Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№750აპ-24 თბილისი

ბ-ი ი., 750აპ-24 10 ოქტომბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ი. ბ-ი, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) და თითოეული ეპიზოდისათვის მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და ი. ბ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 9 თვე – სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 3 ოქტომბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ბ-მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (4 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2023 წლის 10 აგვისტოს ქ. ბ-ში, -. --- №--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ი. ბ-ი ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – გ. ბ-ეს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2023 წლის 15 სექტემბერს ქ. ბ-ში, -. --- №--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ი. ბ-ი ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – გ. ბ-ეს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2023 წლის 27 სექტემბერს ქ. ბ-ში, -. --- №--ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ი. ბ-ი ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – გ. ბ-ეს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2023 წლის 3 ოქტომბერს ქ. ბ-ში, -. --- №--ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ი. ბ-ი, დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს – გ. ბ-ეს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ადვოკატი მ. ზ-ე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ი. ბ-ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ადვოკატ მ. ზ-ის შუამდგომლობა და მას აღუდგა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედებები, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობით ხელი შეუწყო

სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შერიგებულია დაზარალებულთან) გარემოებები, დანაშაულის რეციდივი და ი. ბ-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (რომლის ნახევარი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და სათანადო მუხლის სანქციის ფარგლებშია. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მოთხოვნიდან და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ი. ბ-ისათვის დანიშნული სასჯელი საკასაციო სასამართლოს კანონიერად და სამართლიანად მიაჩნია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე