¹ 3კ/801-01 6 თებერვალი, 2002 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: ვალდებულების გაქვითვა.
აღწერილობითი ნაწილი:
1994 წლის 1 ივნისს ფირმა “ა.-მ” და აჭარის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს ¹... ტრესტის საწარმოო წარმოებათა კომბინატმა დადეს იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც კომბინატმა თავის ბალანსზე რიცხული სასადილოს შენობა 2 წლის ვადით გადასცა ფირმა “ა.-ს”. მეიჯარის თანხმობით მოიჯარემ შენობას ჩაუტარა კაპიტალური რემონტი. მოიჯარეს გაწეული სარემონტო სამუშაოების ღირებულების მოთხოვნის უფლება ჰქონდა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ. 1996 წლის 1 ივნისს ხელშეკრულება შეწყდა. მეიჯარემ სარემონტო სამუშაოების თანხა 12346 ლარი არ გადაიხადა, რის გამოც ფირმა “ა.-მ” სარჩელით მიმართა საარბიტრაჟო სასამართლოს. საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ¹... საამშენებლო ტრესტის საწარმოო წარმოებათა კომბინატს ფირმა “ა.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა აღნიშნული თანხის გადახდა. კომბინატმა არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხიდან გადაიხადა მხოლოდ 750 ლარი, რის გამოც ფირმამ არ გაათავისუფლა დაკავებული ფართი.
2000 წლის 26 ოქტომბერს ფირმა “ა.-მ” განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით დაენიშნა შენობის იძულებითი გაყიდვა აუქციონზე. სასამართლოში განცხადების განხილვისას ¹... ტრესტის საწარმოო წარმოებათა კომბინატმა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ვალის გაქვითვა იმ საფუძვლით, რომ ფირმამ შენობის დაკავებით მატერიალური ზიანი მიაყენა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ფირმა “ა.-ს” განემარტა, რომ აუქციონის დანიშვნის თაობაზე მიემართა ხელვაჩაურის სააღსრულებლო ბიუროსათვის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ¹... სამშენებლო ტრესტის საწარმოო წარმოებათა კომბინატმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში. ახალი გადაწყვეტილებით 13415 ლარის ნაცვლად გაიქვითა 10488 ლარი, აპელანტს დაეკისრა მოპასუხე ა. ს-ძის სასარგებლოდ დარჩენილი 1856 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 1996 წლის 1 ივნისს. ქირავნობის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, დამქირავებელი ვალდებულია ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დაქირავებული ნივთი დაუბრუნოს გამქირავებელს. ფირმა “ა.-ი”, კერძოდ, ა. შ-ძე 1999 წლამდე, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც ფლობდა და სარგებლობდა შენობით. საქმის მასალების მიხედვითAამ დროის განმავლობაში, ქირის რაოდენობამ შეადგინა, როგორც განჩინებაშია მითითებული, 10 486 ლარი. რისი მოთხოვნის უფლებაც მოსარჩელეს გააჩნია სამოქალაქო კოდექსის 567-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ასევე სამოქალაქო კოდექსის 442-ე, 444-ე, 556-ე, მუხლებზე.
საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ საქმის მასალებში წარმოდგენილ მტკიცებულებებს არ მისცა სათანადო შეფასება და დაადგინა, რომ თითქოს ფირმა “ა.-ი” ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, 1999 წლამდე, ფლობდა შენობას. საქმის მასალებში წარმოდგენილია საბუთები, რომლის მიხედვით ფირმამ 1996 წლიდან შეწყვიტა ფუნქციონირება, ხოლო ფირმის წარმომადგენლები: ა. ს-ძე და ა. შ-ძე 1998-99 წლებში მუშაობდნენ სხვა საწარმოში – შპს “ჰ.-სა” და სს “გ.-ში”.
სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ დაასაბუთა, თუ რა მტკიცებულებების გამოკვლევით დაადგინა დაკისრებული (გაქვითული) თანხის ოდენობა.
სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 163-ე და 369-ე მუხლები და არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 556-ე მუხლი. კასატორს მიაჩნია, რომ იგი დაკავებული ფართის კეთილსინდისიერი მფლობელია და მას შეუძლია, უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილით გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. თუ სასამართლომ ნორმის ეს მოთხოვნა არ შეასრულა, გადაწყვეტილება ჩაითვლება დაუსაბუთებულად როგორც ფაქტობრივი, ისე იურიდიული თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 394-ე მულის “ე” ქვეპუნქტით კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ნაცვლად 13 415 ლარისა გასაქვით თანხად მიიჩნია 10 488 ლარი, ხოლო დარჩენილი 1856 ლარი ა. ს-ძის სასარგებლოდ გადასახდელად დააკისრა მოსარჩელეს. გაქვითული თანხა სასამართლომ საიჯარო ქირად მიიჩნია, მაგრამ არ მიუთითა იმ მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები. კერძოდ, დაუსაბუთებელია, სასამართლომ რომელი მტკიცებულებებით დაადგინა გასაქვითი თანხის ოდენობა. ასევე არაა დასაბუთებული გაქვითვის იურიდიული საფუძველი შემდეგი გარემოების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეგებებული სარჩელის წარდგენა შეიძლება სარჩელის წარდგენის არსებული წესის დაცვით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” პუნქტებით მოსამართლე მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ: შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად; შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას; შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება.
ზემოთმითითებული ნორმა იმაზე მეტყველებს, რომ შეგებებული სარჩელის არსებობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ ¹5 ტრესტის საწარმოო წარმოებათა კომბინატის შეგებებული სარჩელი, ხოლო შემდეგ მისივე სააპელაციო საჩივარი ისე მიიღო წარმოებაში და თავისი გადაწყვეტილებით კიდევაც დააკმაყოფილა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არ არსებობდა სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
მოცემულ შემთხვევაში საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 27 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ¹... საამშენებლო ტრესტის საწარმოო წარმოებათა კომბინატს ფირმა “ა.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 12346 ლარის გადახდა და მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამ გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა შესაძლებელია იყო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. მიუხედავად აღნიშნულისა უმაღლესმა სასამართლომ მართალია, არ გააუქმა არბიტრაჟის გადაწყვეტილება, მაგრამ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველზე გარკვეულწილად შეცვალა მისი შინაარსი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უმაღლესმა სასამართლომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოახდინა რა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ¹... საამშენებლო ტრესტის საწარმოო წარმოებათა კომბინატზე გადასახდელად დაკისრებული თანხების გაქვითვა დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე და 266-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან კანონის მითითებული ნორმის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება სასამართლო სხდომაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის შესაბამისად, ხოლო სარჩელი და შეგებებული სარჩელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-263-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნული პროცესები (გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და საქმის სასარჩელო წარმოება) ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პროცესებია და მათი ერთად განხილვა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას ასევე, უნდა გამოეკვლია, შეგებებული სარჩელის ავტორი კერძო სამართლის იურიდიული პირია თუ საჯარო სამართლის, რადგან აღნიშნული უშუალოდაა დაკავშირებული სასამართლო განსჯადობასთან. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და დაბრუნდეს ხელახლა განსახილველად, რადგან მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაადგინოს, სარჩელის (და არა შეგებებული სარჩელის, რადგან არ არსებობს ძირითადი სარჩელი) მოთხოვნა რა სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს ემყარება; რა მტკიცებულებანი ადასტურებენ ამ გარემოებებს; იმსჯელოს მოცემული დავის განსჯადობაზე – მოთხოვნა ხომ არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული გარიგების შეუსრულებლობისაგან; შესაბამისად, გამოარკვიოს, მოსარჩელე კერძო, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფირმა “ა.-ის” წარმომადგენლის, ა. ს-ძის, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.