Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-805-02 10 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ბ-შვილი მუშაობდა შპს კომერციულ ბანკ “მ.” ბანკის მმართველობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს 2000წ. 1 ნოემბრის დადგენილებით იგი გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან ადმინისტრაციის მხრიდან ნდობის დაკარგვის გამო.

გ. ბ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, რადგან სამეთვალყურეო საბჭოს 2000წ. 1 ნოემბრის ¹30 ოქმში არ არის ზუსტი ფორმულირება იმისა, თუ რის გამო იქნა მის მიმართ გამოყენებული ამგვარი მკაცრი დისციპლინური სასჯელი.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ სამეთვალყურეო საბჭოს არ უმსჯელია და დადგენილებაც არ მიუღია, ასევე, დადგენილი არ არის, ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელის ბრალეულ ქმედებას, რადგან მოპასუხეს ამის თაობაზე ახსნა-განმარტება არ ჩამორთმევია.

შპს კომერციულმა ბანკმა “მ.” რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 მარტის გადაწყვეტილებით. გაუქმდა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 15.2 მუხლზე, რომლის თანახმადაც სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კრების ოქმის შედგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ დაუშვებელია. რადგან სამეთვალყურეო კრების ოქმი ნაცვლად 2 თვისა გასაჩივრებულია 4 თვისა და 23 დღის შემდეგ, ამდენად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

გ. ბ-შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და თავის საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ მითითებულ სხდომაზე მიწვეული არ ყოფილა, და მოკლებული იყო საშუალებას სცოდნოდა, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმაოდ დაუსაბუთებელია, რის გამოც მოითხოვა მის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს კომერციული ბანკის “მ.” სამეთვალყურეო საბჭოს რომ 2000წ. 1 ნოემბრის დადგენილებით გ. ბ-შვილი გადაყენებულ იქნა მმართველობის თავმჯდომარის თანამდებობიდან საკითხის გარკვევამდე.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ მის მიერ არ არის გაშვებული სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, ვინაიდან “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 15.2 მუხლის თანახმად სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კრების ოქმის შედგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ დაუშვებელია. გ. ბ-შვილმა კი სარჩელი, ნაცვლად 2 თვისა, 4 თვისა და 23 დღის შემდეგ შეიტანა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომლითაც უარი ეთვქა გ. ბ-შვილს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, კანონიერია.

პალატა თვლის, რომ საქმის მასალების მიხედვით გ. ბ-შვილი არ არის სამუშაოდან განთავისუფლებული, ვინაიდან შპს კომერციული ბანკი “მერკურის” მიერ არ არის მიღებული სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც მისი დათხოვნის იურიდიული საფუძველი გახდებოდა.

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-40 მუხლის I ნაწილის მიხედვით მუშის ან მოსამსახურის სამუშაოდან (თანამდებობიდან) გადაყენება დასაშვებია მხოლოდ იმ ორგან.ბის წინადადებით, რომლებიც საამისოდ არიან უფლებამოსილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ამავე კოდექსის 135-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით კი დათხოვნა, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “თ” პუნქტის საფუძველზე გამოიყენება როგორც სასჯელი შრომის დისციპლინის დარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.

გ. ბ-შვილის სამუშაოდან დათხოვნის გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, მის მიმართ გამოყენებულ იქნა დროებითი ღონისძიება სამუშაოდან გადაყენების სახით.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ გაურკვევია, რის გამოც პალატა მოკლებულია საშუალებას, მიიღოს გადაწყვეტილება.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს გ. ბ-შვილის სამუშაოდან დათხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად გადაწყვიტოს, არსებობს თუ არა მისი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 მარტის გადაწყვეტილება გ. ბ-შვილის სარჩელის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.