ე მუხლის თანახმად, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.
მითითებული ნორმა გამოუცხადებლად თვლის იმ მხარეს, რომელიც სხდომას მიატოვებს და უარს აცხადებს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. პალატა თვლის, რომ სხდომის მიტოვება ვერ ჩაითვლება საპატიო მიზეზად, რომლითაც გამოუცხადებლობა იყო გამოწვეული. ამდენად, არ არსებობს კანონით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ამასთან, ვერც კასატორი მიუთითებს კანონით გათვალისწინებულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების რაიმე საფუძველზე.
რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ იგი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება.
სსკ-ს 234-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს 249-ე მუხლის მოთხოვნებს სამოტივაციო ნაწილის ჩამოყალიბების გარეშე.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება _ ესაა გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებას სასამართლო აყალიბებს დასაბუთების (მოტივაციის) გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ვინაიდან არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი სააპელაციო პალატამ მართებულად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის საჩივარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.