Facebook Twitter

3კ-799-02 13 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: შპს-ს რეგისტრაციის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. გ.-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმება.

გორის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 25 ოქტომბერს მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი და უცვლელად დარჩა ამ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა ასევე სააპელაციო პალატის 2001წ. 15 მარტის განჩინებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 12 დეკემბრის განჩინებით მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატას.

საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელე მოწვეული არ იყო სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოსარჩელე 72-ე მუხლის “ზ” პუნქტის შესაბამისად არ იყო გაფრთხილებული გამოუცხადებლობის შედეგებზე. აღნიშნული საფუძვლით სააპელაციო პალატამ გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 28 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად საოლქო სასამართლოში დაბრუნებას. კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

კასატორის მოსაზრებით არ იყო სავალდებულო მოსარჩელის გაფრთხილება გამოუცხადებლობის შედეგებზე, რადგან მოსარჩელესათვის კარგად არის ცნობილი სასამართლოს ყველა პროცესუალური მოქმედებები.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ სსკ-ს 385-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო პალატას განეხილა მოცემული დავა არსებითად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

მითითებული ნორმების თანახმად, სასამართლო ვერ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუ მხარე არ იყო მოწვეული კანონით დადგენილი წესით, ხოლო თუ სასამართლო მაინც გამოიტანს გადაწყვეტილებას, ეს იქნება ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი ე.ი. ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად (სსსკ-ის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი).

მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ ნ.გ.-ი მოწვეული არ იყო სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ: მოსარჩელეს უწყება ჩაბარდა 72-ე მუხლის “ზ” პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, იგი არ იყო გაფრთხილებული გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებაზე, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები. მიუხედავად ამისა სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა მიჩნეული კანონის დარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოსარჩელისათვის კარგად იყო ცნობილი სასამართლოს ყველა პროცესუალური მოქმედებები, არ იყო სავალდებულო მისი გაფრთხილება გამოუცხადებლობის შედეგებზე. როგორც ზემოთ აღინიშნა მხარის გაფრთხილება გამოუცხადებლობის შედეგებზე კანონი მიიჩნევს სავალდებულოდ.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატას სსკ-ს 385-ე მუხლის შესაბამისად თვითონ უნდა განეხილა მოცემული დავა.

სსკ-ს 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ გააუქმა გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნა პირველ ინსტანციას ხელახლა განსახილველად იმ საფუძვლით, რომ ადგილი ჰქონდა 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას. რასაკვირველია, სააპელაციო პალატას ასევე შეეძლო თვითონ განეხილა საქმე არსებითად, მაგრამ საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის დაბრუნებით სააპელაციო პალატას არ დაურღვევია კანონის მოთხოვნა და შესაბამისად არ არსებობს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “მ.-ს” წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 28 მარტის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.