¹3კ-800-02 28 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. მ-შვილი 2000წ. 2 მაისიდან მუშაობდა შპს “ს-ში” კაბელების ტექნიკოსის თანამდებობაზე. 2001წ. 1 თებერვალს იგი სამუშაოზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადების გამო განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “ვ” პუნქტით. ჯ. მ-შვილმა მისი სამუშაოდან გათავისუფლება მიიჩნია უკანონოდ და სარჩელით მიმართა სასამართლოს სამუშაოზე აღდგენის და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხე ორგანიზაციამ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე სამუშაოდან დათხოვნილია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ… მ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. მ-შვილს შრომითი ხელშეკრულების ვადა ბოლოს გაუგრძელდა 2001წ. 3 იანვრიდან 2001წ. 1 ივლისამდე. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2001წ. 10 და 15 იანვარს მოსარჩელე სამუშაოზე გამოცხადდა არაფხიზელ მდგომარეობაში, რის გამოც მოპასუხე ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “ვ” პუნქტის თანახმად ვადამდე შეეწყვიტა შრომითი კონტრაქტი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ჯ. მ-შვილმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 9 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: “ს-ის” 2001წ. 1 თებერვლის ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე ჩაითვალა უკანონოდ. მოპასუხე ორგანიზაციას მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი 2001წ. თებერვლიდან 2001წ. ივლისამდე. სარჩელს სამუშაოზე აღდგენის შესახებ უარი ეთქვა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის იყო ვადიანი შრომითი ურთიერთობა, რომლის ვადა იწურებოდა 2001წ. 1 ივლისს. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი აქტი, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელის გათავისუფლებას, არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად, ვინაიდან ამ აქტს ხელს არ აწერს მ-შვილი, რომელმაც სადავოდ გახადა ამ დოკუმენტში აღნიშნული გარემოება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რამდენადაც შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად მუშაკის სამუშაოზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება ვერ დასტურდება, მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოა და იგი უნდა გაუქმდეს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა, ხოლო სამუშაოზე აღდგენაზე უარი უთხრა, რადგან გასულია შრომითი ხელშეკრულების ვადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “ს-ამ”, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობის და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოში წარდგენილ იქნა მტკიცებულების სახით აქტი და კომპანიის ტექნიკური დირექტორის და ინჟინერ-ტექნიკოსის ახსნა-განმარტებითი ბარათები, დაკითხულ იქნენ მოწმეები, რითაც დადასტურდა მოსარჩელის არაფხიზელ მდგოარეობაში სამუშაოზე გამოცხადება. ამის სწინააღმდეგოდ მოსარჩელეს არაფერი წარმოუდგენია, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება მოსარჩელის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი. აღნიშნული ფაქტის დადასტურების გარეშე კი მოსარჩელის განთავისუფლება შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “ვ” პუნქტით უსაფუძვლოდ მიიჩნია. პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მათ მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები, კერძოდ, აქტი, მოსარჩელის სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადების შესახებ, ინჟინერ-პროგრამისტ კ-ძის მოხსენებითი ბარათი, დაკითხულ იქნენ მოწმეები შ-ძე, კ-ძე, რომლებმაც დაადასტურეს მოსარჩელის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა. თვითონ მოსარჩელეს იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ იგი არ გამოცხადებულა სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში, სასამართლოსათვის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილით გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ განმარტა, თუ რატომ არ იზიარებს მოპასუხის მხარის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებს და მოწმეთა ჩვენებებს. ასევე არ მიუთითებს, თუ რომელი მტკიცებულებები მიიჩნია უსაფუძვლოდ და მოსარჩელის რომელი მტკიცებულება გაიზიარა. ასეთ პირობებში პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლები, რის გამოც გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე “ს-ის” 2001წ. 1 თებერვლის ბრძანების უკანონოდ ჩათვლის და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.