Facebook Twitter
3კ-802-02

3კ-802-02 26 დეკემბერი, 2002წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრებისმ საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.თბილისში, ... მდებარე საბინაო კოოპერატივ “ბ.-ის” სახლში ოროთახიანი ბინა ირიცხებოდა ლ. ქ.-ის სახელზე.

1986წ. 12 თებერვალს ლ. ქ.-სა და თ. ბ.-ს შორის დაიდო მარტივი წერილობითი ფორმის გარიგება ბინის 180000 მანეთად ყიდვა-გაყიდვის შესახებ. ლ. ქ.-მ ხელშეკრულების შედგენისას ბეს სახით მიიღო 60000 მანეთი. ლ. ქ.-მ ივალდებულა, რომ უზრუნველყოფდა ბინაში თ. ბ.-ის დაუყოვნებლივ ჩაწერას და ექვსი თვის განმავლობაში მის სახელზე ბინის გადაფორმებას, რის შემდეგ იგი მიიღებდა გარიგებით გათვალისწინებულ დანარჩენ თანხას _ 120000 მანეთს. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ასლის მიხედვით ბინა გაყიდულად ჩაითვლებოდა, როდესაც ლ. ქ.-ე ქ. თბილისში შეიძენდა ბინას.

1986 წელს თ. ბ.-ი ჩაეწერა აღნიშნულ ოროთახიან ბინაში. 1987წ. 20 დეკემბერს “ბ.-ის” სარეორგანიზაციო კომისიის გამგეობამ დააკმაყოფილა ლ. ქ.-ის თხოვნა მის სახელზე რიცხული ბინისა და საპაიო თანხის თ. ბ.-ზე გადაფორმების თაობაზე. ლ. ქ.-ს გასხვისებული ბინის ღირებულების ანგარიშში გადაეცა 110000 მანეთი და მიეცა წინადადება დაკავებული ფართის გამოთავისუფლებაზე. 1988წ. 29 აგვისტოს ხელწერილით ლ. ქ.-მ იკისრა ვალდებულება, რომ 1989წ. 1 სექტემბრამდე თ. ბ.-ისათვის გამოეთავისუფლებინა ბინა, რაც არ შეასრულა.

1993წ. თებერვალში თ. ბ.-მ სარჩელი შეიტანა ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოში ბინიდან ლ. ქ.-ის გამოსახლების შესახებ. საქმის განხილვის პროცესში გამოირკვა, რომ 1991 წელს ლ. ქ.-მ თ. ბ.-ის რძალს ე. კ.-ს დაუბრუნა 130000 მანეთი, დარჩენილი თანხა კი შეადგენდა 40000 მანეთს.

ლ. ქ.-ის განცხადების საფუძველზე საქმე აცილების წესით განსახილველად გადაეგზავნა სხვა სასამართლოს. ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1994წ. 20 მაისის გადაწყვეტილებით თ. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო სხდომაზე ლ. ქ.-მ განაცხადა, რომ მისი მარწმუნებელი თანახმა იყო, დაებრუნებინა თ. ბ.-ისათვის დარჩენილი თანხა ინფლაციის გათვალისწინებით.

1995წ. აპრილში ლ. ქ.-მ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს თ. ბ.-ის მიმართ ბინის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს ამ ბინაში არასოდეს უცხოვრია. თ. ბ.-ი თანახმა იყო ბინიდან ამოწერაზე, თუ მას ლ. ქ.-ე დაუბრუნებდა დარჩენილ თანხას 1987წ. კურსით. ლ. ქ.-მ თანხმობა განაცხადა ინფლაციის გაუთვალისწინებლად თანხის გადახდაზე.

1995წ. 28 ივნისის განჩინებით ლ. ქ.-ის სარჩელი დარჩა განუხილველი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

1996წ. ივნისსა და 1997წ. ივლისში სასამართლოში შეტანილი სასარჩელო განცხადებებით თ. ბ.-მ მოითხოვა ლ. ქ.-ისათვის დასაბრუნებელი თანხის დაკისრება 1986წ. ფულის კურსის გათვალისწინებით. ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996წ. 20 აგვისტოსა და 1997წ. 1 სექტემბრის განჩინებებით განცხადებები დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მხარეები არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომებზე.

1998წ. მარტში თ. ბ.-მ კვლავ მიმართა სარჩელით სასამართლოს ლ. ქ.-ისათვის 110373 ლარისა და 12 თეთრის დაკისრების შესახებ. ლ. ქ.-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ბეს, 60000 მანეთის ექვივალენტი ლარის თ. ბ.-ისათვის დაკისრება, ამ უკანასკნელის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობა და ბინიდან ამოწერა იმ საფუძვლით, რომ თ. ბ.-მ დაარღვია გარიგების პირობები და რომ მას ამ ბინაში არასოდეს უცხოვრია.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 6 აპრილის გადაწყვეტილებით როგორც ძირითადი, ასევე შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ლ. ქ.-ს მოსარჩელე თ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 25406 ლარის გადახდა. თ. ბ.-ი ცნობილ იქნა უფლებადაკარგულად ქ. თბილისში, ... მდებარე ბინაზე. იმ საფუძვლით, რომ მან არ შეასრულა თანხის სრულად გადახდის თაობაზე გარიგებით ნაკისრი ვალდებულება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ.-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი: რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა თანხის დაკისრების ნაწილში და თ. ბ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ბინის საფასურის სრულად გადაუხდელობით ვალდებულება დაარღვია თ.ბ.-მ, რის გამოც დაკმაყოფილდა ლ. ქ.-ის მოთხოვნა დარჩენილი თანხის ბეს ანგარიშში ჩათვლის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001წ. 7 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა თ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი: გაუქმდა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ თ. ბ.-ის მიერ ლ. ქ.-ისათვის გადაცემული თანხა ბედ არ შეიძლება ჩაითვალოს. ბეს სახით თანხის გადაცემა ხდება ნასყიდობის ხელშეკრულების დასადასტურებლად. მხარეებს შორის კი ასეთი ხელშეკრულება არ დადებულა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 6 აპრილის გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში და თ. ბ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო იმ საფუძვლით, რომ თ. ბ.-ს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1986წ. აგვისტოში, ხოლო სარჩელი აღძრა 1998 წელს.

სააპელაციო პალატის შემადგენლობიდან ერთი მოსამართლე (მომხსენებელი) დარჩა განსხვავებულ აზრზე.

თ. ბ.-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1986წ. 12 თებერვალს მხარეებს შორის დადებული შინაურული ხელშეკრულებით განისაზღვრა ქ.თბილისში, ... მდებარე კოოპერატივ “ბ.-ის” სახლში ლ. ქ.-ის სახელზე რიცხული ოროთახიანი ბინის თ. ბ.-ისათვის გადაცემის პირობები.

საკასაციო პალატამ 2001წ. 7 მარტის განჩინებაში მიუთითა, რომ კოოპერატიული ბინა არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნასყიდობის ხელშეკრულების ობიექტი, ხოლო შინაურული ხელშეკრულების გაფორმებისას თ. ბ.-ის მიერ ლ. ქ.-ისათვის გადაცემული 60000 მანეთი არ წარმოადგენდა ბეს. 110000 მანეთი ლ. ქ.-მ მიიღო მაშინ, როდესაც კოოპერატივმა “ბ.-მა” ლ.ქ.-ის განცხადების საფუძველზე ბინა და პაი გადააფორმა თ.ბ.-ზე.

ლ. ქ.-ე წლების განმავლობაში არიდებდა თავს თ. ბ.-ზე რიცხულ ბინის გამოთავისუფლებას. 1991 წელს ლ. ქ.-ს ე. კ.-ისათვის 130000 მანეთის დაბრუნებისას არ გაუხდია საეჭვოდ ის გარემოება, რომ ვალდებული იყო, გადაეხადა დარჩენილი 40000 მანეთიც. ამ თანხის დაბრუნებას იგი უკავშირდებდა ბინიდან თ. ბ.-ის ამოწერას. მხარეები ვერ თანხმდებოდნენ დასაბრუნებელი ფულის კურსზე.

არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თ.ბ.-ს 1986წ. აგვისტოში წარმოეშვა უფლება და რომ მას გაშვებული აქვს ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

სკ-ს 131-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. 1987წ. 29 დეკემბრიდან კოოპერატივ “ბ.-ში” სადავო ბინა და შესაბამისი საპაიო თანხა – 1600 მანეთი _ ირიცხებოდა თ. ბ.-ზე. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 6 აპრილის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც დაკმაყოფილდა ლ. ქ.-ის შეგებებული სარჩელი თ. ბ.-ის მიმართ სადავო ბინის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ, სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და იგი შესულია კანონიერ ძალაში. დარჩენილი თანხის ლ.ქ.-ისათვის დაკისრების მოთხოვნის უფლება თ. ბ.-ს წარმოეშვა მას შემდეგ, რაც იგი ცნობილ იქნა უფლებადაკარგულად ბინის ფართობზე.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 1999წ. 5 აგვისტოს ¹2-14/107 ცნობის თანახმად 1986 წელს 41600 მანეთი შეადგენდა 25400 ლარს. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

საქმის გარემოებები სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი. საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც სსკ-ს 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. თ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდეს ლ. ქ.-ისათვის თ. ბ.-ის სასარგებლოდ, 25406 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

თ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. მოპასუხე ლ. ქ.-ს თ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს 25406 ლარის გადახდა.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.