Facebook Twitter
3კ-797-02

3კ-797-02 11 ოქტომბერი, 2002წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: უკანონოდ დაკავებული ფართიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 28 ნოემბერს შპს “ი.-მ” სარჩელით მიმართა სასამართლოს საქართველოს “შ.-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა უკანონოდ დაკავებული ფართიდან მოპასუხის გამოსახლება. მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ...-ის ¹130-ში მდებარე შენობა 1992 წლიდან ირიცხება მის სახელზე. აღნიშნული შენობის პირველ და მეორე სართულზე მდებარე 26 ოთახი, 800 კვ.მ. საერთო ფართით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1998წ. 29 ივლისის ¹1-4/487 ბრძანებით 10 წლის ვადით უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა მოპასუხე ორგანიზაციას. ამავე სამმართველოს 2000წ. 26 ივნისის ¹1-3/237 ბრძანებით გაუქმდა მითითებული ბრძანება იმ საფუძვლით, რომ სადავო ფართი მოპასუხეს გადაეცა მოსარჩელის თანხმობის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ორგანიზაციას აღარ გააჩნია შენობის ფლობის იურიდიული საფუძველი, მან ნებაყოფლობით არ გაათავისუფლა დაკავებული ფართი.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 იანვრის გადაწყვეტილებით შპს “ი.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა უკანონოდ დაკავებული ფართის გათავისუფლება სკ-ს 161-ე, 183-ე მუხლის პირველი პუნქტის, 243_ე მუხლის საფუძველზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა “შ.-მ”. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ სრულად არ იყო დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საჩივრის სამართლებრივ საფუძვლად აპელანტმა მიუთითა სკ-ს 312-ე მუხლი და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრში მოსარჩელე მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული, რის გამოც მას მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 13 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 183-ე მუხლის პირველი პუნქტი, 243-ე და 312-ე მუხლები.

განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. განჩინებით მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 13 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას. Pპალატამ მიუთითა, რომ აღნიშნულ დავაში არ არის გარკვეული ვის აქვს მოთხოვნის უფლება სადავო ფართზე და რა საფუძვლით: შპს “ი.-ს”, ... აკადემიას, თუ სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს. სასამართლომ უნდა დაადგინოს ვინ არის სადავო ფართის მესაკუთრე ან მფლობელი, რომელსაც შეუძლია მოითხოვოს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა “შ.-ის” სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 იანვრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დადგენილია, რომ სადაო შენობა წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას თანახმად საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა, რომელიც გაცემულია 2002წ. 17 აპრილს და საქმეს თან ერთვის. მოსარჩელე ნივთს ფლობს იურიდიული საფუძვლის გარეშე და სკ-ს 172-ე მუხლის საფუძველზე მესაკუთრეს უნდა დაუბრუნდეს სადავო ნივთი.

სააპელაციო პალატის 2002წ. 18 აპრილის განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომელიც საკასაციო სასამართლის მიერ მოცემულ საქმეზე მიღებულ განჩინებაში იყო მითითებული. Kკასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა 2002წ. 18 აპრილის განჩინებაში უთითებდა, რომ აღნიშნულ დავაში არ არის გარკვეული ვის აქვს მოთხოვნის უფლება სადავო ფართზე და რა საფუძვლით: შპს “ი.-ს”, ... აკადემიას, თუ სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს. სასამართლომ უნდა დაადგინოს ვინ არის სადავო ფართის მესაკუთრე ან მფლობელი, რომელსაც შეუძლია მოითხოვოს უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დადგენილია, რომ სადავო შენობა წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას თანახმად საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა, რომელიც გაცემულია 2002წ. 17 აპრილს და საქმეს თან ერთვის. Mმოსარჩელე ნივთს ფლობს იურიდიული საფუძვლის გარეშე.

უდავოა, რომ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1998წ. 29 ივლისის ბრძანება ...-ის ¹130-ში მდებარე სადავო ფართის 800 კვ.მ-ის ოდენობით უსასყიდლო უზუფრუქტით 10 წლის ვადით გადაცემის შესახებ გაუქმებული იქნა იმავე სამმართველოს 2000წ. 26 ივნისის ბრძანებით.

დადგენილია, რომ სადავო ქონება წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ხოლო მოპასუხეს ქონების ფლობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია.

სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

აღნიშნული გარემოებების გამო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

“შ.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.