საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№718აპ-24 თბილისი
ი-ი რ., 718აპ-24 9 ოქტომბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: ე. გ-ს,- ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ჯარიმა 800 ლარი; რ. ი-ს, - ნასამართლობის არმქონეს, – სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ჯარიმა 1500 ლარი; შ. მ-ს, - ნასამართლობის არმქონეს, – სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ჯარიმა 1500 ლარი; შ. მ-ს, - ნასამართლობის არმქონეს, – სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ჯარიმა 1500 ლარი; ვ. უ-ს, - ნასამართლობის არმქონეს, – სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – ჯარიმა 1500 ლარი, სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით კი – ჯარიმა 1000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ვ. უ-ს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1500 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ: ე. გ-მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; რ. ი-მა და შ. მ-მა – ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; შ. მ-მა – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ვ. უ-მა – ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად; ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 3 ნოემბერს, საღამოს საათებში, წ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში, ს. თ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ე. გ-მა თავის ცხვირში ჩარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ე. კ-ს, რომელმაც აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 4 მარტს, ღამის საათებში, წ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში, ვ. უ-ის მიერ შ. მ-ის შეურაცხყოფით გაბრაზებულმა შ. მ-ის დისშვილებმა: რ. ი-მა – თავისა და მუშტის ცხვირში ჩარტყმით, ხოლო შ. მ-მა – მუშტის ცხვირში დარტყმით – ჯგუფურად იძალადეს ვ. უ-ზე, რომელმაც აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 3 მარტს, ღამის საათებში, შ. მ-ის ყოფილ ცოლთან ვ. უ-ის სასიყვარულო ურთიერთობის გამო წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, შ. მ-ი ტელეფონზე საუბრისას სიტყვებით: „მოგკლავ და გაგაქრობ არ ქვეყნიდან“ – სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა წ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მყოფი ვ. უ-ს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· 2022 წლის 3 ნოემბერს, საღამოს საათებში, წ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში, ს. თ-ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ვ. უ-მა მუშტის სახისა და ყურის არეში დარტყმით, ხოლო ვ. უ-მა – ფეხის მუცელში ორჯერ ჩარტყმით – ჯგუფურად იძალადეს ა. მ-ზე, რომელმაც აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 4 მარტს, ღამის საათებში, წ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში, რ. ი-ის მიერ ვ. უ-ის მიმართ განხორციელებული ძალადობით გაბრაზებულმა ვ. უ-ის ძმამ – ვ. უ-მა – მუშტის თვალის არეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა რ. ი-მა, რომელმაც აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ონისე თუთისანი ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულებისათვის შეფარდებულ სასჯელებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის პირის დასჯა და მისი სამართლიანობა ვლინდება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობასა და პროპორციულობაში. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, დანაშაულის სიმძიმის, დამნაშავის ბრალისა და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანის გათვალისწინებით. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი მიიღწევა მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს – ე. გ-ს, რ. ი-ს, შ. მ-ს, შ. მ-სა და ვ. უ-ს, მათი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი (ნასამართლობის არქონა, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა აღიარება და მონანიება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობით საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა) გარემოებების, დაზარალებულთა პოზიციის (მსჯავრდებულთა მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ) გათვალისწინებით, განუსაზღვრა კანონით დადგენილი სასჯელის სახე – ჯარიმა, რომელიც, საკასაციო პალატის შეფასებით, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელების მიზანშეწონილობაზე.
9. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების – რ. ი-ის, შ. მ-ის, ე. გ-ის, შ. მ-ისა და ვ. უ-ისათვის – განსაზღვრული სასჯელები სამართლიანია და მათი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე