საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№708აპ-24 თბილისი
ს-ი რ., 708აპ-24 8 ოქტომბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. ს-ს ბრალად დაედო ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 2 ეპიზოდი).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2023 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით, 10:00 საათზე, ქ. ბ-ში,-----ში მდებარე “ო--- --ის“ „ც“ ბლოკის №--ბინაში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკებისას, რ. ს-მა იძალადა ნ. პ-აზე, კერძოდ, დააგდო იატაკზე, ფეხი დააჭირა ყელის არეში და ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ. პ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე, ქ. ბ-ში,-----ში მდებარე “ო--- --ის“ „ც“ ბლოკის 21-ე სართულზე, სადარბაზოში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკებისას, რ. ს-მა იძალადა ნ. პ-აზე, კერძოდ, ძალის გამოყენებით დააგდო იატაკზე, ხელი მოუჭირა ყელის არეში და მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ. პ-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენით რ. ს-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 15 დეკემბრის 12:00 საათის ეპიზოდი) და განესაზღვრა ჯარიმა – 4000 ლარი, რაც, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2023 წლის 15 დეკემბრიდან იმავე წლის 17 დეკემბრამდე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის საბოლოოდ სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას, რ. ს-ის დამნაშავედ ცნობას ძალადობის ორივე ეპიზოდით და მუხლის სანქციით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი. ამასთან, მხარე ვერ უთითებს იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე რ. ს-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 15 დეკემბრის 12:00 საათის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ არის დადასტურებული. ბრალდების ამ ეპიზოდში წარმოდგენილია ერთადერთი მტკიცებულება დაზარალებულ ნ. პ-ას გამოკითხვის ოქმის სახით. შეუძლებელია, გაიმიჯნოს, ზუსტად როდის მიიღო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებები დაზარალებულმა – 2023 წლის 15 დეკემბრის 10:00 საათზე თუ იმავე დღის 12:00 საათზე. საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებები შეეხება ბრალდების მეორე – 2023 წლის 12:00 საათის – ეპიზოდს. დასახელებულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ვერ გადალახა. შესაბამისად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
10. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ნასამართლობის არქონა) და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია) მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულ რ. ს-ს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე – ჯარიმა, რომელიც არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა ბრალად შერაცხილი ქმედების სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.
11.
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე „ავშარი თურქეთის წინააღმდეგ“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77).
13. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი